19 მაისს Sony-მ წარადგინა ახალი WH-1000XX „ColleXion“ ყურსასმენები. კომპანიამ ტიზერში აღნიშნა, რომ მომხმარებლებს „ნამდვილი შედევრი“ ელოდებათ. მანამდე მსახიობ დემსონ იდრისის ფოტო გამოჩნდა, სადაც ის ახალ მოდელს ატარებს და უკვე ცნობილი იყო, რომ Sony პოპულარული WH-1000 სერიის უფრო პრემიუმ და ლუქსვერსიას ამზადებდა.
ახლა კი @onleaks-ისა და HotEUDeals-ის მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ თითქმის ყველა დეტალი გაამჟღავნა, მათ შორის დიზაინი, ტექნიკური მახასიათებლები და აქსესუარები.
ახალი ColleXion მოდელი ვიზუალურად უფრო დახვეწილად გამოიყურება, ვიდრე XM სერიის სხვა ყურსასმენები. დიზაინში გამოყენებულია მეტალის დეტალები და უფრო სქელი რბილი საფარი როგორც თავსაბურავზე, ისე ყურის ბალიშებზე. მოწყობილობა გამოვა ორ ფერში – თეთრსა და შავში, სადაც შავი ვერსია ქრომირებული მეტალის ნაცვლად შავი მეტალის აქცენტებით იქნება გაფორმებული.
ყურსასმენებთან ერთად მომხმარებელი მიიღებს 3.5 მმ აუდიოკაბელს და სპეციალურად შექმნილ ქეისს, რომელსაც ჩაშენებული სახელური და მაგნიტური საკეტი ექნება – კიდევ ერთი პრემიუმდეტალი დიზაინში.
დიზაინის სხვა სიახლეებს შორისაა განახლებული ღილაკები და მიკროფონის გრილები. ტექნიკური თვალსაზრისით კი Sony გვპირდება:
- 24 საათამდე მუშაობას ხმაურის ჩახშობით (ANC)
- ექვსმიკროფონიან AI beamforming სისტემას
- ადაპტურ ხმაურის ჩახშობის ოპტიმიზაციას
- „სტუდიური ხარისხის“ აუდიოს
Sony ColleXion-ის ფასი 649 დოლარი იქნება, რაც დაახლოებით 200 დოლარით მეტია კომპანიის ამჟამინდელ ფლაგმანურ მოდელზე, WH-1000XM6-ზე. მიუხედავად მაღალი ფასისა, ახალი მოდელი შეიძლება საინტერესო არჩევანი გახდეს მათთვის, ვინც პრემიუმ აუდიობრენდებს განიხილავს.













