როგორ შეიძლება ასოციალური, კომუნიკაციის არმოყვარული და არაჰუმანიტარული მიმართულების მქონე ადამიანმა თავი ამოყოს კომუნიკაციის სფეროში? – „შემთხვევით. პრინციპში, შემთხვევით არაფერი ხდება. დაუგეგმავად, მოდი ასე ვთქვათ“. და რაც შეეხება წარმატებას? – „ვიღაცამ ერთხელ უნდა დაგიჯეროს და მოგცეს შანსი. ყველაფერი ხომ რაღაციდან იწყება?! რთულია, როგორც კი მოხვალ, მაშინვე წარმატებული გახდე. ვიღაცა უნდა გენდოს, ხელი შეგიწყოს და გითხრას: „მიდი, აკეთე!“ – სოფო ბალავაძე, საქართველოს ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის ყოფილი დირექტორი, დღეს უკვე, „ვიონი საქართველოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი.
რთულია ადამიანზე, მასთან მხოლოდ 1 საათიანი შეხვედრის შემდეგ, დასკვნების გამოტანა, თუმცა ჩვენი პირველი შთაბეჭდილება ასეთია: სოფო ბალავაძე პრაქტიკაზე ორიენტირებული ადამიანია, რომელიც მუდმივად სწავლობს და ღიად შეუძლია საკუთარ შეცდომებზე საუბარი. კარგი მსმენელია და გამოირჩევა კითხვის შესაბამისი, ზუსტი პასუხების გაცემით. შეიძლება ითქვას, რომ კომუნიკაციის სპეციალისტისთვის არადამახასიათებელი რაღაც თვისებები აქვს, მაგალითად, არ უყვარს, ფოტოებს რომ უღებენ და ადამიანებთან ურთიერთობის შიშის წარსული გამოცდილება აქვს.
არაერთგვაროვანი სკოლის მოსწავლე, რომელსაც, დაბალ კლასებში, საერთოდ არ ადარდებდა ნიშნები, მე-5 კლასიდან აენთო სწავლის წყურვილით, უფრო მეტად, ტექნიკური საგნების მიმართულებით, რაც შესაძლოა, მათემატიკოსი მამის, მიშა ბალავაძის გენების დამსახურებას, ხოლო ენების მიმართ მიდრეკილება დედას, ინგლისური სახელმძღვანელოს ავტორს, ირა ჩიბურდანიძეს მივაწეროთ. საკუთარი ინიციატივით, გეოპოლიტიკური თეორიებით გატაცებული, სწავლას ეკონომიკურ გეოგრაფიაზე აგრძელებს, თუმცა კაბინეტში ჯდომის, ნაშრომების გამოქვეყნებისა და კონფერენციებზე სიარულის მისთვის არამიმზიდველი პერსპექტივა გეზს უცვლის და შედეგზე ორიენტირებულისა და ხელშესახები პროდუქტის შექმნის მიზნით, MBA-ზე კავკასიის ბიზნეს სკოლაში, იმ დროისთვის უცნობ მიმართულებაზე აბარებს. ჯერჯერობით, მისი ბოლო, ოფიციალური სწავლა-განათლება 2017 წელს, კომუნიკაციების სფეროში თეორიული ცოდნის გასამყარებლად, 2-3 წლიანი საფუძვლიანი კვლევის შედეგად მიგნებულ შვეიცარიულ უნივერსიტეტს, USI EMScom – Executive Programs in Communications Management-ს უკავშირდება. იმის გამო, რომ სოფოს ცხოვრებაში, იმ ადამიანთა რიცხვი ძალიან ბევრია, ვისაც ემადლიერება სწორი მიმართულების, რჩევებისა თუ მისთვის ნდობის გამოცხადების გამო, კონკრეტულ სახელებსა და გვარებს ვერ ვასახელებთ. ამბავი კი ასეთია: საქართველოს ბანკში, 2005 წელს, მეგობრის რჩევით მოხვდა. მიუხედავად იმისა, რომ სხვა კომპანიაში, უკვე მოძიებული ჰქონდა სამსახური, მაინც გააგზავნა CV ფინანსებთან დაკავშირებულ პოზიციაზე, თუმცა, გასაუბრების შემდეგ, HR-მა, სრულიად განსხვავებული, შიდა კომუნიკაციების სფეროში შესთავაზა დასაქმება. მიუხედავად იმისა, რომ „ბავშვობაში ძალიან მიჭირდა უცხო ადამიანებთან კონტაქტი, ვერც დაიჯერებთ, როგორ. ეს იყო ჩემთვის ძალიან მტკივნეული, კოშმარის ტოლფასი იყო სადმე წასვლა, არასდროს ვცილდებოდი ხოლმე ჩემს ოჯახის წევრებს“, ავანტიურაზე წავიდა და იმ დღიდან გახდა მისი ყოველდღიურობა ის, რაც ყველაზე მეტად აშინებდა – ადამიანებთან კომუნიკაცია.
რამდენიმე წლის მერე, ძალიან მნიშვნელოვანი პრესკონფერენციის გაკეთებაც შესთავაზეს, ამ რისკზეც წავიდა. პერიოდული გამოწვევებისა და საკუთარი თავის სტრესში ჩაგდებით შექმნილი დისკომფორტების შედეგად, მიაღწია იმას, რასაც მიაღწია.
ამიტომაც, ლოგიკურია, ალბათ, რომ ჩვენს კითხვაზე, რას დაარქმევდა ავტობიოგრაფიას, გვპასუხობს, ცალსახად: „არ იქნება ორიგინალური, მაგრამ „სირთულეების გადალახვას“, ოღონდ, სათაური კარგად იქნება დასამუშავებელი. ეს კი BOG-ის დამსახურებაა, რომელიც ისეთი კულტურის მქონე კომპანიაა, მუდმივად გამოწვევების წინაშე გაყენებს და შესაძლებლობას გაძლევს, კარგი გაგებით, რომ შეგეშალოს და შემდეგ ამაზე ისწავლო“.რა ვისწავლე? – „დიდი ხანი არ ვიცოდი მოსმენა. ჩამოყალიბებული იდეები მქონდა, რომელიც აუცილებად უნდა გამეტანა. და საკუთარ თავზე მუშაობისას, გარკვეული ხნის წინ აღმოვაჩინე მოსმენის ძალა. წარმოუდგენელია, რამდენის მიღება შეგიძლია იქიდან, რომ ადამიანებს უსმენდე!. თუმცა, ამის უტრირებულად გაგებაც არასწორი იქნება, მხოლოდ მოსმენამ რომ გაგიტაცოს და შენი სიტყვა დაკარგო“.
რას მივხვდი? – „ბოლო 2 წელია, რაც საჭირო რაღაცებს მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარი თავის განვითარებაზე ზრუნვა, არამარტო პროფესიული თვალსაზრისით. ასევე, აღმოვაჩინე ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების აუცილებლობა. ამიტომაც, პროფესიულ სასერტიფიკატო პროგრამაზე ვასწავლი თავისუფალ უნივერსიტეტში, ინტეგრირებული მარკეტინგ კომუნიკაციების კურსზე, პიარის მოდულს“.
რატომ წამოვედი საქართველოს ბანკიდან? – „თავისუფალი დრო საერთოდ რომ აღარ მქონდა, ამიტომაც გადავწყვიტე სამსახურიდან წამოსვლა. თუმცა, ეს სამსახურის ბრალი არ არის, ეს, აბსოლუტურად, ჩვენზე არის დამოკიდებული. როგორც ჩანს, დინებას გავყევი და „ზედაკავებულის“ იარლიყი მოვირგე. იმდენად ჩახვეული მქონდა ეს, რომ ჩემი თავი ვეღარ ამომყავდა ამ მდგომარეობიდან. ამიტომაც მივხვდი, რომ საჭიროა რადიკალური ცვლილება“.
საით გამიწევია? – „ზუსტად იმისთვის მჭირდება ეს დრო, რომ გადავეწყო. ალბათ, ისევ მსგავსი პოზიცია მექნება, რაც აქამდე. უბრალოდ, ძალიან მნიშვნელოვანია, გქონდეს ფიქრის საშუალება, ერთი წამით გაჩერებისა და გაანალიზების, რა ხდება შენს თავს, სად მიდიხარ, საით მიექანები, გინდა ეს ყველაფერი, თუ არა? – მე კი ეს ძალიან დიდი ხანია, არ გამიკეთებია“ (ინტერვიუს ჩაწერის პროცესში არ იყო გარკვეული, სად გააგრძელებდა სოფო ბალავაძე მუშაობას).და რას დავუთმობ ჩემს თავისუფალ დროს? – „ჩემი ჰობი ასოცირდება რაღაცის შესწავლასთან. ეს დიდი ხნის განმავლობაში იყო ენები, მერე სპორტი, ჩოგბურთის თამაშს ვსწავლობდი საკმაოდ გვიან ასაკში. ახლა ვსწავლობ შვილის აღზრდას, ეს ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევა იყო. ვარჯიში უნდა გავაგრძელო, რასაც ადრე აქტიურად მივდევდი, თხილამურებზე უნდა დავდგე ისევ, 5 წელია, არ ვმდგარვარ და ა.შ.“
ჩემი გვიანდელი აღმოჩენა? – კლასიკური მუსიკა მიყვარს, ძალიან დიდი დრო დამჭირდა, რომ გამეგო და დამეფასებინა. შედარებით, გვიანდელი აღმოჩენაა ჯაზი. ჩემი პროექტი იყო, American Express რომ გახდა ჯაზ ფესტივალის სპონსორი და ხომ უნდა მცოდნოდა, რას ვაფინანსებდით, ამიტომ, დავიწყე ამ კონცერტებზე სიარული და ძალიან მომეწონა. ასე რომ, არასდროს არის გვიანი, რაღაც აღმოაჩინო.
რა მენატრება ბავშვობიდან? – „ისეთ რაღაცებზე მიწევს ფიქრი, რაზეც დიდი ხანია, არ მიფიქრია. ალბათ, განსაკუთრებით, გაუკვირდება ახლა ცოცხალი რომ იყოს და ეს რომ ესმოდეს, მაგრამ ძალიან მაკლია ბებიაჩემი, რომლის ძალიან დიდი დამსახურებაც არის, ზოგადად, ის, რომ ცხოვრებაში რაღაცას მივაღწიე“.მთავარი მონდომებაა და სამართლიანობის, სიახლეებისადმი ღიაობისა და რაღაცის უკეთესობისკენ შეცვლის მოტივით, ადამიანი ყველაფერს მიაღწევს. ზოგჯერ მოგიწევს, პირველ რიგში, თავად იწამო საკუთარი შესაძლებლობების, ზოგჯერ კი პირიქით, სხვამ დაგარწმუნოს, რომ შენ ეს შეგიძლია!