in

Sony-ს განახლება:PlayStation-ის მენიუში საყვარელი პერსონაჟები დაგელაპარაკებიან

წარმოიდგინეთ, რომ PlayStation-ს რთავთ და ჩუმი მენიუს ნაცვლად „კრატოსის” მძიმე ხმა გესალმებათ. ახლახან დამტკიცებული Sony-ს პატენტი, სახელწოდებით „LLM-ზე დაფუძნებული გენერაციული პოდკასტები გეიმერებისთვის“, მიანიშნებს, რომ სწორედ ასეთი შეიძლება გახდეს PS5-ის მომავალი.

იდეის მიხედვით, ხელოვნური ინტელექტი გააანალიზებს მოთამაშის ქცევას: რომელ თამაშებს თამაშობს, რა მიღწევები აქვს, რას აკეთებენ მისი მეგობრები და რომელი განახლებებია მოსალოდნელი – და ამ მონაცემებზე დაყრდნობით, შექმნის პერსონალიზებულ აუდიოგადაცემას. გადაცემის წამყვანები კი თქვენი საყვარელი PlayStation-ის პერსონაჟები იქნებიან.

ეს მიდგომა ბევრად განსხვავდება სტატიკური მენიუებისა და ჩვეულებრივი შეტყობინებებისგან. ამგვარად, კონსოლი იქცევა უფრო „ცოცხალ“ გარემოდ: მაგალითად, The Last of Us-ის ელი გადარჩენის რჩევებს გაგიზიარებთ, ხოლო Horizon-ის ალოი შეტანილ ცვლილებებს აგიხსნით.

პატენტში აღწერილია კიდევ ერთი სახალისო დეტალი – ციფრული წამყვანები ყოველთვის მოთამაშის მხარდამჭერები არ იქნებიან. Sony ვარაუდობს, რომ აუდიო შეიძლება შეიცავდეს მსუბუქ ირონიას ან ხუმრობას მოთამაშის მისამართით: მაგალითად, შეგახსენოთ, რომ ერთსა და იმავე ბოსთან ათჯერ დამარცხდით, ან თვეებია მისიას არ დაბრუნებიხართ. ასევე ნახსენებია „კროსოვერ“ ეპიზოდები, სადაც სხვადასხვა ფრენჩაიზის პერსონაჟები ერთმანეთთან იხუმრებენ და პარალელურად PlayStation-ის სიახლეებს ან ახალ თამაშებს გაგაცნობენ.

ტექნიკურად, სისტემა მოიცავს როგორც აუდიო, ისე ვიდეოფორმატს. ზოგიერთ ილუსტრაციაში პერსონაჟები ვირტუალურ სტუდიაში, თოქ-შოუს წამყვანების როლში არიან წარმოდგენილი.

დღეს მოთამაშეებს განახლებებისა და სიახლეების სანახავად მენიუებში ძებნა ან გარე აპლიკაციების გამოყენება უწევთ. Sony-ს ხედვა კი გულისხმობს პერსონალიზაციას, რომელიც კონსოლის ჩართვისთანავე დაგხვდებათ. რა თქმა უნდა, როგორც ყველა პატენტის შემთხვევაში, არ არსებობს გარანტია, რომ ეს ფუნქცია რეალურ პროდუქტად იქცევა. თუმცა ერთი რამ აშკარაა: Sony-ს სურს, რომ PlayStation-ის მთავარი ეკრანი უბრალოდ საწყისი გვერდი აღარ იყოს და ის თავად უნდა იქცეს გართობის ნაწილად.

და თუ ეს მომავალი რეალობად იქცა, საინტერესო კითხვა ჩნდება: ვის ხმას აირჩევდით თქვენ ყოველდღიური თამაშის ნარატორად?

როგორ გავარჩიოთ AI ვიდეოები ნამდვილისგან?

„კიბოზე გამარჯვებულ ყველა ქალს საკუთარი გამარჯვების დროშა აქვს“ – Holy Motors-ის ნამუშევარი თოდუას კლინიკისთვის