in

Sole Georgia – ქალის, მამაკაცისა და ბავშვის თეთრეული საქართველოდან

Startauperi
Startauperi

სოლე ჯორჯია“ სამმა ბავშვობის მეგობარმა – ნინა ქოჩიაშვილმა, ვერო ამირაჯიბმა და მარიკა გეგეშიძემ, 2017 წლის მაისში შექმნა. სტარტაპის საბავშვო კოლექციას ოჯახის სხვა წევრების დაინტერესებაც მოჰყვა და დღეისათვის „სოლე“ ქალის, მამაკაცისა და ბავშვის აბრეშუმის, პირსახოცის, ვაფლის ხალათებსა და პიჟამოებს სთავაზობს მომხმარებელს. გარდა ამისა, მათ ახალ ხაზში წარმოდგენილი აქვთ საოჯახო პროდუქცია: საწოლის გადასაფარებლები, წინსაფრები, სამზარეულოს აქსესუარები. ასევე, შესაძლებელია მათ პროდუქციაზე მომხმარებლისათვის სასურველი წარწერის/ნახატის მოქარგვა. აღსანიშნავია, რომ ფუნქციონირების მცირე დროის მიუხედავად, ქართულ სტარტაპს აქვს შოურუმი და თავისი პროდუქცია, სოციალური ქსელების მეშვეობით, ერევანსა და მოსკოვშიც იყიდება. საინტერესოა, რა გზა განვლო „სოლემ“ და როგორია მისი განვითარების პერსპექტივა – ამ საკითხებზე მარკეტერი სტარტაპის თანადამფუძნებელს – ვერო ამირაჯიბს ესაუბრა: 

„სოლე ჯორჯიას“ შექმნის მიზეზი ის გახლდათ, რომ ყოველთვის გვინდოდა ერთობლივი საქმის წამოწყება და შევარჩიეთ ისეთი საქმიანობის სფერო და პროდუქტი, რაც ჩვენ თავად ძალიან მოგვწონდა და ქალაქში ადვილად ხელმისაწვდომი არ იყო“,- გვითხრა მან. 

M: რა გამოცდილება გქონდათ ბიზნესის კეთების მიმართულებით?
სამივეს ბიზნესის მიმართულებით გვაქვს განათლება მიღებული. მე პირადად, მანამდე სხვა სტარტაპიც მქონდა, საოჯახო ბიზნესი ახლაც მაქვს, რესტორნის სახით. ნინასაც დაუფუძნებია ადრე სტარტაპი, ხოლო მარიკა იტალიაში ცხოვრობს და ამ სფეროში მოღვაწეობს, ახლა აპირებს, რომ ჩვენი პროდუქცია გაიტანოს იტალიის ერთ-ერთ ქალაქში. მიუხედავად იმისა, რომ სამივეს, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, სხვადასხვა საქმიანობები გვაქვს, მაინც გვინდოდა საერთო საქმის კეთება, რაც ამავდროულად, მოგვცემდა საშუალებას, ერთად მეტი დრო გაგვეტარებინა.

M: სად იწარმოება Sole Georgia-ს პროდუქცია?
ქსოვილის გარდა, დანარჩენი ყველაფერი საქართველოში იწარმოება. ვთანამშრომლობთ ატელიესთან, რომელიც გვიქმნის პროდუქციას. ოფისსა და შოურუმში ატელიე არ გვაქვს, ჯერჯერობით.

M: როგორია „სოლეს“ განვითარების ისტორია? როგორ დაიმკვიდრეთ თავი ბაზარზე და რა საკომუნიკაციო სტრატეგია გქონდათ ამისათვის?
ვიყენებდით და ვიყენებთ სოციალური ქსელს, ჟურნალებს და ა.შ. ძირითადი დატვირთვით, მაინც Facebook და Instagram მუშაობს. სახელის შერქმევისას, გვინდოდა ხაზი გაგვესვა, რომ ეს ყველაფერი იყო ქართული და მაშინაც გვქონდა პროდუქციის იტალიაში გატანის იდეა. დღეისათვის, უკვე მოსკოვში ვაგზავნით და ერევანშიც. ყველაზე მოთხოვნადი, თავდაპირველად, აღმოჩნდა საბავშვო კოლექცია, რასაც მოჰყვა დანარჩენი ოჯახის წევრების მხრიდან დიდი დაინტერესება. ჩვენდა გასაკვირად, აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ქალები კი არ ზრუნავენ  მამაკაცებზე, არამედ  მამაკაცები თავად ირჩევენ სასურველ პიჟამოსა და ხალათებს. ასევე, დიდი გამოხმაურება მოჰყვა საქორწინო ხაზს.

M: რა სახითაა წარმოდგენილი „სოლე“ ერევანსა და მოსკოვში? როგორ უზრუნველყოფთ ამ ქალაქებში ქართული პროდუქციის რეალიზებას?
ამ ქალაქებში გვყავს წარმომადგენლები, რომლებიც იყენებენ რეალიზაციის იმავე ხერხს, რასაც ჩვენ საქართველოში. ასე რომ, სოციალური ქსელების დონეზე, ერევნისა და მოსკოვის ბაზრებზე გასულები ვართ.

M: რა გამოარჩევს „სოლე ჯორჯიას“ პროდუქციას?
ჩვენი პროდუქცია, პირველ რიგში, გამოირჩევა ხარისხით და მას უნიკალურს ხდის ფერების არჩევანი, სხვადასხვა კომბინაცია და ინდივიდუალიზმი, რაც გულისხმობს გრავირებას, მომხმარებლის სურვილის შესაბამისად. ფართო ასორტიმენტი იძლევა იმის საშუალებას, რომ ნებისმიერი მომხმარებლის სურვილსა და შესაძლებლობებს მოერგოს. ფერთა მრავალფეროვნება მომხმარებელს აძლევს იმის საშუალებას, შექმნას სასურველი მოდელის კომბინაცია. ჩვენი სასაჩუქრე შეფუთვა კი პროდუქციას მეტ მიმზიდველობას მატებს.

M: როგორია „სოლე ჯორჯიასთან“ დაკავშირებული თქვენი სამომავლო ხედვა? 
სტარტაპ სესხით მოგვეცა საშუალება, მომხმარებლისთვის შეგვექმნა მეტი კომფორტი და გაგვეკეთებინა შოურუმი, რომელიც ალ.ყაზბეგის 14-ში მდებარეობს. შემდეგ ეტაპზე, ვგეგმავთ გაფართოებასაც. ჯერჯერობით, ერთი საქარგავი აპარატი გვაქვს, ვაპირებთ აპარატების დამატებას და კორპორატიულ შეკვეთებზე ორიენტირებას. გარდა ამისა, როგორც უკვე აღვნიშნე, ვაპირებთ ჩვენი პროდუქციის გატანას იტალიაში.

 

რა არის ქოუჩინგი და რა სარგებლობა მოაქვს კერძო პირებისა და ორგანიზაციებისთვის?!

სახლის ფეხსაცმელი პარკინგის ფუნქციით – Nissan-ის უჩვეულო პროდუქტი