10
Sep
2019

Sony-ის საკულტო Walkman ბრუნდება 

10 Sep 2019

Sony, პორტატულ მუსიკალურ „პლეერს“, საკულტო Walkman-ს კიდევ ერთხელ გამოუშვებს. კომპანიის წარმომადგენლებმა ამის შესახებ  ბერლინში, ტექნიკის საერთაშორისო გამოფენაზე (IFA) ისაუბრეს.

 

„სონის“ პირველი „პლეერი“ 1979 წელს გამოვიდა. მაშინ, Walkman-მა “Sony TPS-L2” მუსიკის მოსმენის კულტურა შეცვალა. 40 წლის შემდეგ, კომპანიამ გადაწყვიტა, სწორედ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, განახლებული „ვოქმენი“ Sony NW-A100TPS გამოუშვას. ნოსტალგიური მელომანებისა და „პლეერზე“ გაზრდილი თაობისთვის, განსაკუთრებით სასიხარულო იქნება, რომ შეზღუდული რაოდენობით გამოსული ეს მოდელი წინამორბედივით გაიხსნება, თითქოს, მასში კასეტა იდება. „გახსნისას“, კასეტა გამოჩნდება ეკრანზეც.

Walkman ბრუნდება

CNN-ის ინფორმაციით, Sony NW-A100TPS აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებით – ანდროიდის მხარდაჭერა S-Master HX ციფრული გამაძლიერებლით, USB-C გადამყვანით და DSEE HX პროცესორით. სრულად დამუხტვის შემთხვევაში, ახალი Walkman-ის ბატარეა 26 საათს იმუშავებს.

Sony-ის წარმომადგენლებს, „პლეერის“ გამოსვლის თარიღი არ დაუკონკრეტებიათ.

განხილვა