ბოლოდროინდელ აკადემიურ კონფერენციაზე, სპეციალისტებმა შენიშნეს ნაცნობი უხერხულობა, რომელიც „რბილი უნარების”“ ხსენებას მოჰყვა. მონაწილეები გრძნობდნენ ტერმინის არასრულყოფილებას, თუმცა ვერც უკეთეს ალტერნატივაზე თანხმდებოდნენ. ზოგი მოიხსენიებდა, როგორც „ადამიანურ უნარებს“, სხვები „აუცილებელ უნარებს“ ან „ძალაუფლების უნარებს“, მაგრამ არცერთი ტერმინი არ აღმოჩნდა საკმარისად დამაჯერებელი.
ეს ტერმინოლოგიური გაუგებრობა ასახავს უფრო ღრმა პრობლემას ჩვენს საგანმანათლებლო სისტემაში – ტენდენციას, რომელიც ტექნიკურ „მყარ“ უნარებს უფრო მაღლა აყენებს, ვიდრე იმ რთულ, ადამიანურ შესაძლებლობებს, რომლებიც რეალურად განსაზღვრავენ გრძელვადიან პროფესიულ წარმატებას.
რა არის „რბილი უნარები“?
განვმარტოთ, რას მოიცავს „რბილი უნარები“:
- ხასიათის თვისებები: ცნობისმოყვარეობა, ემპათია, მედეგობა, პატიოსნება
- ქცევითი ჩვევები: პუნქტუალობა, პასუხისმგებლობა, აქტიური მოსმენა
- სწავლებადი უნარები: მოლაპარაკება, კრიტიკული აზროვნება, პრეზენტაცია
- კონტექსტური კომპეტენციები: კროსკულტურული კომუნიკაცია, დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობა
ბიზნეს ანალიტიკის სფეროში ტექნიკური გამართულობა მხოლოდ ერთი მხარეა. კარიერულ წინსვლას განაპირობებს არა მხოლოდ ის, თუ რომელი მოდელის გამოყენება იცის ადამიანმა, არამედ უნარი – აუხსნას ეს კლიენტს, მართოს გუნდი ზეწოლის ქვეშ, ადაპტირდეს ცვლილებებისას და გაუმკლავდეს კონფლიქტურ პრიორიტეტებს.
ტექნოლოგიური პარადოქსი
ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში „რბილი უნარები“ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. AI შეიძლება მონაცემების ანალიზი შეძლოს, მაგრამ ვერ გაუძღვება გუნდს მორალური კრიზისის დროს. მას შეუძლია პოლიტიკის შეჯამება, მაგრამ ვერ შექმნის კონსენსუსს იდეოლოგიურად დაპირისპირებულ მხარეებს შორის.
რაც უფრო ტექნიკური ხდება სამყარო, მით უფრო ფასეულია ადამიანური შესაძლებლობები. ეს პროგრესის პარადოქსია – სწორედ ის უნარები ხდება პრემიუმ ფასეულობა, რომლებსაც ხშირად უგულებელვყოფთ.
დროა გავაძლიეროთ „რბილი უნარები“
შესაძლოა გამოსავალი არა ტერმინის შეცვლაში, არამედ მის ახლებურ გააზრებაშია. „რბილი“ არა როგორც „ადვილი“ ან „მეორეხარისხოვანი“, არამედ როგორც „დახვეწილი“, „დეტალიზებული“ და „განსაკუთრებულად ადამიანური“.
არ არის მართებული, როცა სტუდენტებს ასწავლიან მაგალითად მხოლოდ კოდირებას, მაგრამ არა კომუნიკაციას, ან სულაც გამოთვლას, მაგრამ არა თანამშრომლობით უნარებს. ამით ზღუდავენ მათ პოტენციალს და ტექნიკურ და ადამიანურ განათლებას ცალ-ცალკე ნაწილებად ყოფენ.
მომავალი არ ეკუთვნის მათ, ვინც მხოლოდ ტექნიკური ამოცანების შესრულება იცის. ის ეკუთვნის ადამიანებს, რომლებიც შეძლებენ ადამიანური შესაძლებლობების სრული სპექტრის გამოყენებას ჩვენს ყველაზე რთულ გამოწვევებში.
დიახ, „რბილი“ უნარები შეიძლება ყველაზე რთული იყოს დასაუფლებლად, მაგრამ სწორედ ისინი განსაზღვრავენ ნამდვილ წარმატებას თანამედროვე სამყაროში.
წყარო: Fastcompany