ხელოვნური ინტელექტის განვითარების ტემპი საკმაოდ სწრაფია… ჩვენ უკვე ვიხილეთ, როგორ ამარცხებს AI ჭადრაკის, GO-სა თუ პოკერის პროფესიონალებს. ახლა კი Sony-ს მიერ შემუშავებული ალგორითმი ბევრ პროფესიონალ მრბოლელს უჩენს თავსატეხს.
როგორც კომპანია აცხადებს, მისმა მკვლევრებმა შექმნეს ზეადამიანური შესაძლებლობების AI მძღოლი, სახელად GT Sophy. მან Sony-ს საკულტო სარბოლო თამაშ Gran Turismo-ში ფაქტობრივად ყველა ლიდერი მრბოლელი დაამარცხა. შესაძლოა, ფიქრობდეთ, რომ ხელოვნური ინტელექტისთვის ეს ძალიან მარტივი დავალებაა — ის ხომ ყოველთვის უკეთეს სისწრაფესა და რეაქციის დროს გამოავლენს, ვიდრე ჩვენ. თუმცა ექსპერტები არ იზიარებენ ამ მოსაზრებას… მათი თქმით, ის რაც GT Sophy-მ შეძლო სერიოზული გარღვევაა, რადგან ის არამხოლოდ სწრაფია, არამედ ყოველთვის საუკეთესო ტაქტიკასა და სტრატეგიას ირჩევს.
“ხელოვნური ინტელექტისთვის პროფესიონალი მრბოლელების ერთ-ერთზე დამარცხება უდიდესი მიღწევაა. GT Sophy-ს წარმატება იმაზე მიუთითებს, რომ ნეირონული ქსელებს დროთა განმავლობაში უდიდესი როლი ექნება ავტონომიური მართვის ფუნქციების შექმნაში”, — წერს სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი კრისტიან გერდესი.
GT Sophy-ს განვითარებისთვის განმტკიცების გზით დასწავლის მეთოდს იყენებდნენ. ამ მიდგომით, AI-ს არანაირ ინსტრუქციას არ აძლევენ — ის გარემოს თვითონ შეისწავლის და დავალებების სწორად შესრულების შემთხვევაში, გარკვეულ ჯილდოს იღებს. ამ შემთხვევაში ჯილდოს მიღების ფუნქცია საკმაოდ სათუო და ფაქიზი აღმოჩნდა. მკვლევრების თქმით, ოქროს შუალედის პოვნა იყო საჭირო. მაგალითად, შეჯახებისას მიღებული ჯარიმებით Sophy-ს მართვის სტილი ისე უნდა ჩამოყალიბებულიყო, რომ მას რბოლების მოსაგებად საკმარისი აგრესია ჰქონოდა. ამავდროულად, AI-ს სხვა მრბოლელები არ უნდა დაეჩაგრა გზაზე.
საგულისხმოა, რომ GT Sophy-მ თითოეული ტრეკის ათვისება რამდენიმე საათში შეძლო, ხოლო 2 დღეში Gran Turismo-ს მრბოლელების 95%-ზე სწრაფი იყო. შემდეგ კი ალგორითმი სამ e-Sport მრბოლელს დაუპირისპირეს. სამივესთან დაპირისპირებაში GT Sophy აღმოჩნდა გამარჯვებული. ერთ-ერთი მრბოლელის, ემილი ჯონსის თქმით, მან ძალიან ბევრი რამ ისწავლა ხელოვნური ინტელექტისგან და ამ ხრიკებს აუცილებლად გამოიყენებს სამომავლოდ.













