2022 წელს კომპიუტერული თამაშების მოყვარულებს სასიამოვნო სიურპრიზი ელით — Sony Playstation ახალ პორტატიულ მოწყობილობას გამოუშვებს.
შეუძლებელია, დავივიწყოთ Sony PlayStation-ის გამოცდილება პორტატიული კომპიუტერების წარმოებაში. ალბათ, უამრავ თქვენგანს კარგად ახსოვს Sony-ს მიერ წარმოებული — PSP (PlayStation Portable), რომელმაც სათამაშო სამყაროში საკუთარი ეპოქა შექმნა. PlayStation-ის წარმოებულმა პორტატიულმა მოწყობილობამ რეალიზაციიდან მალევე დაიმსახურა თამაშის მოყვარულთა უდიდესი სიმპათია და მთელ მსოფლიოში ვირუსულად გავრცელდა. თუმცა მისი დიდებული ერა 2014 წელს დასრულდა, როცა Sony-მ მისი წარმოება შეწყვიტა და აქცენტი უფრო დიდი კომპიუტერების წარმოებაზე გააკეთა.
ახლა კი Sony Playstation ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, ახალი პორტატიული კომპიუტერით ბრუნდება. დიზაინერების, ანდრეა გალარინისა და ნიკოლა პაცოტის, ჩანაფიქრში შენარჩუნებულია PSP-ის კლასიკური, პოპულარული ფორმა. მეორე მხრივ კი თანამედროვე მომხმარებელზე მორგებული ყველა საჭირო ფუნქცია და მახასიათებელია გათვალისწინებული.
ახალ Playstation Portable-ს ულტრა HD OLED გაფართოების ეკრანი ექნება, რომელიც ნებისმიერ თამაშს უმაღლეს ხარისხში გამოსახავს. ეკრანის ორივე მხარე PS5-ის კონტროლერების მსგავსი ღილაკებითა და მოძრაობის მართვის ბალიშებით იქნება აღჭურვილი. ასევე, მოწყობილობას ორივე მხრიდან ექნება ხმის მარეგულირებელი ღილაკები, მიკროფონი და დინამიკი.
მოსახერხებელი უსადენო დამტენი, რომელშიც პორტატიული კომპიუტერის მარტივად მოთავსებაა შესაძლებელი, პროდუქტს ონლაინ თამაშებზე უფრო მორგებულს ხდის. ახალი პროდუქტი Playstation-ის სხვა ტიპის მოწყობილობებსა და თამაშებზე სრულად თავსებადი იქნება. გარდა ამისა, მას უკავშირდება PS 5-ის ხელის კონტროლერები იმ შემთხვევისთვის, თუ თამაში პორტატიული მოწყობილობიდან დიდ ეკრანზეა გაზიარებული.
საბოლოოდ, Sony Playstation-ის პორტატიული კომპიუტერის იდეას დიდი პერსპექტივა აქვს. ახალი PSP თავისი კლასიკური დიზაინითა და თანამედროვეობაზე მორგებულობით, საფუძვლიანად შეეცდება, წარსულში მიღებული უდიდესი რეზონანსი გაიმეოროს და პორტატიულ მოწყობილობებზე თამაში მეტად ტენდენციური გახადოს.
საგულისხმოა, რომ Sony-ს ახალი პროდუქტის გამოსვლა, შესაძლოა, საზიანო აღმოჩნდეს ისეთი მოწინავე მოდელებისთვისაც კი, როგორიცაა Asus ROG Phone 5, Red Magic 6S Pro და ახლად გამოსული IQOO 9 Pro.