in

Sony-მ შშმ პირებისთვის PlayStation-ის კონტროლერი შექმნა

ვიდეო თამაშებით გართობა დიდი ხნის განმავლობაში წარმოადგენდა გამოწვევას სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანებისთვის, ძირითადად კი იმიტომ, რომ სტანდარტული PlayStation, Xbox თუ Nintendo კონტროლერები შეზღუდული მობილობის მქონე ადამიანებზე არ არის გათვლილი. აქ კი საქმე გეიმერობის სურვილზე მეტად, სოციალური იზოლაციის გამწვავებაშია… სწორედ ამიტომ, სათამაშო ინდუსტრია უკვე მრავალ ნაბიჯს დგამს არსებულ პრობლემასთან გასამკლავებლად, მათ კი ახლა ახალი კონტროლერით Sony-ც შეუერთდა.

დაზიანების მიღებამდე სპორტით ვიყავი დაკავებული, ვთამაშობდი ფეხბურთს სკოლაში, ვწევდი სიმძიმეებს და მრავალი სხვა. მართალია, რაღაც მხრივ ჯერ კიდევ შემიძლია ვარჯიში, მაგრამ მაინც ბევრი ფიზიკური რამ არის ისეთი, რასაც ვეღარ ვაკეთებ. აი, როცა ვიდეო თამაშებს ვთამაშობ მახსენდება, რომ კვლავ ადამიანი ვარ, — ამბობს 30 წლის სეზარ ფლორესი, რომელიც ავტოავარიის შემდეგ ეტლით მოსარგებლე გახდა.

საუბარია Access-ის მრგვალ მოწყობილობაზე, რომელიც ნებისმიერ ადგილზე, ნებისმიერი ფორმით შეგიძლიათ მოათავსოთ ზუსტად იმის გათვალისწინებით, რაც მომხმარებელს სჭირდება, იქნება ეს ღილაკების გადანაწილება თუ ორი კონტროლერის დაწყვილება ისე, რომ როგორც ერთი გამოიყენოთ. ეს უკანასკნელი კი ის არის, რასაც პოლ ლეინი დიდ რეკომენდაციას უწევს — პირს, ლოყას და ნიკაპს იყენებს კონტროლერის ღილაკების სამართავად, რადგან ბოლო 23 წელია ავტოავარიის შემდეგ მას თითების გამოყენება არ შეუძლია… 

Sony 2018 წლიდან მუშაობდა ლეინთან და სხვა სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანებთან ერთად, რათა Access-ის კონტროლერს მათი საჭიროებებისთვის სრულად ეპასუხა. მიზანი რაღაც კონკრეტულზე ფოკუსირება კი არა, საჭიროებათა ფართო სპექტრზე ყურადღების გამახვილება იყო. PlayStation-ის ტექნიკური პროგრამის უფროსი მენეჯერის ელვინ დანიელის თქმით, მოწყობილობა სამი პრინციპის გათვალისწინებითაა შექმნილი, რათა ის, რაც შეიძლებოდა მეტ ადამიანს გამოეყენებინა. 

პირველი — მოთამაშეს კონტროლერის დაჭერა არ უნდა დასჭირვებოდა მის გამოსაყენებლად, ანუ მარტივად თავსებადი უნდა ყოფილიყო მაგიდასთან, ეტლის სახელურთან და ა. შ. ამასთან, უნდა ყოფილიყო იმდენად გამძლე, რომ ეტლის გადავლისთვისაც გაეძლო.

მეორე — აქ ღილაკების გამოყენება სტანდარტულ კონტროლერზე უფრო მარტივი უნდა ყოფილიყო. ეს არის ნაკრები, შესაბამისად, სხვადასხვა ზომის, ფორმისა და ტექსტურის ღილაკები აქვს ისე, რომ მომხმარებლებმა თავიანთ საჭიროებებზე მოირგონ. მესამე კი ცერა თითებისთვის განკუთვნილი ღილაკია, რომელიც კვლავ ინდივიდის საჭიროებებს ერგება. მეტიც, იმის გამო, რომ Access-ის კონტროლერები ნაკლებ სისწრაფესა და ძალისხმევას მოითხოვს, იგი ასაკოვანი მოთამაშეებისთვის, რომელთაც ართრიტი ან სხვა დაავადებები აწუხებს, მეტად გამოსადეგი შეიძლება დარჩეს.

ბოლოს, როცა შევამოწმე, გეიმერების საშუალო ასაკი 50 წელი იყო და მაქვს მოლოდინი, რომ როგორც მე, ისე მათ ექნებათ თამაშის გაგრძელების სურვილი, რადგან ეს გართობის ძალიან კარგი გზაა, — განმარტავს დანიელი.

საინტერესოა ისიც, რომ ლეინს შემთხვევიდან 7 წლის მანძილზე არ უთამაშია, არადა, სწორედ იმ თაობას მიეკუთვნება, რომლებმაც Magnavox Odyssey-ით შეიყვარეს გეიმინგი…

გეიმინგის სოციალურმა ზეგავლენამ ნამდვილად შეცვალა ჩემი ცხოვრება, უკეთეს განწყობაზე დამაყენა. ყველაფერი იცვლება და რაც უფრო მეტს წაიღებთ ჩვენგან, მით უფრო იზოლირებული გავხდებით… გეიმინგის შესაძლებლობა, თანაც ასეთ მაღალ დონეზე და ამის კვლავ კეთების უნარი, გაერთიანებას ჰგავს, ახლო მეგობრის დაკარგვას და მასთან ხელახლა შეხვედრის შესაძლებლობას, — განმარტავს ლეინი.

Access-ის კონტროლერი მსოფლიოს მასშტაბით გაყიდვაში 6 დეკემბერს ჩაეშვება და იგი 90 დოლარი ეღირება. 

Zoom – რამდენად გვეხმარება ან ხელს გვიშლის შთაბეჭდილების შეფასებაში?

როგორ შევქმნათ დიზაინები ხელოვნური ინტელექტისა და Microsoft Designer-ის მეშვეობით