in

Solar Orbiter-მა მზის საუკეთესო სურათი გადაიღო

იგი უპრეცედენტო დეტალებსაც კი ასახავს

2022 წლის 7 მარტს, მაშინ, როცა კოსმოსური ხომალდი პირდაპირ დედამიწასა და მზეს შორის გადიოდა, მზის ორბიტერმა, ინსტრუმენტების EUI-სა და SPICE-ის დახმარებით, უმაღლესი ხარისხის მზის სრული სურათი გადაიღო. 

M2
M2

ექსტრემალური ულტრაიისფერი ინსტრუმენტით (EUI) გადაღებული სურათებიდან ერთ-ერთი მზის სრულ დისკსა და გარე ატმოსფეროს გვაჩვენებს. კორონალური გარემოს სპექტრული გამოსახულების (SPICE) ინსტრუმენტის მიერ გადაღებული სურათი კი ბოლო 50 წლის განმავლობაში მზის პირველ სრულ გამოსახულებას წარმოადგენს — საუკეთესოა მათ შორის, რაც აქამდე ულტრაიისფერი სინათლის ლიმან-ბეტა ტალღის სიგრძეზე გადაუღიათ.

EUI-ის მაღალი გარჩევადობის ტელესკოპს ახლო მანძილზე 25 ცალკეული სურათის გადაღება დასჭირდა, რათა მზის სრული სურათი მიეღო. ეს პროცესი კი 4 საათზე მეტხანს გრძელდებოდა, რადგან თითოეული სურათის გადაღებას, ტელესკოპის გადანაცვლების ჩათვლით, დაახლოებით, 10 წუთი სჭირდებოდა. EUI მზეს 17 ნანომეტრი ტალღის სიგრძეზე ელექტრომაგნიტური სპექტრის უკიდურეს ულტრაიისფერ რეგიონში ასახავდა. შედეგად კი მიღებული სურათის გარჩევადობა 4K-ს აღემატება და 83 მილიონზე მეტ პიქსელს მოიცავს. 

რაც შეეხება SPICE-ს, იგი მზის ატმოსფერომდე არსებული ფენების გამოსაკვლევად შეიქმნა — გადაკვეთის დროს მონაცემებს იწერდა და სურათების მსგავსად, მოზაიკის სახით აერთიანებდა. SPICE ამას ულტრაიისფერი სინათლის ტალღის სიგრძეზე დაკვირვებით ახერხებდა, რომელიც, თავის მხრივ, სხვადასხვა ატომიდან მოდიოდა. 

ხოლო თუ SPICE-ის სურათებს დააკვირდებით, იასამნისფერი წყალბადის აირის 10 000°C ტემპერატურას შეესაბამება, ლურჯი — ნახშირბადის 32 000°C-ს, მწვანე — ჟანგბადის 320 000°C, ყვითელი კი ნეონის 630 000°C-ს. მიღებული გამოსახულებები კი მკვლევრებს მზის ამოფრქვევაზე დაკვირვებას გაუადვილებს. მეტიც, ეს საშუალებას მისცემთ, შეისწავლონ ერთ-ერთი ყველაზე დამაბნეველი მოვლენა — როგორ იზრდება ტემპერატურა ატმოსფერული ფენების მეშვეობით.

მზის ორბიტერი ESA-სა და NASA-ს საერთაშორისო თანამშრომლობის კოსმოსური მისიაა და თუ მკვლევრებს დავუჯერებთ, ეს მხოლოდ დასაწყისია — მისიის დროს იგი მზეს კიდევ უფრო მიუახლოვდება და აქამდე შეუსწავლელ რეგიონებსაც დაათვალიერებს.

ტექსტილის რეალისტური „გულები” დავიწყებული ქალების მოსაგონებლად!

Viber საქართველოში შემოდის