in

„სოლომონე“- ქართული ღვინო, რომელიც ისტორიას და თანამედროვეობას აერთიანებს

სოლომონე“ ქართული სიტყვაა და ზემო – იმერული ჯიშებისგან დაწურულ ღვინოს ნიშნავს, რომელშიც გაერთიანებულია საუკუნოვანი ისტორია და თანამედროვეობა – ალბათ, ასეთი განმარტება ექნებოდა ღვინის ენციკლოპედიაში. მაგრამ იქ ვერ ამოიკითხავდით მის ნამდვილ ამბავს, დაახლოებით, ერთი საუკუნის წინ, იმერეთში რომ დაიწყო. „სოლომონემ“ დროში მოგზაურობისას ფრანგული იერიც შეიძინა, თუმცა, იმერული ფესვები არ დაუკარგავს. თანაც, ისე შეერწყა თანამედროვეობას, რომ დღეს, მის თეთრ და წითელ ღვინოებს მართლაც გამორჩეულ ადგილებში შეხვდებით. „სოლომონეს“ ამ ამბავს მის თანადამფუძნებელ დავით ჩაჩანიძესთან ერთად მოგიყვებით.

დავით ჩაჩანიძე: სოლომონ ლეჟავა ჩემი დიდი ბაბუა გახლდათ, რომელიც ჭიათურის, ახლა უკვე ისტორიული უბნის – ლეჟუბნის მკვიდრი იყო.  ჩემი მარანიც, დღეს, სწორედ ლეჟუბანში მდებარეობს. ზუსტად იმ ადგილზე, სადაც ჩემს დიდ ბაბუას მარანი და ვენახი ჰქონდა გაშენებული. გადმოცემის თანახმად, დიდ ბაბუა სოლომონსაც ის ჯიში მოჰყავდა, რომლის პოპულარიზაციასაც დღეს მე ვეწევი. „სოლომონე“ კი, ახალი ღვინოა, კარგი ღვინოს მოყვარულებისთვის, რომელიც უკვე შეგიძლიათ, ბოთლში ჩამოსხმული დააგემოვნოთ. ისტორიულ ფაქტები რომ არ დავივიწყოთ, მინდა აღვნიშნო, რომ 1970-იან წლებში მამაჩემმა, გულდა ჩაჩანიძემ გადაწყვიტა გაეცოცხლებინა ბაბუასეული ნამოსახლარი. მან სოლომონისეულ ტერიტორიაზე დაიწყო ახალი სახლის მშენებლობა; საძირკვლის მოწყობის პროცესში კი აღმოაჩინა 4 ქვევრი, რომლის წარმომავლობა არავინ იცოდა, მაგრამ ხანში შესული წინაპრების თქმით, თურმე ეს ქვევრები სოლომონის წინაპრებს ეკუთვნოდა, შესაბამისად, თითოეული მათგანი რამდენიმე საუკუნეს უნდა ითვლიდეს. აღმოჩენილი 4 ქვევრიდან, მხოლოდ 2 ქვევრის გადარჩენა შევძელით. დღეს ეს საუკუნოვანი ქვევრები ჩემს მარანშია მოთავსებული, არა როგორც ესკიზი, არამედ როგორც ფუნქციური ქვევრი, რომელშიც არაჩვეულებრივად ინახება ღვინო. ყოველივე ზემოთქმულმა განაპირობა ის, რომ ღვინის სახელის შერჩევის დროს „სოლომონი“, წამყვანი ფიგურა უნდა ყოფილიყო, რადგან სწორედ სოლომონის წამოწყებული საქმე გაგრძელებულიყო. ამასთანავე, რადგან ჩემი წარმოება მხოლოდ იმერულ ჯიშებს ეხება და მარანიც იმერეთშია, არ დამვიწყებია იმერეთის მეფე სოლომონიც და საერთოდ, ვფიქრობ, რომ სახელი „სოლომონის“ გაგონებისას ასოციაცია პირდაპირ იმერეთში მიდის, რაც იყო კიდეც ჩემი მიზანი.

მაგრამ ღვინოს „სოლომონე“ დაარქვით, რომელიც უფრო ფრანგულ სახელს ჰგავს. . . 

მხოლოდ ბრენდინგის ნაწილი არ არის ის, რომ ეტიკეტზე ამოიკითხავთ სიტყვას „სოლომონე“ და არა „სოლომონი“. (ფრანგული აქცენტით და ფრანგული დაბოლოებით). ამ ფაქტსაც რამდენიმე ახსნა აქვს. პირველი ის, რომ საფრანგეთი და ღვინო განუყოფელია ერთმანეთისგან და მინდოდა, ფრანგული გავლენა როგორც სახელწოდებაში, ასევე არომატებშიც უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც
შესამჩნევი ყოფილიყო. რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ დიდი ბაბუა სოლომონი ხშირად სტუმრობდა საფრანგეთს, რასაც მოწმობს საფრანგეთიდან საჩუქრად ჩამოტანილი ხმალი და სხვა ნივთები, რომელიც საპატიო ადგილს იკავებს ჩემს მარანში. სიტყვა რომ არ გამიგრძელდეს, „სოლომონე“ არის მხოლოდ ზემო – იმერული ჯიშებისგან დაწურული ღვინო, რომელშიც ერთდროულად, არის გაერთიანებული საუკუნოვანი ისტორია და თანამედროვეობა. „სოლომონეს“  ღვინოებია: ქვევრის, იმერული წესით დაყენებული „ციცქა-ცოლიკოური“ და ქვევრში დადუღებული და ავზში დავარგებული „ძელშავი“.

რატომ მხოლოდ ზემო-იმერული ჯიშები? 

ვფიქრობ, სათანადო ყურადღება არ  ექცევა იმერულ, განსაკუთრებით კი ზემო-იმერულ ჯიშებს.  იმერული კლიმატისთვის დამახასიათებელი ჯიშები, როგორიც არის „ძელშავი“, „რკო შავი“, „დონდღლაბი“, „კუნძა“ და ა.შ ნაკლებად არის დაფასებული, ბევრისთვის კი საერთოდ უცნობია, სამაგიეროდ, დიდი პოტენციალი აქვთ. მიმაჩნია, რომ ზემო იმერეთის ტერუარი განსაკუთრებულ თვისებას სძენს აბორიგენულ ჯიშებს და ზუსტად ამით არის ის საინტერესო, სხვა რეგიონისგან განსხვავებით, შედარებით ცივი კლიმატის დამსახურებით ღვინო გამოდის თხელი, მაგრამ დაბალანსებული სიმჟავით, ტანინებითა და არომატებით. გარდა ამისა, ზემო იმერეთში დავიბადე და გავიზარდე მინდა ისიც დავამტკიცო, რომ მანგანუმის წარმოების გარდა, შეიძლება ააწყო წარმოება, დაასაქმო ხალხი, შექმნა დოვლათი.

თქვენ დიდი გამოცდილება გაქვთ ჰესების რეაბილიტაციასა და ინფრასტრუქტურული პროექტების მართვაში. რამ გიბიძგათ, მეღვინე გამხდარიყავით?

მამაჩემი მეღვინე გახლდათ და სწორედ ამიტომ, მეც დიდ დროს ვატარებდი მასთან ქარხანაში; ბავშობიდან დაინტერესებული ვიყავი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების დამზადებით. ჯერ მამას ვეხმარებოდი, ყოველწლიურად, ღვინის დაყენებაში, შემდეგ კი, დამოუკიდებლად მომიხდა ამ ყველაფრის გაკეთება; კეთების პროცესში დამებადა სურვილი უფრო ღრმად შემესწავლა ღვინის მომზადების საფუძვლები და ტექნოლოგია. გავიარე ღვინის ტექნოლოგიის, მევენახეობა-მეღვინეობის და ღვინის დეგუსტაციის კურსები. გავემგზავრე რამდენიმე ღვინის საერთაშორისო ფესტივალზე, რამაც დიდი გამოცდილება შემძინა ახალი ტენდენციების და ღვინის მოყვარულების  (მომხმარებლის) სურვილების შესახებ. ამის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება, გამეშენებინა ვენახი და სახლის პირობებში, ღვინის მომზადებიდან გადავსულიყავი მცირე ქარხნულ წარმოებაზე – ჩამომესხა ღვინო ბოთლებში, რისთვისაც ყურძნის გადამამუშავებელი და ღვინის ჩამოსასხმელი დანადგარები შევიძინე. ახალი მარანი 40 000 ბოთლის წარმოებაზეა გათვლილი. პროექტების მართვის გამოცდილება ძალიან დამეხმარა ამ პროცესების ბოლომდე მიყვანაში. ჩვენი უახლოესი გეგმა სწორედ ეს არის: წარმოების 40 000 ბოთლამდე გაზრდა.

კიდევ რას უნდა ელოდოს მომხმარებელი „სოლომონესგან“? 

იგეგმება ღვინის დაძველება და რეზერვების შექმნა. ახალ სერვისებს რაც შეეხება – მსურს, სოლომონისეულ ტერიტორიაზე შევქმნა გემოვნებიანი სივრცე, რომელშიც განთავსებული იქნება ბუტიკი, თანამედროვე სტილის სასტუმრო, ექნება მკვეთრად გამოხატული იმერული კერძების სამზარეულო, სადემონსტრაციო ვენახი, სადაც სტუმარი შეძლებს მონაწილეობა მიიღოს ვენახის მოვლაში, რთველში, ასევე – დააგემოვნოს იმერული ჯიშებისგან დამზადებული ღვინო, მოინახულოს ჩემივე ეზოში მდებარე 22-მეტრიანი ჭა, რომელიც მე-16 საუკუნით თარიღდება, დაესწროს იმერული სამზარეულოს და სხვადასხვა ღვინოების მასტერკლასებს, მიიღოს ინფორმაცია ქალაქის ისტორიაზე და ა.შ ზოგადად, ჩემი მიზანია, ზემო იმერული იშვიათი ჯიშების პოპულარიზაცია და იმერული კულტურის წარმოჩენა.

სად შეიძლება „სოლომონეს“ შეძენა?

„სოლომონეს“ შეძენა უკვე შესაძლებელია შემდეგ ობიექტებსა და პლატფორმებზე: „8000 მოსავალი“, გასტრონომიული დუქანი „რიგი“, „Wine Not“, „Grape Wine & Kitchen”, „სულიკო“, „ქეთო და კოტე“, „ცისკარი“, „ზეღვინო“,  Vinoline.ge, Amelie.ge.

სოლიდარობა მეგზურებს – „გაიცანი შენი თბილისი“

„საქართველოს ბანკმა“ CSR-ის ახალი ვებგვერდი  და 100 გამორჩეული პასუხისმგებლობის პროექტი წარადგინა