ოდესმე თუ გიფიქრიათ გარდაცვლილ ადამიანებთან საუბარზე? არა, სამოთხეზე ნამდვილად არ გეკითხებით… ამის ნაცვლად, გიამბობთ სტარტაპის შესახებ, რომელიც ერთი შეხედვით წარმოუდგენელ პერსპექტივას რეალობად აქცევს. უფრო კონკრეტულად, ვირტუალური რეალობის ვიდეო თამაშების კომპანია Somnium Space-მა შექმნა მეტავერსის მსგავსი აპლიკაცია, რომელიც თქვენს გარდაცვლილ ნათესავებსა და მეგობრებთან შეგახვედრებთ.
რა თქმა უნდა, ეს შესაძლებლობა გარკვეულ თანხებთანაა დაკავშირებული. “Live Forever”-ის სახელწოდების მქონე რეჟიმი წელიწადში, დაახლოებით, 50 დოლარი ღირს. ადამიანები, რომლებიც კომპანიის VR სამყაროს ეწვევიან და ამ ფუნქციას გაააქტიურებენ, საკუთარი სხეულის ენას, მოძრაობებს, საუბარს და სხვა პიროვნულ თვისებებს Somnium-ის სერვერებზე შეინახავენ.
ხოლო ამ მომხმარებლების გარდაცვალების შემდეგ სხვები შეძლებენ სისტემაში შესვლას და მათთან „დაკავშირებას“. უფრო მეტად თუ დავაზუსტებთ, ამ პიროვნებათა AI ასლებს დაეკონტაქტებიან. „თუ მოკვდებით, ადამიანებს შეუძლიათ, შემოვიდნენ და თქვენს ავატარს ესაუბრონ. იხილონ თქვენი მოძრაობები და მოისმინონ ხმა. ალბათ პირველი ათი წუთის განმავლობაში წარმოუდგენელი იქნება იმის გაცნობიერება, რომ ეს სინამდვილეში ხელოვნური ინტელექტია. სწორედ ეს არის მიზანი“, — აცხადებს Somnium Space-ის დამფუძნებელი არტურ სიჩევი.
ცხადია, ინოვაციის ფონზე აქტიურად წამოიჭრა ეთიკური საკითხიც… რამდენად მისაღებია მიცვალებულის AI ასლის შექმნა? იქნებ, ამან მეტად გაამძაფროს დანაკარგთან შეგუების თანმხლები მენტალური პრობლემები. მეორე მხრივ, კაცობრიობა ყოველთვის ეძებს უკვდავებას — და ნაკლებ სავარაუდოა, რომ ეს სურვილიოდესმე განელდეს… თანაც, შესაძლოა, პიქსელებისგან და კოდისგან გენერირებული უკვდავება იმდენად საშიშიც არ იყოს, როგორც ერთი გაფიქრებით ჩანს.