in

ანტიკური, რიტუალური სასმლით შთაგონებული ქართული არტიზანული ჯინი „დედაენა ბარის” შემქმნელებისგან

სანსკრიტის ენაზე „სომა” ექსტრაქტს, შხეფს ნიშნავს. ინდურ გიტებში ის აღწერილია, როგორც რიტუალური სასმელი, რომელიც ფანტაზიასა და რეალობას, ფიზიკურ და ეთერულ სამყაროს შორის საზღვრებს შლის. როგორც ამბობენ, მისი ზემოქმედების ქვეშ შეიქმნა ჰინდუიზმი, ერთ-ერთი უძველესი რელიგიათა ჯგუფი. მისი დამზადების რეცეპტი საიდუმლო იყო და დროთა განმავლობაში დაიკარგა. ვიცით მხოლოდ ის, რომ მას მცენარეებით ამზადებდნენ. ძველი ინდოელები სომას სვამდნენ იმისთვის, რომ ეპოვათ ღმერთი, სინათლე და უკვდავება.

რამდენიმე თვის წინ ქართულ ბაზარზე არტიზანული წარმოების ადგილობრივი ჯინი – Soma Gin გამოჩნდა. მისი კონცეფცია სწორედ ანტიკურ რიტუალურ სასმელს უკავშირდება. ეს არის სასმელი, რომელიც სხვადასხვა მცენარის შერევით, სიმინდის ბაზაზე მზადდება და ახალ, განსხვავებული გემოს მქონე ჯინს გვთავაზობს, რომელიც ღირსეულ კონკურენციას უწევს ბაზარზე არსებულ სხვა, უცხოური ჯინის სახეობებს. სიმინდის ბაზის არჩევაც არაა შემთხვევითი, რადგან მწარმოებლებს სურთ, რომ პროდუქტი თავიდან ბოლომდე ადგილობრივი იყოს და მასალა, რომელსაც ჯინისთვის იყენებენ, საქართველოს მიწაზე იყოს მოყვანილი. ამასთან, სიმინდი გემოთა პალიტრასაც უფრო სასიამოვნოს, ბუნებრივად მოტკბოს ხდის.

სტარტაპის დამფუძნებლები გვიყვებიან, რომ სომა საქართველოში ხარისხიანი ჯინის წარმოების ერთ-ერთი პირველი მცდელობაა. ჯინს, როგორც სასმელს ბევრი ირჩევს, თუმცა ქართულ ბაზარზე ადგილობრივი ჯინის წარმოების დიდი რაოდენობა არ არის და სომას სურვილია, რომ არა უბრალოდ პროდუქტი აწარმოოს, არამედ, რაღაც კუთხით, ქართული ჯინის კულტურაც დაამკვიდროს.

„დედაენა ბარი” ის ადგილია, რომელიც უკვე რამდენიმე წელიწადია, ბევრი ქართველისთვის და არა მარტო, გამორჩეულად საყვარელი ლოკაციაა. დედაენის პარკში არსებული ეს ობიექტი ყოველდღე უამრავ სტუმარს მასპინძლობს და კარგად იცის, თუ რას ირჩევენ მომხმარებლები საქართველოში. მისი დამფუძნებელი, დათა ლაფაური, მეღვინეების ოჯახშია გაზრდილი და სასმლის წარმოებისადმი ინტერესი და ცოდნა, ფაქტობრივად, ბავშვობიდან მოსდევს. სწორედ მან შექმნა ახალი ბრენდი Soma Gin-იც, თავის მეგობარ, ბექა ტალახაძესთან ერთად.

პროდუქტი უკვე იყიდება როგორც თავად დედაენის ბარში, ისე სხვა მაღაზიებში, მათ შორის ონლაინ – veli.store-ზეც შეგიძლიათ მისი პოვნა. აქვე გეტყვით, რომ მიუხედავად მცირე „ასაკისა”, ბრენდმა უკვე შეძლო ქვეყნის საზღვრებს გარეთ გასვლა, კერძოდ, ავსტრალიის ბაზარზე, სადაც ჯერჯერობით 150 ბოთლი ჯინია გაგზავნილი.

Soma Gin-ის შექმნა, პირველ რიგში ჯინის სიყვარულს უკავშირდება. მეორე და მტკივნეული ფაქტორი ისაა, რომ წლების განმავლობაში “დედაენაში” მომხმარებელზე დაკვირვებამ და ზოგადად, მსოფლიოში ჯინზე მოთხოვნამ გაგვიჩინა სურვილი, რომ ისეთი ქართული ალტერნატივა შეგვეთავაზებინა მომხმარებლისთვის, რომელსაც ჩვენი ბარის მენიუშიც სიამოვნებით ჩავსვამდით და ღირსეულ კონკურენციას გაუწევდა იმპორტირებულ ძვირფას ჯინს. 

დაახლოებით ორი წლის განმავლობაში ვმუშაობდით, ვტესტავდით, ვსწავლობდით…მე ჩემი ოჯახის მეღვინეობიდან გამომდინარე, პატარა გამოცდილება მქონდა გამოხდებში. რაღაცები ონლაინაც ვისწავლეთ, ზოგი რამ საკუთარ შეცდომებზეც და ასე, გასული წლის აგვისტოში პირველი ბოთლი ჩამოვასხით“, – დათა ლაფაური, Soma Gin-ის თანადამფუძნებელი. 

თავად წარმოების პროცესზე დამფუძნებლები გვეუბნებიან, რომ მიუხედავად რიგი სირთულეებისა, რომლებიც ძირითადად ჩამოსხმა-გამოშვებასთან დაკავშირებულ ბიუროკრატიას უკავშირდება, პროდუქტის დამზადება ძალიან საინტერესო და სასიამოვნო პროცესია, რადგან თვითონ ჯინი ის სასმელია, რომელიც მაქსიმალურად ღიაა ექსპერიმენტებისთვის.

თუ სხვა სასმელებს შევადარებთ, მაგალითად, ვისკი, კონიაკი, ბრენდი და სხვა, ჯინის დამზადებისას უფრო მეტი თავისუფლება გაქვს, რადგან არ არსებობს მკაცრად გაწერილი პროტოკოლი, თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი ჯინი. ამ თვისებების გამო ის საშუალებას გვაძლევს, მეტი კრეატივი ჩავრთოთ და ექსპერიმენტებიც ჩავატაროთ. მისი მომზადების პროცესი რაღაც მხრივ მზარეულობასა და სახვით ხელოვნებას ჰგავს, სადაც სხვადასხვა მცენარის ნაზავით შეგიძლია მრავალფეროვანი გემოებით ითამაშო”, – დათა ლაფაური.

ახალბედა ქართულ პროდუქტს ბრენდინგი და შეფუთვაც იდეურად აქვს შეთავსებული. ბოთლის ეტიკეტი მინიმალისტური, თუმცა მარტივად აღსაქმელი და სადაა. მის დიზაინზე თაკო იდუკაშვილმა იმუშავა და მთავარი იდეა ისაა, რომ შეფუთვამ არ შექმნას წინასწარი განწყობა, მთელი კონცენტრაცია დეგუსტაციაზე მოხდეს და დეგუსტატორმა თავისი გემო აღმოაჩინოს.

„სიმარტივე მოდის იქიდან, რომ ჩვენი დიზაინით არაფრის თქმა არ გვინდა. ის უბრალოდ ინფორმაციულია, რომელსაც შეხედავ და წარმოდგენას გიქმნის, თუ რა პროდუქტს უყურებ. დანარჩენი სათქმელი გვსურს, რომ უშუალოდ პროდუქტმა გამოხატოს. ვფიქრობთ, რომ შეფუთვა არის უბრალო, ლამაზი და, რაც მთავარია, ჯინს უხდება ასეთი მინიმალიზმი”, – დათა ლაფაური.

ჯინის ქართულ ბრენდს, რა თქმა უნდა, სამომავლო გეგმებიც აქვს. უპირველეს ყოვლისა, იგეგმება ასორტიმენტის გაფართოება ღვინის ბაზაზე დამზადებული ჯინით, რომელიც მათი თქმით, ძალიან საინტერესო პროდუქტია და თავისი მომხმარებელი აუცილებლად ეყოლება. მისი რამდენიმე გამოშვება უკვე დატესტილია და დადებითი უკუკავშირი აქვს, ამიტომ მწარმოებლები ღვინის ჯინის, როგორც ცალკე ბრენდად ჩამოყალიბებაზეც ფიქრობენ. გარდა ამისა, სტარტაპი გუნდის გაფართოებასაც გეგმავს და გვეუბნება, რომ სამომავლოდ, შესაძლოა, პატარა ჯინის ბარიც ვიხილოთ, სადაც საინტერესო საღამოები, ვორკშოპები და შეხვედრები გაიმართება.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

Škoda Octavia და Fabia გამოკითხვების სათავეში!

Instagram ბრენდებისა და კრეატორებისთვის Broadcast Channels-ის ფუნქციას ტესტავს