in

Sophie Villy უკრაინულ ფესვებზე, ახალ სიმღერაზე და სიმართლის გამარჯვების გარდაუვალობაზე


უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში უამრავმა მუსიკოსმა საკუთარი აზრი დააფიქსირა და მეტიც, საქველმოქმედო კამპანიებშიც ჩაერთნენ ომისგან დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად. თუმცა არიან მუსიკოსები რომლებიც ამ მოვლენებს განსაკუთრებულად განიცდიან, მათ შორისაა ქართველი მუსიკოსი Sophie Villy, რომელსაც უკრაინასთან განსაკუთრებული ემოციური კავშირი გააჩნია – დედა წარმოშობით უკრაინელი ჰყავს და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ საცხოვრებლად სწორედ კიევში გადავიდა, იქ დაამთავრა უნივერსიტეტი და მუსიკალურ კარიერაშიც პირველი ნაბიჯებიც უკრაინას უკავშირდება. დღეს მის მეორე სამშობლოსაც იგივე ოკუპანტი უტევს და მიუხედავად  სტრესული ვითარებისა, მაინც ახერხებს ემოციებს სწორი გზა მისცეს და მუსიკაში გადაიტანოს.

გასულ კვირას მისი ახალი მუსიკალური ვიდეო და ვიდეო კლიპი “What Can Be Worse გამოქვეყნდა, რომელშიც მიმდინარე მოვლენებზე აკეთებს აქცენტს. აღნიშნული კოლაბორაციული ნამუშევარია ორ უკრაინელ არტისტთან  – The Maneken, რომელიც ცნობილი უკრაინელი პროდიუსერია და მიშა პრავილნისთან, რომელთანაც სოფის დიდი ხნის პროფესიული კავშირი გააჩნია. მუსიკოსებმა ჩანაწერთან ერთად დაზარალებულების დასახმარებლად კამპანიაც წამოიყეს, მსურველებს თანხის გადარიცხვა შემდეგ ანგარიშზე შეუძლიათ

TBC Bank #GE58TB7163245067800005

SOULSCOPE

სიმღერის იდეაზე, კოლაბორაციაზე და მიმდინარე მოვლენებზე სწორედ სოფის გავესაუბრეთ.

სოფი შენ როგორც საქართველოსთან, ასევე უკრაინასთანაც არანაკლები პირადი თუ პროფესიული კავშირი გაქვს – როგორი იყო პირველი რეაქცია როდესაც ეს ომი დაიწყო? მიუხედავად წინასწარი განწყობებისა, ელოდი თუ არა რომ ომი მაინც დაიწყებოდა?

სიმართლე გითხრა, ესეთი მასშტაბის ომი სრულიად წარმოუდგენელი იყო, არა მხოლოდ ჩემთვის, როგორც უკრაინის მოქალაქისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ომის დაწყებამდე, ბოლო ერთი თვე საკმაოდ უცნაური იყო, სულ ვეკონტაქტებოდი ჩემს ნათესავებს, მეგობრებს და ბენდის წევრებს უკრაინის სხვადასხვა ქალაქებში, და როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, განწყობა მშვიდი ჰქონდათ, არავინ ბარგდებოდა და გარბოდა. აზრადაც არ იელვებდნენ იმას, რომ 24 თებერვალს, დილის 5 საათზე სირენის ხმა და ბომბები გააღვიძებდათ.

უნდა ითქვას რომ ეს ომი ეხლა არ დაწყებულა, შენ 2014 წელს ყირიმში ომის დროსაც კიევში იყავი და მიმართვაც ჩაწერე – წარმოგედგინა მაშინ რომ ეს პროცესები ასე გაიწელებოდა?

ევრომაიდანის პერიოდი მკაფიოდ მახსოვს. საკმაოდ ახლოს ვცხოვრობდი იმ ადგილთან და მაშინ ისეთი განცდა მქონდა, რომ უდიდესი ისტორიული მოვლენის თანამონაწილე ვიყავი. უკრაინელებმა ჯერ კიდევ მაშინ დაამტკიცეს საკუთარი სიმტკიცე და თავისუფლების სიყვარული. ისინი ვერც ერთმა რეჟიმმა ვერ დაამონა და დაატყვევა. რუსეთის ხელწერა კი –  კარგად ვიცით ყველამ. ის ნელ-ნელა მოქმედებს და პროვოკაციებით აღვივებს კონფლიქტურ სიტუაციას. საბოლოოდ 8 წლის შემდგომ, მივიღეთ საზარელი და წარმოუდგენელი ჯოჯოხეთი, რომლისთვისაც თურმე მთელი ეს დრო რუსეთი მიზანმიმართულად ემზადებოდა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ არც თუ ისე კარგად მომზადებულა.

 

შენი ახალი ვიდეო და სიმღერა გამოქვეყნდა –  უკრაინასთნა ასეთი მჭიდრო კავშირის მქონე მუსიკოსსისთვის რამდენად რთულია ამ მომენტში შემოქმედებით პროცესზე ფიქრი?

პირველ დღეებში იმხელა სტრესი მივიღე, საერთოდ ვერ ვხვდებოდი როგორ უნდა დამეძინა. ვერაფერს ვაკეთებდი, გარდა ახალი ამბების სქროლვისა და ახლობლებთან რეკვისა. ვაღიარებ, მქონდა ის მომენტიც, როცა გავიფიქრე, რომ სანამ ციდან ბომბები ცვივა, არაფერს აქვს აზრი, აღარც მუსიკას, აღარც ხელოვნებას.. მაგრამ ტკივილი, რომელიც არ გასვენებს, თავისით, ავტომატურად გარდაიქმნება რაღაცაში, ჩემ შემთხვევაში მუსიკაში.

მახსოვს, მანქანაში ვიჯექი და ქალაქგარეთ მივდიოდი, ხეებს ვაკვირდებოდი, როდესაც უცბად თავში ეს ჰარმონია და სიტყვები მოვიდა. მაშინვე ჩავიწერე რეკორდერზე და ესე დავტოვე.. იქამდე, სანამ ამ დამანგრეველი სტრესის ნისლში გახვეული, არ მივხვდი, რომ დღეს საერთოდ ყველანაირი საშუალება უნდა გამოიყენო ამ ბოროტებასთან საბრძოლველად. სიტყვა, ბგერა, მოძრაობა, ფერწერა, ყველაფერი ეს შეიძლება ემსახურებოდეს ადამიანების კიდევ უფრო გაერთიანებას, ან მათ ნუგეშს, ან შთაგონებას, ან გაძლიერებას.. ნებისმიერი რამ, რაც შეგიძლია რომ აკეთო, უნდა აკეთო, მიუხედავად ყველაფრისა. და ეს იქნება მათთვის შენი გვერდში დგომა და მხარდაჭერა.

ჩემს შემოქმედებით სივრცეში “SOULSCOPE”, უკრაინელი ბავშვებისთვის უკრაინულ ენოვანი ჯგუფი შევქმენი, სადაც მუსიკალური და განტვირთვის ხასიათის აქტივობები გვაქვს. მთავარი მიზანია მათთვის სირენების ხმის დავიწყება და მათი შთაგონება. Soulscope-ის კარი ღიაა ყველა უკრაინელი ბავშვისთვის, რომელსაც ომის გამო მოუწია თავისი ქვეყნის დატოვება.

ეს ნამუვარი ორ უკრაინელ მუსიკოსთან ერთად ჩაიწერა – გქონდა აქამდე რაიმე პროფესიული გადაკვეთა მათთან?  როგორ მოხდა თქვენი დაკავშირება?

The Maneken (ევგენი ფილატოვი) ცნობილი უკრაინელი პროდიუსერია. დიდი ხანია ვმეგობრობთ და მასთან არაერთხელ მითანამშრომლია.

მიშა პრავილნისთან ერთად – კი კიევში, ერთ უნივერსიტეტში ვსწავლობდით. პირველად სააქტო დარბაზში მოწყობილ კონცერტზე გავიცანი და შემდეგ მის მიერ დაარსებულ პატარა თეატრშიც კი ვთამაშობდით (მე მუსიკალურად ვაფორმებდი მის სპექტაკლებს). აპრილის დასაწყისში, როდესაც მიშა მოვიკითხე, ის ხარკოვში იყო და ფაქტიურად წკიპზე გადაურჩა დაბომბვას. მიშას ოფისი ფერფლად აქცია რუსეთის არტილერიამ. ეს რომ გავიგე, უბრალოდ ნუგეშის ნიშნად, ეს დემო გავუგზავნე. პასუხად კი, 20 წუთში, უკრაინულად ჩაწერილი რეჩიტატივი მივიღე, რომელიც ძალიან თემატური იყო და მოუხდა ამ ჰარმონიას. ესე გადავწყვიტეთ, რომ უკრაინის და საქართველოს ტკივილს გავაერთიანებდით ამ ერთ კომპოზიციაში.

 

სიმღერის ტექსტის ნაწილი ოკუპანტებს მიემართება, თუმცა თავად სიმღერის სახელი „What Can Be Worse“  მეორე მხრივ თითქოს მოწოდებაა მესამე მხარეების მიმართ, ვისაც ამ ომში უკრაინის დახმარება შეუძლიათ – როგორ ფიქრობ უკრაინა შესაბამის დახმარებას იღებს მსოფლიოსგან?

ომი როდესაც დაიწყო, მაშინ ყველამ კარგად დავინახეთ, რომ ევროპაც და ამერიკაც სანქციებით შემოიფარგლა. ცხადია, ეს სანქციები სწრაფ შედეგს ვერ გამოიღებდა. რაღაც პერიოდი უაზრო დუმილი იყო და მახსოვს, საშინლად ვბრაზობდი. თუმცა დღეს, ვითარება შეცვალა ლენდლიზმა და ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის გააქტიურებამ. არ ვიცი, რთულია კომპეტენტური შეფასების გაკეთება, როდესაც ყველა საკითხში არ ხარ ჩახედული. რა თქმა უნდა, დროული ცის ჩაკეტვა იქნებოდა ყველაზე დიდი დახმარება უკრაინისთვის, მაგრამ ამას რა მოვლენები მოჰყვებოდა არავინ იცის.

მთავარია, დილის ყავაზე საკითხავ სიახლეებად არ იქცეს ეს მოვლენები და ძალიან მნიშვნელოვანია, გაიაზროს ყველამ და თითოეულმა, რომ ეს ომი მხოლოდ უკრაინის არ არის. ეს ომი ყველას ეხება.

თუ გაქვს თავად შენთვის ნაცნობ უკრაინელ მუსიკოსებთან კავშირი – როგორია მათი მდგომარეობა? რა საჭიროებები აქვთ ამ ეტაპზე და როგორ ცდილობენ საკუთარი ქვეყნის დახმარებას?

ჩემი ბენდის წევრები დღესაც ხარკოვში არიან, მოხალისეებად მუშაობენ, ეხმარებიან მოხუცებს, ქალებს და ბავშვებს, დაატარებენ პროდუქტებს და მედიკამენტებს. ძალიან დიდი შრომაა, ძალიან იღლებიან. ზოგი უკრაინის საზღვრებს გარეთ საქველმოქმედო კონცერტებს მართავს და ესე ეხმარება უკრაინის ჯარს. მიუხედავად ევროპისგან წამოსული ჰუმანიტარული დახმარებისა, ქალებს და ბავშვებს თავშესაფრებში, მაინც ძალიან მძიმე პირობებში უწევთ დღეს ყოფნა და ჰიგიენის ნივთები, თუ ჩვილის კვება მაინც დეფიციტშია და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე გამეკეთებინა ცალკე ანგარიში, სადაც შევაგროვებდით თანხებს უშუალოდ დედებისთვის და მათი შვილებისთვის.

მიშას ტექსტში საქართველოც არის ნახსენები – როგორ აფასებენ უკრაინაში საქართველოს მხარდაჭერას?

“დაო, მე მესმის შენი სიმღერა. შენთან ერთად მღერის მთელი საქართველო.

ჩვენი დანგრეული მოედნები დროშას უფრიალებენ თქვენს ხალხმრავალ მოედნებს.

თქვენ ერთადერთნი ხართ, ვისაც ესმის – ეს არ არის ილუზია,

თქვენ უკვე იყავით ჩვენს ადგილას – ომს თვალებში ჩახედეთ.”

მე რასაც ვხედავ და მესმის, ქართველი ხალხის მიმართ უდიდესი სიყვარულით, მადლიერებით და პატივისცემით არიან განწყობილი. მთავრობის პოზიციას და განცხადებებს რაც შეეხება, ბევრს უბრალოდ წყინს და არ ესმის რატომ არ ვუწესებთ სავიზო რეჟიმს რუსეთს, რომელიც ხოცავს მათ შვილებს. ეს მეც არ მესმის, და ამის გარდა კიდევ ძალიან ბევრი საკითხი მაღელვებს, მაგრამ ამაზე მერე ვისაუბროთ. ჯერ ომი დამთავრდეს.

კიევში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ გადახვედი საცხოვრებლად – რა განცდაა როდესაც შენი ორივე სამშობლო ჩრდილოელი მეზობლის გამო ამ საშინელ პროცესებს გადის?

ისტორია მეორდება. ხელწერა ერთია… ოკუპანტი იგივე. ძალიან მძიმეა ამ ყველაფერთან გამკლავება. ყველაზე მეტად ადამიანები მეცოდებიან. უბრალო ადამიანები, რომლებიც თავის ოჯახებს ქმნიან, თავის სახლებს სიყვარულის ბუდედ აქცევენ, საყვარელ საქმეს აკეთებენ, ზრდიან შვილებს, შრომობენ, თავის სამშობლოს განვითარებაში ეხმარებიან… და უცბად მათ მიწაზე, მათ სახლში მოდის სასტიკი, გამანადგურებელი, მკვლელი არსება და ამ ყველაფერს ართმევს მათ.. უბრალოდ უსპობს სიცოცხლეს.. რის გამო? რატომ?!

მჯერა, მოვა დრო და ეს არსებები პასუხს აგებენ ამ შემზარავი ქმედებებისთვის.  დიდი იმედით, სიამაყით და მადლიერების გრძნობით ვარ განწყობილი უკრაინელი და ჩვენგან წასული გმირების მიმართ.

სიკეთე და სიმართლე ადრე თუ გვიან მაინც იმარჯვებს. ეს სისასტიკე დასრულდება და უკრაინა ძალიან მალე დადგება ფეხზე. იცით რატომ? იმიტომ რომ უკრაინელი ხალხი ერთ მუშტად დგას და იდგება.

დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს!


სავარაუდოდ, მეცნიერებმა იმ ასტეროიდის კვალს მიაგნეს, რომელმაც დინოზავრები გაანადგურა

Audi 2023 წელს S6 და S7 მოდელების design edition ვერსიებს უშვებს