16
Jul
2019

Sony-ს პატენტი: კონტაქტური ლინზები ფოტო და ვიდეოგადაღების ფუნქციით

16 Jul 2019

Alta
Alta


უდავოა, რომ დროთა განმავლობაში ტექნოლოგიური პროდუქტები სულ უფრო მცირე ზომისები ხდებიან. ნანოტექნოლოგიის მეშვეობით კი, კონტაქტური ლინზები, სულ მალე, ახალ ფუნქციებს შეითავსებს. ამ მიმართულებით, ტექნოლოგიურ გიგანტ – Sony-ს უკვე აქვს პატენტი – ჭკვიანი კონტაქტური ლინზები, რომელთა დახმარებითაც ადამიანები ფოტო-ვიდეოგადაღებას, თვალის დახამხამებაში შეძლებენ. გადაღებული ფაილები კი ლინზაზე განთავსებულ მეხსიერების ბარათზე შეინახება. მაღალტექნოლოგიურ ლინზებს ექნება აუტოფოკუსისა და მოახლოების (Zoom) ფუნქციაც.

ამ მიმართულებით მხოლოდ „სონი“ როდი ფიქრობს. მაღალტექნოლოგიური კონტაქტური ლინზების დამზადებაზე ფიქრობენ ისეთი ტექნოლოგიური გინანტებიც, როგორიცაა Samsung და Google. გარდა ფოტო-ვიდეოგადაღების ფუნქციისა, ისინი ამ გზით, გეიმერებისთვის ახალი შესაძლებლობის მიცემასაც გეგმავენ. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ მაღალტექნოლოგიურ პროდუქტს უახლოეს მომავალში ვიხილავთ.

ქვემოთ მოცემული დიაგრამის სახით, შეგვიძლია დეტალურად ვნახოთ, თუ რა ნაწილებისგან იქნება შემდგარი მაღალტექნოლოგიური კონტაქტური ლინზა. ლინზას ერთი, შუა ნაწილი ფოტოს გადაღებაზეა პასუხისმგებელი. მის ზედაპირზე დატანილია საკონტროლო ნაწილი, გადამცემი, სენსორები და მეხსიერების ბარათი. ლინზას სენსორული ნაწილები თვალის ხამხამზე რეაგირებისთვისაა შექმნილი. ისინი გაარჩევენ ერთმანეთისგან თვალის ხამხამს ფოტოს გადაღების მიზნით და თვალის ხამხამს, რომელიც უნებურად, რეფლექსურად ხდება.

დიაგრამის წყარო C|Net

როგორც სონის პატენტში ვკითხულობთ, ხამხამი, რომელიც 0.2-დან 0.4 წამამდე გრძელდება, ლინზას სენსორის მიერ, რეფლექსურადაა აღქმული, ხოლო თვალის დახამხამება, რომელიც 0.5 წამზე მეტხანს გაგრძელდება, ფოტოს/ვიდეოს გადაღების წინაპირობა იქნება. ყურადღება ეთმობა, ასევე, ლინზას დამუხტვის მხარესაც. მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, მსგავსი ტექნოლოგიური პროდუქტისთვის უკაბელო დამუხტვის გზა შეიმუშავეს. შესაძლოა, ეს იყოს სმარტფონებისა თუ კომპიუტერებისგან ენერგიის აღება, რადიოტალღების სახით, სხვა მხრივ კი, ელექტრომაგნიტური ინდუქციის, ან ელექტრომაგნიტური რეზონანსის გამოყენებითაც.

სანამ მსგავსი მაღალტექნოლოგიური პროდუქტის ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოცდის შანსს დაველოდებით, ანუ იმის შესაძლებლობას, რომ თვალის ერთ დახამხამებაში აღვბეჭდოთ სამყარო, მეცნიერები მას მრავალმხრივად შეისწავლიან. შესწავლისა და გამოცდის პროცესში კი, ალბათ, ლინზას ფუნქციებსა და დიზაინში გარკვეული ცვლილებები შევა.

განხილვა