26
Jul
2018

სპონტანური და უფასო ფსიქოკონსულტირება თბილისში – „სოკრატეს ტაქსი“, 29 წლის ვალერი ოთხოზორიას საველე სამუშაო

26 Jul 2018

29 წლის ვალერი ოთხოზორიას ტაქსისტობა ორი თვის წინ დაიწყო, როცა ფსიქოლოგის ბურჟუაზიული მოდელის წინააღმდეგ, გამოვიდა კაბინეტიდან და ქუჩაში, სპონტანურად დაიწყო „პაციენტების“ მიღება. „სულ იმას ველოდები, ვინ დამიქნევს ხელს და როცა მიქნევენ, ეს არის განუზომელი სიხარული“, – ამბობს ის. სიმბოლურია ვალერის ოთხდიპლომიანობა – სამართალმცოდნეობის ბაკალავრი, კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი, ფილოსოფიის მაგისტრი, კინო-ტელე რეჟისორი და ის აგრძელებს ინტელექტუალურ საქმიანობას. სერვისს „სოკრატეს ტაქსი“ დაარქვა, რომელსაც ერთდროულად აქვს ფსიქოლოგის საველე სამუშაოსა და მგზავრთა თერაპიის ფუნქცია. ფსიქოკონსულტირებაში თანხას არ ითხოვს, მგზავრთა უმეტესობას კი არ უმხელს პროფესიას, უბრალოდ, ესაუბრება და აღნიშნავს განწყობის იმ მნიშვნელოვან, პოზიტიურ ცვლილებას, რომელსაც მისი მანქანიდან მგზავრების გადასვლისას ამჩნევს. „სოკრატეს ტაქსი“ როგორც ცვლილების, ინიციაციის ადგილი და ფუნქციონირების 2 თვე, ვალერის კომპანიის შექმნაზეც აფიქრებს, სადაც ტაქსისტების სავარძლებს დაიკავებენ ფსიქოლოგები კაბინეტებიდან, თუ უნივერსიტეტებიდან.

ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როცა ვალერი და მისი მეგობარი მცხეთიდან თბილისში, ავტოსტოპით წამოვიდნენ. მძღოლსა და ვალერის შორის კი შემდეგი დიალოგი დაიწყო:
– რას საქმიანობ? (მძღოლი).
– კაი რა, რას ვსაქმიანობ და თავის მოსაკლავ გზას ვადგავარ.
– რა გჭირს, რატომ ხარ ეგრე?
– საშინელ დეპრესიაში ვარ (რაღაცა მოვიფიქრე არგუმენტად, რის გამოც შეიძლება მქონოდა დეპრესია).
– აუ კარგი რა, შენ რა დეპრესია უნდა გჭირდეს ამაზე, მე რომ პრობლემები მაქვს გადალახული ცხოვრებაში.. (და მოხსნა გუდას პირი და სანამ თბილისში არ შემოვედით საუბრობდა).

„ისე გადმოვედით მანქანიდან მე და მეგობარი, რომ რაღაც ჰაერში აწეულები ვიყავით, იოგას გურუებივით და ერთმანეთს ვეუბნებით, რომ ვაუ, რა მაგარი რაღაც მოხდა ჩვენ თავს ამ საღამოს. ამ დროს, მეგობარმა მითხრა, რომ მაგარი იდეა ჰქონდა – ტაქსი, რომელშიც ფსიქოლოგი იჯდებოდა და მსგავს მოტივაციას მისცემდა მგზავრებს. ვუთხარი, მე არ ვარ ფსიქოლოგი, მე გავაკეთებ-მეთქი, მითხრა, რომ ვერაფერსაც ვერ გავაკეთებდი, რადგან არაპრაქტიკული ვიყავი“.

ვალერის იდეის შესასრულებლად მინიმუმ მანქანა, მაქსიმუმ კი თავისუფალი დრო სჭირდებოდა. პრობლემა მოაგვარა. თბილისის ქუჩებში გამოჩნდა წითელი მერსედესი, რომელშიც ისმის კლასიკური მუსიკა და რომელშიც ზის ფსიქოლოგი მძღოლი სამუშაო მეთოდით – არამეთოდურობა:

ფსიქოლოგ-ტაქსისტი მომზადებული უნდა იყოს ფსიქოლოგიურად, როდესაც ამ პირობებში მუშაობს. ეს ხომ ძალიან სპონტანურია პროცესია. ყველაზე მნიშვნელოვანი და ხაზგასასმელი ამ პროცესში არის სპონტანობა, ჩართულობა სოციალურ ქსოვილში, მე აქედან არ გავდივარ, ქუჩის მოძრაობაში ვარ ჩართული. ეს იმდენად მოულოდნელია, იმდენად უნიკალურია ყველა ინდივიდი, მომენტები იმდენად არ ჰგავს ერთმანეთს, შენი მეთოდი სწორედ, მხოლოდ სპონტანური არამეთოდურობა შეიძლება იყოს“.

M: როგორ უკავშირებ სოკრატესა და ტაქსის ერთმანეთს? როგორ აქციე ეს შენი საქმიანობის სახელად?
სოკრატე სწორედ იმ ადამიანის მოდელია, რომლის საჯარო და პირადი ცხოვრება ტოტალურად გადაფარავს ერთმანეთს. სიზმარიც კი არ ექნებოდა პირადი, რომელიც მის ფილოსოფიასთან არ იყო დაკავშირებული. დაახლოებით, ასეთი პროცესი ხდება ჩემს ტაქსიშიც, აქ პირადი არაფერია. მივხვდი, რომ მგზავრების კომპლექსები, რეალურად, იყო კონტექსტები, სოციალური გარემოს გავლენით. რთულია გამიჯნო პირადი და არაპირადი, თანამედროვე სამყაროში. ეს ფსიქოანალიზი, რომელსაც მე ვაკეთებ მგზავრის გადაყვანისას, რეალურად, შიზოანალიზი და ერთგვარი ირიბი ანალიზია.

M: არის თუ არა საკმარისი თბილისში, ერთი ლოკაციიდან მეორემდე მისასვლელად საჭირო დრო ფსიქოანალიზისთვის და თერაპიისთვის?
ეს მცირე დრო საკმარისია არა იმდენად ფსიქოანალიზისთვის, რამდენადაც მგზავრთა კათარზისისთვის. ჩემი მანქანა არის ერთგვარი ინიციაციის ადგილი, საიდანაც ისინი შეცვლილები გადადიან. ზოგთან საჭიროა, რომ თქვა, ფსიქოლოგი ხარ, ზოგთან კი – არა.ზოგთან არც იწყება დიალოგი, უბრალოდ, მიმყავს იმ ადგილას, სადაც სჭირდება. არსებობს კატეგორია, რომელიც ფსიქოკონსულტირებას ვერ იღებს. ხან კი უბრალოდ, ადამიანურად ვსაუბრობთ ნებისმიერ აქტუალურ თემაზე, რაზე საუბარიც მგზავრისთვის მნიშვნელოვანია.

M: შეგვიძლია განვიხილოთ „სოკრატეს ტაქსის“ ორმხრივი ეფექტი: ფსიქოლოგის სოციალური, საველე სამუშაო და თერაპიული ფუნქცია მგზავრისათვის. უფრო კონკრეტულად, როგორ გამოიხატება ეს ორი მიმართულება, თვენახევრიანი ტაქსის მძღოლობის გამოცდილებაზე დაყრდნობით?
ეს არის კათარზისი. განწყობის ცვლილება. ცხადია, ამ ქვეყანაში ვცხოვრობ და კარგად ვგრძნობ ხალხის დათრგუნულობას. მაღალ სოციალურ ფენას არ მივეკუთვნები, დევნილი ვარ აფხაზეთიდან, ვცხოვრობ დევნილების კორპუსში და ყველანაირი ტრავმა ჩემთვის არის ახლო და ნაცნობი. შესაბამისად, არ უნდა მქონოდა გაკვირვების მომენტი, როცა ამ ხალხს უშუალოდ შევხვდებოდი. მაგრამ გაოგნებას მაინც ვერ ავცილდი, იმდენად დათრგუნული და დაეჭვებული პოპულაცია შემოდის ჩემს მანქანაში. ჩემი ტაქსიდან კი გადადიან სიხარულით, გეგონება რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ვაჩუქე, გადადიან მადლიერებით და რომ არა ეს მადლიერება, ვერ შევძლებდი ამ ფორმით მუშაობას.

მე კი, მუშაობის შემდეგ, სახლში რომ მივდივარ 2-3 საათი ვერ ვიძინებ, ვადარებ ამ პროცესს თევზაობას. როცა ქუჩაში დავდივარ, სულ იმას ველოდები, ვინ დამიქნევს ხელს და როცა მიქნევენ, ეს არის განუზომელი სიხარული. როცა თევზაობას ასრულებ და ხუჭავ თვალს, ეს თევზები გელანდება, ხედავ, როგორ მოძრაობენ ფსკერზე. ზოგიერთი ისეთი მგზავრი გამოერევა, რომ იმ გამოცდილებას სანამ არ გადახარშავს ტვინი, არ მეძინება, შემდეგ კი უბრალოდ, ვითიშები“.

ვალერს თავისუფალი გრაფიკი აქვს, „ვერ ვმუშაობ ყოველ დღე, იმიტომ რომ საკმაოდ დამღლელია. გარდა ამისა, ინტელექტუალურ საქმიანობას ვერ ვწყდები, დრამატურგიის მაგისტრანტი ვარ და პიესებს ვწერ“, – ამბობს ის და აღნიშნავს, რომ არ იცის, რამდენი ხანი შეძლებს თვითონ, ფსიქოლოგ-ტაქსისტად მუშაობას, არ იცის როდის „გადაიწვება“. ამასთან, ნებისმიერი ფსიქოლოგისთვის მსგავსი საველე სამუშაოს მნიშვნელობისა და საზოგადოებაში თერაპიულ, თუნდაც, განწყობის ცვლილებითი საჭიროების გათვალისწინებით, ფიქრობს ტაქსის კომპანიის შექმნას. კომპანიის, სადაც „სოკრატეს ტაქსის“ სახელის ქვეშ, სხვადასხვა კაბინეტიდან თუ უნივერსიტეტიდან გამოსული, დიპლომირებული ფსიქოლოგები გაერთიანდებიან. „ეს არ არის იმდენად კომერციული პროექტი, რამდენადაც სოციალური“, – აღნიშნავს ის.

რამდენიმე მიზეზი არსებობს, რის გამოც მინდა ტაქსის კომპანიის გაკეთება. პირველი: ფსიქოლოგი, განსაკუთრებით, კლინიკური ფსიქოლოგი აქედან მიიღებს კატასტროფულად მნიშვნელოვან ცოდნას, რომელსაც ვერ მიაღწევს კაბინეტსა და უნივერსიტეტში. სანამ ფსიქოლოგიის ინსტიტუტი არ გვაქვს, „სოკრატეს ტაქსი“ არის პატარა კლინიკა, სადაც მინდა, დავსვა ჩემნაირი ფსიქოლოგები. ბევრი მიმართულებით მდიდრდება აქ ადამიანი. ეს არ არის კვდომის ადგილი. გარდა ამისა, ვფიქრობ რეალითი შოუს ფორმატზეც, რომელსაც აგვისტოს განმავლობაში დავხვეწ“.

იმ შემთხვევაში, თუ ვალერი შექმნის კომპანიას, შეინარჩუნებს თუ არა „სოკრატეს ტაქსი“ ფსიქოლოგთან საუბრის მოულოდნელობისა და სპონტანურობის ეფექტს? ამბობს, რომ სერვისი შეიძლება განვითარდეს როგორც ტაქსის გამოძახების მიმართულებით, ასევე, შეინარჩუნოს მოულოდნელობის ეფექტი, ქუჩაში გაფანტვითა და სოციალურ ქსოვილში ჩართულობით. ერთი რამ კი არ იცვლება:

იმას ნუ ფიქრობ როგორი ტაქსისტი გჭირდება შენ, არამედ იფიქრე, როგორი შენ სჭირდები ტაქსისტს. ლაკანის დიდი სხვის პრინციპის მიხედვით, ვიდრე უცხო შენს სამყაროში არ ჩაერევა, არ იცი ვინ ხარ. როგორც კი სხვა ჩაერევა შენს სამყაროში, შენს ფსიქიკაში ჩნდება სიმბოლური ფუნქცია. მგზავრი ხვდება, რომ ვიღაც სხვა ვარ. ჰამლეტი იცის, ოტელო იცის, პრეზიდენტი და ძველი ბიჭი იცის, მაგრამ ჩემნაირი პერსონაჟი არ უნახავს. ისინი აქ რომ ჯდებიან, უბრალოდ, „გადიან“. პას არის ფრანგული სიტყვა და ნიშნავს გავდივარ. ასეთ ყოველდღიურობიდან გასვლას, ინიციაციის რიტუალს განიცდიან ისინი „სოკრატეს ტაქსიში“ და მანქანიდან შეცვლილები გადადიან“.

 

განხილვა