in

სოფია ფარჯიანის პროექტი “ეკე-გალერეა” — თავისუფლება ხელოვანებისთვის!

გალერეა ქართველი მხატვრის, ნინო მოსეშვილის გამოფენით გაიხსნა


ალბათ, არაერთხელ გსმენიათ ფრაზა “ხელოვნება ხელოვნებისთვის”, რომელიც ერთგვარ მცნებას წარმოადგენს… თუმცა, სამწუხაროდ, ხშირად ვერ/არ გამოდის მისი დაცვა. დღეისათვის მიმდინარე მოვლენებს თუ გადავავლებთ თვალს, აშკარაა, რომ ამ მარადიულ სფეროშიც კი შეაღწია ფინანსურმა ასპექტმა და ყველაფერი ე. წ. “გაყიდვადობის” პრინციპს დაექვემდებარა. 

ამ ტენდენციის საპირისპიროდ, ესპანეთში მოღვაწე მხატვრის, სოფია ფარჯიანის ინიციატივით უნიკალური პროექტი “ეკე-გალერეა” შეიქმნა. ეს უკანასკნელი ერთგვარ მოძრავ, პოპ-აპ გალერეას წარმოადგენს, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის არტ სივრცეში ხელოვნების მოყვარულებს თანამედროვე  მხატვრების შემოქმედებას გააცნობს. შეიძლება ითქვას, იშლება საზღვრები, გალერეის ჩარჩოები, სივრცითი ჩაკეტილობა და ხელოვნება მეტ თავისუფლებას იძენს…

“როგორც წესი, ხელოვანებს სჭირდებათ სივრცე, რათა საზოგადოებამდე მიიტანონ საკუთარი შემოქმედება. დღეისათვის ამ სივრცის როლს ასრულებს გალერეა, მუზეუმი… მაგრამ ამ აქ მოხვედრას გარკვეული წინაპირობა სჭირდება — თუნდაც ის, რომ კონკრეტული არტისტის სახელი და ნამუშევრები კარგად იყიდებოდეს. ეს ერთგვარი შეკრული წრეა… ან იყიდები და მიგიღებენ, ან — არა” — აღნიშნავს სოფია ფარჯიანი. 

სწორედ ამ საკითხს უკავშირდება ზემოთ ხსენებული გალერეის შექმნაც. როგორც სოფია განმარტავს, მას და მის მეგობრებს ყოველთვის ჰქონდათ იდეა, შეექმნათ სივრცე, რომელიც დამოკიდებული არ იქნებოდა, მერკანტილურ, ფინანსურს საკითხებსა და გარკვეულ ინსტიტუციებზე. გამოეფინათ ნამდვილი ხელოვნება და არა ის, რაც “ტრენდულია”. დროთა განმავლობაში კი უფრო აშკარა გახდა, როგორი უნდა ყოფილიყო ეს საგამოფენო პროექტი.

“ჩამოყალიბდა კონცეფტი, როგორი უნდა ყოფილიყო საგამოფენო პროექტი, რომელიც არ შემოიფარგლება არც საგალერეო ფართებით და არც სტანდარტული გამოფენის სტილით. “ეკე-გალერეაში” ხელოვანებს შესაძლებლობა ეძლევათ, აბსოლუტურად თავისუფლად გამოიყენონ სივრცე — ისე, როგორც თავად ხედავენ და გრძნობენ”. მაგალითად, ნინო მოსეშვილს, ვისი შემოქმედებითაც გაიხსნა “ეკე-გალერეა”, არ უყვარს ჩარჩოების, ქვეჩარჩოების გამოყენება. შესაბამისად, თითოეული ნამუშევარი ჩარჩოების გარეშე განთავსდა, “სუფთა ხელოვნება” კიდია კედლებზე…

“არასდროს შემეძლო რაიმე კომპრომისზე წასვლა, თუნდაც საზოგადოების გემოვნებაზე მორგება… ერთადერთი ხაზი, რომელსაც მივყვები და გამოვხატავ, ჩემში არსებობს. ეკე-გალერეაში წარმოდგენილი გამოფენა, სახელწოდებით “Frequency” – სიხშირეები, ვიბრაცია, სწორედ იმ იდეას გამოხატავს, რომ აბსოლუტურად ყველაფერი თავისი ენერგიის მატარებელია. თუმცა ხშირად ამ ენერგიას გამოხატვის საშუალებას არ ვაძლევთ, რადგან ჩარჩოებში ვსვამთ და მთელი ჩვენი მატერიალური სამყარო ამ ჩარჩოებით ეწყობა… სწორედ ამიტომ არ მინდა ჩარჩოების გამოყენება და შემოქმედების მათში მოქცევა. მსურს, არაცნობიერი მედიტაციური მდგომარეობა სუფთად გამოვხატო”. 

ასევე, გალერეის სახელით რომში დაგეგმილი გამოფენა ძალიან დიდ შენობაში გაიმართება, რომელიც ადრე თვითმფრინავების სამშენებლო სამუშაოებს ემსახურებოდა. აქ გამოფენილ მხატვარს კი შესაძლებლობა ექნება, მთლიანი სივრცე ერთიან ხელოვნების ნიმუშად აქციოს. ბერლინშიც აბსოლუტურად განსხვავებულ სივრცეში იგეგმება გამოფენა. “მოკლედ რომ ვთქვათ, “ეკე-გალერეის” მთავარი იდეა არის თავისუფლება. ეს არის წამყვანი სიტყვა — თავისუფლება ხელოვანებისთვის. ხელოვანები ხელოვანებისთვის. ამ იდეის განსახორციელებლად, გარდა იმისა, რომ ყველა ქვეყანაში გვყავს ელჩი, რომელიც ამ გამოფენების ჩატარებას უზრუნველყოფს, საკუთარი სახსრებით ვეძებთ არტისტებს, ვიწვევთ და თავისუფალი სულის მქონე ხელოვანებს ვეხმარებით, რათა საზოგადოებას გააცნონ თავი”. 

აღსანიშნავია, რომ “ეკე-გალერეას” ვირტუალური სივრცეც ექნება, სადაც ყოველთვე გამოიფინება მოწვეული არტისტების ნამუშევრები. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია, რადგან დღეისათვის ონლაინ ცხოვრება მეტად აქტიური და აქტუალურია, ვიდრე ოდესმე.

გარდა ეკე-გალერეისა, საგულისხმოა სოფია ფარჯიანის კიდევ ერთი წარმატება… 21-24 ოქტომბერს, მადრიდში, თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული არტ ფეარი “Estampa 2021” გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა სოფია ფარჯიანმა გალერეა ალვარო ალკაზართან და მადოს გალერეასთან ერთად მიიღო. ევროპელი დამთვალიერებლის წინაშე მხატვარი 2 ნამუშევრით წარსდგა. Red is a red is a red is a red – რომელიც გერტრუდ სტაინის ფრაზის ინსპირაციით შეიქმნა, ხოლო მეორე ნამუშევარის სახელია “ლურჯი სინაპსისი”.

“საკუთარ თავს ყოველთვის ჯარისკაცად ვთვლიდი და თავისი დროზე გერტრუდ სტაინიც საკმაოდ რთულად მისაღები, საკუთარი დროის ჯარისკაცი იყო. მისი Rose is a rose is a rose is a rose ოთხჯერ გვაფიქრებს ერთი და იმავე თემაზე — ყოველ ჯერზე, გამეორების მომენტში სხვადასხვაგვარად ხედავ ვარდს. ჩემს ნამუშევარში, გარდა იმისა, რომ საყვარელი, ხეების თემა მაქვს გამოყენებული, გადავწყვიტე, წითელ ფერზე მემუშავა. მინდოდა, მნახველები ოთხჯერ დაფიქრებულიყვნენ ფერზე — ჩემთვის ეს ერთგვარი ფერზე მედიტაციაა” — ამბობს სოფია ფარჯიანი.

ავტორი ქეთია ბელქანია


Audi e-tron-ის მოგზაურობა საქართველოსკენ! – ეპიზოდი #4

მენეჯმენტის შესახებ არსებული 5 მითი და მათი განხილვა