in

„სოციალური თერაპიის სახლი” – გარემოზე ზრუნვის სანიმუშო ისტორია

ორგანიზაცია „კავშირი ადამიანებისთვის, განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ (სოციალური თერაპიის სახლი)“ 1990 წლიდან ფუნქციონირებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ემსახურება. მისი „დღის ცენტრი” სხვადასხვა პროფილის მქონე სახელოსნოებს აერთიანებს, სადაც შშმ პირთა ფუნქციური უნარ-ჩვევების გამომუშავება და გაღრმავება ხდება, აგრეთვე, ცენტრი ზრუნავს მათ ინტეგრაციაზე სოციუმში. ბენეფიციარები ქმნიან ხელნაკეთ ნივთებს, აქსესუარებს, სურნელოვან სანთლებს და ა.შ. აქვე მუშაობს ინტელექტუალური განვითარების შეზღუდვის მქონე 55 ადამიანი.

ეს თერაპიის სახლი ყოველთვის იყო ორიენტირებული გარემოს დაცვაზე და ამას თავისი საქმიანობითაც გამოხატავდა. მაგალითად, ნარჩენი ქაღალდისგან იბეჭდებოდა ბლოკნოტები და მზადდებოდა ქაღალდის სანათები. ამიტომ, როცა არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-მა, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ნორვეგიის მხარდაჭერით, ტრენინგების სერია წამოიწყო სახელად „შევამციროთ პლასტმასით დაბინძურება”, სოციალური თერაპიის სახლი ერთ-ერთი იყო იმ პირველთაგან, ვინც ჩაერთო საქმეში.

პირველ ეტაპზე გუნდმა დაიწყო ანალიზი, თუ რამდენ პლასტმასას მოიხმარდნენ, რისი შემცირება ან სრულიად ამოღება იყო შესაძლებელი. მეორე ეტაპი უკვე იყო ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობა, რისთვისაც ჩატარდა ტრენინგები თანამშრომლებისთვის. ასე გადანაწილდა როლები, თუ რომელი სახელოსნო რა გარემოსდაცვით აქტივობაზე აიღებდა პასუხისმგებლობას.

საბოლოო ჯამში, პლასტმასა ჩანაცვლდა კერამიკითა და მინის ჭურჭლით, ხოლო, როცა პლასტმასის გამოყენება გარდაუვალია, ცდილობენ, რომ გამოიყენონ სახლიდან წამოღებული ბოთლები, მუყაოს ყუთები და სხვა. მოტივაციის გასაზრდელად, ნომინაციაც კი შეიქმნა „ყოჩაღი თანამშრომლები”. აღსანიშნავია, რომ პოლიეთილენის პარკების შესამცირებლად ორგანიზაციამ მრავალჯერადი, ნაჭრის ჩანთები შეკერა.

გარდა შიგნით განხორციელებული ოპერაციებისა, თერაპიის სახლი სხვებისთვისაც ატარებს შეხვედრებს, გასცემს ინფორმაციას ნარჩენების შემცირებასთან დაკავშირებით და აორგანიზებს ექსკურსიებს, რომლის დროსაც ასუფთავებენ გარემოს.

შედეგად, სოციალური თერაპიის სახლის ყოველდღიურობა უფრო ბიუჯეტურიც გახდა, რადგან ნაკლები ხარჯი მიდის პლასტმასისა და პოლიეთილენის შესყიდვაზე, აგრეთვე, გუნდი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით ეკიდება გარემოზე ზრუნვას და ამაყია იმით, რომ ცდილობს, საკუთარი წვლილი შეიტანოს მსოფლიო პრობლემის გადაჭრაში, რომელსაც პლანეტის დაბინძურება ჰქვია.

უყურეთ ვიდეოს და გაიგეთ მეტი სოციალური თერაპიის სახლის მონაწილეობის შესახებ.

„კრისტალის“ საკურორტო ზონამ EYOF BAKURIANI 2025-ს უმასპინძლა

„მწვანე საქმე” – შშმ პირები გარემოს დასაცავად