9
Dec
2019

განცალკევება, როგორც ყურადღების გაფანტვის საწინააღმდეგო ქმედება

9 Dec 2019

„ყოველთვის გახსოვდეს! შენი ფოკუსი განსაზღვრავს შენს რეალობას“.

pasha-statiebi
pasha-statiebi

უეჭველია, ტექნოლოგიურმა პროგრესმა ძალიან ბევრ სფეროზე პოზიტიური ზეგავლენა მოახდინა, თუმცა იმ ფაქტსაც ვერ გავექცევით, რომ ეს პროგრესი ელექტრონული შეტყობინებებისა თუ შეხვედრების უმოწყალოდ დინების წყაროც გახდა – ჩვენს დღევანდელ მოცემულობაში, ყურადღების გაფანტვას ძალიან რომ უწყობს ხელს.

2010 წელს, ერიკ შმიდტი, მოგვიანებით, „გუგლის“ CEO ამბობდა: „ორ დღეში, ჩვენ იმდენ ინფორმაციას ვქმნით, რამდენსაც ცივილიზაციის დასაწყისში – 2003 წლამდე პერიოდში ვქმნიდით. დროის უმეტეს ნაწილს ვხარჯავ იმაზე ფიქრში, რომ მსოფლიო იმ ტექნოლოგიური რევოლუციისთვის, რომელიც ძალიან მალე მოხდება, მზად არ არის“.

შეგვიძლია, თუ არა, ყოველდღიურად დავამუშაოთ ის ინფორმაცია თუ სტიმულები, რომელიც ჩვენამდე მოდის?

ლონდონის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ ჩვენი IQ 15-დან 5-ზე ეცემა მაშინ, როცა ერთდროულად, ბევრი საქმის შესრულებას ვცდილობთ. წიგნში „თქვენი ტვინი სამსახურში“ – დევიდ როკი ხსნის, რომ როცა ადამიანი ფოკუსირებას ორ მენტალურ დავალებაზე ცდილობს, შედეგი იმაზე 50%-ით უფრო დაბალია, ვიდრე ერთი ამოცანის გადაჭრაზე კონცენტრირებისას შეიძლებოდა, ყოფილიყო.

კვლევა, რომელსაც სტენფორდის უნივერსიტეტს პროფესორი, კლიფორდ ნასი უძღვება, ამტკიცებს, რომ დისტრაქცია ამცირებს ტვინის უნარს, გაფილტროს შეუსაბამობა მის სამუშაო მეხსიერებასთან.

არ არსებობს ვერცხლის ტყვია იმისთვის, რომელიც ერთი სროლით გადაჭრის კომპლექსურ პრობლემას. მაგრამ არსებობს დასაწყისი აქედან გამოსავლის საპოვნელად და მას განცალკევება ჰქვია. მსოფლიოს ხმაურისგან თავის დასაღწევად და კონცენტრირებულ მდგომარეობაში დასარჩენად დისციპლინის დაცვა აუცილებელია. რეი ქესლეჯი, კოლეგებთან ერთად, სივრცეში განცალკევებას განმარტავს, როგორც მდგომარეობას, რომლის დროსაც ადამიანს შესაძლებლობა აქვს, გონებით პირდაპირ პრობლემაზე გადაერთოს და ყურადღების გაფანტვის გარეშე, სამუშაო თემაზე ფოკუსირდეს.

დღევანდელ მსოფლიოში ფოკუსირების უნარი კონკურენტულ უპირატესობად მიიჩნევა. ქვემოთ გირჩევთ, როგორაა შესაძლებელი სამსახურში საქმეზე კონცენტრირება შევძლოთ:

განცალკევების პერიოდები განრიგში: ამ ინიციატივის შესრულება ვალდებულებად მოინიშნე. მარტო ყოფნის 15 წუთი ძალიან ეფექტურია. თუ მთელ სამუშაო დღეს შეხვედრებზე ჯდომასა და ელექტრონულ ფოსტაზე პასუხს სწირავ, უფრო რთული ხდება კომპლექსურ საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება, ამიტომ, განცალკევდი.

გააანალიზე, რა შემთხვევაში ხარჯავ დროს ყველაზე პროდუქტიულად. უმეტესობა ჩვენგანს, რიგ შემთხვევებში, არაფრისმომცემი შეხვედრების გაცდენა შეუძლია, თუმცა იმის გამო, რომ ჩვენს პრიორიტეტებში მკაცრად გარკვეულები არ ვართ, ვთანხმდებით, დრო ფუჭად ვკარგოთ ხოლმე და შემდეგ, უფრო მეტი დრო დაგვჭირდეს საჭირო საქმის შესასრულებლად.

ყურადღება სწორად გამოკვებე: სოციალურ მედიას, youtube-ს და სხვ. – ინტერნეტს აქვს ჩვენი ყურადღების გაფანტვის უსაზღვრო შესაძლებლობები. აქ გვიბიძგებენ, რომ გადავიდეთ ბმულიდან ბმულზე და ერთიდან მეორე სტატიაზე აღმოვჩნდეთ. აღიარება, რომ ინტერნეტს შეუძლია, შეგვიტყუოს და დრო უაზროდ დაგვაკარგვინოს, მოითხოვს ამაზე გამარჯვების სტრატეგიის შემუშავებას, რაც სამუშაო დროს, მარტივად, სოციალური ქსელების ანგარიშებიდან გამოსვლა და მსგავსი ვებსაიტების დაბლოკვა შეიძლება, იყოს.

აუცილებელი VS სასწრაფო საქმეები. როგორც წესი, ჩვენი დღის გეგმა გავსებულია ძალიან ბევრი ვალდებულებით და ხშირ შემთხვევაში, პრიორიტეტს ვანიჭებთ არა აუცილებელ, არამედ სასწრაფო დავალებებს. ნუ მისცემ სამუშაო ტემპს საშუალებას, რომ განვითარების შესაძლებლობა დაგაკარგვინოს.

რას ვშვრები განცალკევების დროს. განცალკევებისთვის განკუთვნილი დრო შეგიძლია, იმის გადასაწყვეტად გამოიყენო, რომელ შეხვედრას აღარ უნდა დაესწრო, რომელი ვალდებულება უნდა მოიშორო და რომელი მოპატიჟება უნდა გააუქმო ზრდილობიანად. ესაა ზუსტად ის, რის გაკეთებასაც უკვე ძალიან ბევრი წელია, Good to Great-ის ავტორი, ჯიმ კოლინსი გვირჩევს.

კომუნიკაციის მრავალფეროვანმა შესაძლებლობამ, ინფორმაციაზე შეუზღუდავმა წვდომამ შეძლო ის, რომ დღეს, ძალიან ძნელია ფოკუსირება. თუმცა, ამ რეალობის მიღმა სხვა სიმართლეც არსებობს – არაერთი შესაძლებლობა არსებობს ფოკუსის შესანარჩუნებლად. ჩვენ ადეკვატურად უნდა გავიაზროთ ფოკუსირების სარგებელი და პრიორიტეტად ვაქციოთ ის. პირველ რიგში, ჩვენივე თავებისთვის! შემდეგ კი იმ გუნდისთვის, რომელსაც ვუძღვებით.



განხილვა