დიახ, აქ სწორედ ერთჯერადი ჭიქების პლასტმასის თავსახურზე არსებულ ამობურცულ ბურთებზე ვსაუბრობთ… როგორც აღმოჩნდა, ამ პატარა წერტილებს არსებობის საკუთარი მიზეზიც აქვს — მას შეუძლია ერთ მშვენიერ დღეს ფრთიანი დრონი ავარიისგან გადაარჩინოს…
ახლა კი გავიგოთ, რა ხდება რეალურად: პერდუს უნივერსიტეტის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ, შესაძლოა, დრონებზე მსგავსი ამობურცული წერტილების დამაგრება ფრთებზე ჰაერის წნევის მონიტორინგისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყოს. ეს უკანასკნელი კი სახიფათო პირობების სიგნალს დამატებით მონაცემთა სენსორებზე დაყრდნობის გარეშე გვაცნობებს.
ადამიანებისგან განსხვავებით, ავტონომიურ თვითმფრინავებს არ შეუძლია ინფორმაციის გაფილტვრა ან მისთვის პრიორიტეტის მინიჭება. ხოლო, თუ იგი სხვადასხვა სენსორიდან ერთდროულად მრავალ ინფორმაციას მიიღებს, ამან, შესაძლოა, კრიტიკული სიტუაციის დროს მას ფრენაში შეუშალოს ხელი. არსებული საკითხის გადაჭრაში კი სწორედ დრონის ფრთების ამობურცული წერტილებით დაფარვა შეიძლება დაგვეხმაროს. ამ გუმბათების შემობრუნებას მხოლოდ გარკვეული ძალა სჭირდება, რაც არსებულ უსაფრთხო ძალებს სენსორების გარეშეც კი გაფილტრავს.
ხოლო, თუ მდგომარეობა სახიფათო გახდება, ამ გუმბათების სპეციალურმა სერიამ, შესაძლოა, საკონტროლო სისტემას მიუთითოს, რომ წნევის პრობლემური ნიშნები ჩნდება ან მას უცხო ობიექტი უახლოვდება. მკვლევრების თანახმად, ეს მინიშნება ასოციაციური მეხსიერების კონცეფციას ეფუძნება — ადამიანები იმ დეტალებს იყენებენ, რომლებიც მთავარი ობიექტის იდენტიფიკაციას უკავშირდება. მაგალითად, შენობის მდებარეობის დავიწყების შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ იგი მისი ფასადის ფერით გაიხსენოთ.
ანალოგიურად, იმის გამო, რომ გუმბათების დამაგრება მხოლოდ მაღლა ან ქვემოთ არის შესაძლებელი, ეს ორი მდგომარეობა კონკრეტული შაბლონების შესაქმნელად ორობითი საზომის მსგავსად მოქმედებს, რომლითაც დრონი სხვადასხვა სიტუაციასთან დაკავშირებას „ბუფერული“ დროის საჭიროების გარეშე შეძლებს.
მომავალში კი გუნდი გეგმავს, გამოცადოს, თუ როგორი რეაგირება ექნება ამ გუმბათების დასამზადებლად გამოყენებულ მასალას გარემოზე. აქვე, იმედოვნებენ, რომ დრონების ფრთებზე ამობურცულ წერტილებს 3-5 წლის ვადაში იხილავენ.