15 წლის ვიყავი, თიხის კომბინატში რომ დავიწყე მუშაობა. მანამდე, ერთი წლის განმავლობაში, პერიოდულად მივდიოდი ხოლმე, თიხას მაძლევდნენ და სახლში, ჩემთვის ვერთობოდი. ბოლოს ვკითხე, ჩემი დასაქმება ხომ არ შეეძლოთ და ასე მოვხვდი კერამიკაზე მომუშავე ხალხის გვერდით. თავიდან სველ თიხის ბოთლებზე ორნამენტებს ვაკეთებდი, რამდენიმე თვის შემდეგ ჭიქურზე მომუშავე ჯგუფში გადავედი. იქ წესი ჰქონდათ ასეთი – ბოთლის ძირზე ყველა თავის ინიციალებს წერდა, ღუმელში გამოწვის შემდეგ კი, რამდენიც გადარჩებოდა და არ დაიბზარებოდა, იმის მიხედვით გამოვიმუშავებდით ხელფასს.
პარალელურად, იაკობ ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელშიც ვსწავლობდი და სამსახურისთვის ნაკლები დრო მრჩებოდა. მაქსიმუმ სამი საათით თუ ვახერხებდი ხოლმე მისვლას. თუმცა, პირველი სამსახური მაინც ისეთი მოტივაციაა, რომ ნებისმიერ სირთულესთან გასამკლავებლად მზად ხარ.
ახლა ვმუშაობ ლივინგსტონის ჯგუფში არტ დირექტორის პოზიციაზე.