in ,

რას გადმოსცემენ პოსტერები, რომლებიც Sony Music Solutions-მა, ქართული ღვინის თემაზე შექმნა

ქართული ღვინის ისტორიისადმი მიძღვნილი რიგით მეორე ექსპოზიცია, ბორდოს შემდეგ, ტოკიოში 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. გამოფენა 7 მაისს დასრულდა. ღონისძიების მიმდინარეობისას კი პროექტის ერთ-ერთმა პარტნიორმა – Sony Music Solutions-მა ამ თემატიკაზე პოსტერების სერია, საკუთარი ინიციატივით შექმნა. როგორ მიიღო Sony Music Solutions-მა ქართული ღვინის თემაზე პოსტერების შექმნის გადაწყვეტილება?

მარიამ მეტრეველი

„ჩვენ პარტნიორ მხარესთან მუშაობა გამოფენის გახსნამდე, 2 წლით ადრე დავიწყეთ. ისინი დაინტერესდნენ ქართული ღვინის ისტორიით, რის შემდეგაც, კომპანიის – Sony Music Solutions ოფიციალური წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ საქართველოში, სტუმრობდნენ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, განსაკუთრებული დაინტერესება გამოხატეს უძველესი არტეფაქტების მიმართ, დაათვალიერეს მევენახეობა-მეღვინეობის რეგიონები, გაეცნენ „ქართული სუფრის“ უნიკალურ ტრადიციას, აღმოაჩინეს ვაზის გამოსახულება ხუროთმოძღვრულ ძეგლებზე, დეტალურად შეისწავლეს არქეოლოგიური ნიუანსები. ამის შემდგომ, როდესაც მოლაპარაკებები დავიწყეთ ბრენდ-ვიზუალების შექმნაზე, მათ ინიციატივა გამოხატეს, რომ თავად შემოეთავაზებინათ თავიანთი ვერსია, რომელშიც გადმოცემული იქნებოდა ის შთაბეჭდილებები, რომლებიც საქართველოს შესახებ შეექმნათ, ამ მოკლე პერიოდში. ჩვენი ჩართულობა იყო ინფორმაციულ ნაწილში, მაგრამ დიზაინის მიმართულებით ყველაფერი შეასრულა Sony  Music Solutions-მა და წარმოადგინეს 3 განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე პოსტერი“, – გვიყვება მარიამ მეტრეველი, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველი მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში. 

Sony Music Solutions-მა ქართული ღვინის თემატიკაზე სამი პოსტერი შექმნა. თითოეული მათგანი განსხვავებული შინაარსისა და გზავნილის მატარებელია. 

პირველი და პროექტის მთავარი ვიზუალი „თანამედროვე სასმისი და აფეთქებული ქვევრში“ სიმბოლურად გადმოსცემს ღვინის დაყენების 8000 წლიან უწყვეტ ტრადიციას. აფეთქებული ქვევრი დათარიღებულია ძვ.წ. IV-III საუკუნეებით და აღმოჩენილია ქართლში მარნის (წმინდა ღვინის დარბაზის) ნაშთებში, რომელიც იმ დროს თაყვანისცემის დიდი ცენტრის ნაწილი იყო, შესაბამისად ვიზუალი გადმოსცემს ჩვენი ქვეყნის უძველესსა და უმდიდრეს ისტორიას, თუ როგორი მნიშვნელობის მქონეა ქართველისთვის ღვინო და ვაზი და შესაბამისად, აჟღერებს მესიჯს, რომ „საქართველო ღვინის სამშობლოა“.

M: რაც შეეხება მეორე პოსტერს…
მეორე პოსტერი  ბრინჯაოს ქანდაკება ყანწით ხელში – „თამადა“ ვაზის ფონზე ასახავს ვაზის კულტურის საკრალურ  მნიშვნელობას საქართველოში, ჩვენი განსაკუთრებული სიყვარული ვაზის მიმართ გამოხატულია ქართულ კულტურაში, არქიტექტურაში, მხატვრობაში, პოეზიასა და ხელოვნების სხვა დარგებში. სწორედ ეს ვიზუალი გახდა ინსპირაცია ვაზის ინსტალაციისა, რომელიც პროექტის ფარგლებში შეიქმნა და განთავსდა საგამოფენო სივრცეში. ნამუშევარი გაფორმებული იყო ვაზის ფოთლებითა და ბროლის მტევნებით – ყურძნის მტევნის ანალოგი.

M: მესამე პოსტერზე საქართველოს დროშის გამოსახულებასა და ღვინით სავსე ჭიქებს ვხედავთ. კონკრეტულად, რა გადმოსცა ამ ვიზუალით Sony Music Solutions-მა?
ღვინის ჭიქებით შექმნილი საქართველოს დროშა  წარმოაჩენს ქართული სუფრის ტრადიციას, მოგეხსენებათ, რომ ქართული ღვინო და ქართული გასტრონომია ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული, რადგან ეს ორი უნიკალური კულტურა ერთმანეთს ავსებს, ჩვენი მიზანიც სწორედ ეს იყო, რომ თითოეული დაინტერესებული პირისთვის გვეჩვენებინა, როგორი მასპინძლები არიან ქართველები. აღნიშნული პოსტერი მიეძღვნა  „ქართული სუფრის“ რამდენიმე მასტერკლასს, რომელიც ტოკიოში, პროექტის „საქართველო -ღვინის სამშობლო“ მიმდინარეობისას გაიმართა.M: თუ შეგიძლიათ გვესაუბროთ ტოკიოში გამართული ორთვიანი გამოფენის შედეგებზე? ამასთან, როგორ იყო გამოყენებული ეს ვიზუალები გამოფენის მიმდინარეობისას?
ეს ყველაფერი, პირველ რიგში, მიმართულია ჩვენი ქვეყნის, როგორც „ღვინის სამშობლოს“ პოზიციონირებისკენ, ქართული ღვინის შესახებ ცნობადობის გაზრდისკენ და ამ მიზანს ჩვენ ნამდვილად მივაღწიეთ. პროექტის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც 80-მდე იაპონური მედია-გამოცემა გამოეხმაურა, მათ შორის ისეთი ტელევიზიები, როგორიცაა NHK, TBS და ა.შ. რაც შეეხება პოსტერებს, ისინი გამოფენილი იყო ტოკიოს  5 მეტროსადგურში, სადაც დღის განმავლობაში 770 ათასი ადამიანი გადაადგილდება. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო გაგვეცნო იაპონელი ხალხისთვის ქართული მევენახეობისა და ღვინის დაყენების ისტორია, რომ კასპიისა და შავ ზღვას შორის არსებობს უნიკალური ისტორიის მქონე ქვეყანა, სადაც ღვინის დაყენების უწყვეტი, 8000 წლიანი ისტორია აქვთ. ასეთი მასშტაბური ღონისძიებები ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის,  თავისთავად ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ექსპორტის ზრდას იაპონიისა და აზიის ბაზარზე, გაზრდის საქართველოს ტურისტულ და საინვესტიციო პოტენციალს და გარდა ამისა, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მიზანია რომ მოახდინოს ქართული ღვინის ბაზრის დივერსიფიკაცია.

[R]

ვისი ქუჩისა ხარ?! – თბილისში “მკითხე მოამბეები” გამოჩნდნენ

„სამსუნგის“ Trade-In აქცია – ახალი Galaxy S10 შენი „სმარტფონის“ ნაცვლად