in

ტერფის პროთეზის რევოლუციური დიზაინი შექმნეს

წარმოიდგინეთ, როგორ გადაადგილდებოდით ყოველდღიურად თქვენი ტერფები მოქნილი რომ არ იყოს… ეს იმ ადამიანების რეალობაა, რომელთაც კიდურები ამპუტირებული აქვთ და პროთეზს იყენებენ. თუმცა ეს უკანასკნელიც არ გამოირჩევა მოქნილობით. ხშირად ვერც არათანაბარ რელიეფს ეგუება და გადაადგილებას გამოწვევად აქცევს. 

თუმცა ამბობენ, რომ ამ ადამიანების რეალობას იტალიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული რევოლუციური დიზაინი შეცვლის. ისინი SoftFoot Pro-ს გვაცნობენ, ტერფის პროთეზის პროტოტიპს, რომელიც უზარმაზარ ნახტომს გვთავაზობს, ზოგადად, პროთეზირების დიზაინში, თუნდაც ადამიანის ტერფის სტრუქტურისა და მოძრაობების მიბაძვით. 

დღეს არსებული პროთეზებისგან განსხვავებით კი, რომლებშიც პრიორიტეტი სიმყარე, თუმცა მინიმალური მოქნილობაა, SoftFoot Pro-ს გენიალური დიზაინი აქვს და ადამიანის რეალური ტერფის მსგავს მოქნილობას გვთავაზობს. თანაც ბატარეებისა თუ სხვა დამხმარე მოწყობილობების გარეშე.

როგორც ვიგებთ, მსუბუქი, მაგრამ ამასთან, გამძლე ტიტანისა და ალუმინის შენადნობებისგანაა დამზადებული თაღი, რომელიც 5 პარალელურ ჯაჭვს უკავშირებს ერთმანეთს. აი, ამ უკანასკნელში კი გამძლე პლასტმასის ნაწილებს ვხვდებით, რომლებიც ცდილობს, მეტატარსალური და ფალანგის ძვლების ფუნქცია შეითავსოს. ხოლო მყესებისთვის მეტად მოქნილი მასალა აარჩიეს, რათა მას თითოეული ჯაჭვის შიგნით არსებული ელემენტი ერთმანეთთან დაეკავშირებინა. 

ალბათ, უკვე თავადაც ხვდებით, რომ SoftFoot Pro-ს ბრწყინვალება დეტალებშია. თითოეულ ჯაჭვში რკინის კაბელი გადის და პროთეზის ქუსლს უკავშირდება. ეს კაბელი პლანტარულ ფასციას ბაძავს — მარტივად რომ განვმარტოთ, ადამიანის ტერფში არსებულ ქსოვილს, რომელიც თითოეულ ნაბიჯზე ინახავს და ათავისუფლებს ენერგიას. ეს გენიალური დიზაინი კი SoftFoot Pro-ს საშუალებას აძლევს, ადამიანს ბუნებრივი ბიძგები მისცეს და არათანაბარი რელიეფიც დაძლიოს.

მეტი მოქნილობა კი პირდაპირ შეგვიძლია ვთარგმნოთ ბუნებრივი სიარულის უნარად, თანაც მხოლოდ 450 გრამს იწონის და 100 კილომდე ადამიანების მხარდაჭერა შეუძლია. შიდა ცდებიც წარმატებით მიმდინარეობს, ადამიანების გარდა, რობოტებზეც გატესტეს და ამაზე დაფუძნებით გვეუბნებიან, რომ SoftFoot Pro-ს დიზაინი ინდუსტრიაში რევოლუციას მოახდენს. 

როგორ განსხვავდება მოტივაციის ამაღლების მეთოდები თაობების მიხედვით?

ოჯახური ბიზნესიდან 80 ქვეყნის მაღაზიის თაროებამდე – Ahmad Tea