27
Apr
2017

#თაობა: Sophie Villy – ”Planet A” ტურის პირველი კონცერტი მანჰეტენზე Rockwood Music Hall- ში გაიმართება

27 Apr 2017

ქართველმა მუსიკოსმა Sophie Villy-მ ახალი, 11 კომპოზიციისგან შემდგარი ალბომი, „Planet A“ გამოუშვა. მარკეტერი მას სწორედ ახალ რელიზთან დაკავშირებით ესაუბრა.

M: სოფი, მოდი საუბარი პირველ რიგში დავიწყოთ ახალ ალბომზე.  შენთვის ეს უკვე მესამე ალბომია, 2012 წლიდან. მუსიკოსები კი საქართველოში ესე აქტიურად ნაკლებად მოღვაწეობენ. რა გამოარჩევს არსებულ ნამუშევარს წინა ორიდან?

ვფიქრობ, ეს ალბომი ბევრად განსხვავდება ჩემი წინა ორი ნამუშევრისგან. უფრო ნათელი და დადებითი ენერგიით არის დატვირთული, თითქოს, რაღაც ახალ განზომილებას მივაგენი, რაც პირდაპირ აისახა შინაგან მდგომარეობაზე. ჩემი პლანეტა ვიპოვე და მთელი არსებით ვუფრთხილდები მას.

M: ალბომში არის ნამუშევრები Nikakoi-სთან, ასევე ჩაიწერა კომპოზიცია sTia-სთან ერთად. რამდენად ადვილი იყო შენთვის მათთან მუშაობა და როგორ ფიქრობ ელექტრონული მუსიკისა და ვოკალური პარტიების სინთეზი რამდენად კარგი გამოვიდა?

ალბომში შესულ სინგლებზე ”Swim On” და ”Reveal” ნიკაკოისთან ერთად ვიმუშავეთ. ნიკამ ამ კომპოზიციებს ერთგვარი სიღრმე შემატა. მინიმალისტურად შევაზავეთ ცოცხალი და ელექტრონული და საბოლოო ჯამში გამოვიდა გამჭვირვალე საუნდი. სწორედ ის, რაც თავიდანვე გვსურდა მიგვეღო ამ ტრეკებში.

sTia-სთან კოლაბორაცია ცალკე სინგლად გამოვიდა. ნასტია სართანია არის სრულიად გენიალური კომპოზიტორი და პიანისტი. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, იგი ისევ დაუბრუნდა მუსიკას. მე მოვისმინე 40 წამიანი ფრაგმენტი მის მიერ დადებულ ვიდეოში და მაშინვე ვიგრძენი, რომ რაღაც საინტერესო გამოვა. დავწერე ტექსტი, შევხვდით Creative Education Studio-ში და ჩემთვის საოცრად საინტერესო პროცესი აღმოჩნდა ესეთ სიცოცხლით სავსე ადამიანთან მუშაობა. ”I wanna see you clear”- ვფიქრობ, მალე გაგრძელებაც მოჰყვება.

[embedyt] https://www.youtube.com/watch?v=zYyyEpkgHc8[/embedyt]

 

M: სინგლისთვის გადაღებულ ვიდეოკლიპში ხშირად გვხვდება ხტომის კადრები. რასთან აკეთებ ამით ასოციაციას?

ჩემთვის ჰაერში ბრუნვა არის ერთერთი ყველაზე საოცარი მდგომარეობა. 10 წელი წყალში ხტომაზე დავდიოდი, საკმაოდ წარმატებული სპორტული კარიერა მქონდა საქართველოს ნაკრებთან ერთად, მაგრამ მუხლის ტრავმის გამო სპორტიდან წამოვედი. სპეციალურად ამ ვიდეოსთვის გავრისკე 15 საათიან გადაღებაში ჩავრთულიყავი და გამეკეთებინა ამ ეტაპზე ჩემი მაქსიმუმი.

ვიდეოს იდეა მდგომარეობს სწორედ ამ ემოციაში, რომელიც მოძრაობაში მოდის. თითქმის ყოველთვის, როდესაც წინ მიდიხარ და განვითარებას ცდილობ, გარკვეული დაბრკოლება და წინააღმდეგობა გხვდება, ხშირად შიშიც. მიუხედავად ამ ყველაფრისა შენ მაინც მიდიხარ და უკან მოუხედავად დგამ ნაბიჯებს წინ. მუშაობ საკუთარ თავზე, პოულობ გამბედაობას და შინაგან ძალას და აჯერებ საკუთარ თავს იმაში, რომ შეუძლებელი არაფერია. ნებისმიერ ასპექტში.

M: როგორც ვიცი უკვე დაგეგმილი გაქვს რამდენიმე კონცერტი, მათ შორის ქვეყნის ფარგლებს გარეთ. რამდენად ადვილია  ქართველი მუსიკოსისთვის მსგავსი გასვლების ორგანიზება? ვინ გეხმარება ამ ყველაფრის მენეჯმენტში?

”Planet A” ტურის პირველი კონცერტი 5 მაისს მანჰეტენზე Rockwood Music Hall- ში გაიმართება. დაგეგმილია კიდევ 4 კონცერტი, ერთერთი ბოსტონში. ივნისში კიევის ყველაზს მასშტაბურ ფესტივალზე ”Atlas Weekend”-ზე ვუკრავთ. ამ ყველაფრის ორგანიზება ადვილი ნამდვილად არ არის, მაგრამ რეალური და შესაძლებელია. მენეჯმენტს რაც შეეხება, ფაქტიურად 90% მე თვითონ ვუძღვები. მხოლოდ მოლაპარაკებებს და კონტრაქტებს აწარმოებს ჩემი დამხმარე იურისტი.  თითქმის ყველა ფარგლებს გარეთ გასვლა, რაც გვქონია, იყო მოწვევით. უდიდეს ფესტივალზე SXSW-ზე (აშშ) კი მე თვითონ გავაგზავნე აპლიკაცია და თანხმობა გამომიგზავნეს. შეიძლება თავიდან ყველაფერი რთულად მოგეჩვენოს, მაგრამ დღეს ინტერნეტის საშუალებით ბევრი რამის გაკეთება შეიძლება და ყველა ვარიანტში უნდა ცადო.

M: შენი რეპერტუარი ძირითადად ინგლისურ ტექსტებს შეიცავს. მიუხედავად იმისა რომ მას ქართველი მსმენელიც კარგად შეეჩვია, რა განაპირობებს ენის არჩევანს?

ბავშვობიდან ინგლისურენოვან მუსიკას ვუსმენდი და ვმღეროდი მამასთან ერთად. შემდეგ უკვე როდესაც საკუთარი სიმღერების წერა დავიწყე, ყველაფერი ძალიან ბუნებრივად მოხდა.. თავისით ამოტივტივდა ინგლისური და რაც მთავარია ამ ენაზე უფრო მიადვილდება ემოციის სიტყვებში ჩატევა, ვიდრე სხვა რომელიმე ენაზე. ქართულადაც მაქვს ტექსტები, ალბათ ოდესღაც მოვა მათი დროც.

M: ლოკალურ მუსიკალურ კომუნაზეც რომ ვისაუბროთ. რამდენად გრძნობ ადგილობრივ შემსრულებელ/მუსიკოსებისგან მხარდაჭერას? შეგვიძლია ამ შემთხვევაში ერთიან დიდ კომუნაზე ვისაუბროთ?

ვისაც ვიცნობ, თითქმის ყველასთან ვმეგობრობ და კოლეგიალური მხარდაჭერა ორმხრივია. ზოგადად, ეს ისეთი სფეროა, თუ ერთმანეთს გვერდში არ დავუდექით, წინ ვერც ერთი ვერ წავა. ერთად უფრო შორს შეგვიძლია წასვლა.. უფრო მაღლა შეგვიძლია ასვლა. ცალცალკე ყოფნაში და ერთმანეთის შურში ნამდვილი ხელოვნება იცვითება და საბოლოო ჯამში არაფერი აღარ იქმნება.

M: რაც შეეხება მომავლის გეგმებს. ხედავ შენს მომავალ მუსიკალურ კარიერას საქართველოში თუ პირველ რიგში ქვეყანას საწყის პლატფორმად განიხილავ?

ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ სულ მალე ჩვენს ქვეყანაში მუსიკალური ინდუსტრია უფრო განვითარდება და არტისტებს შეეძლებათ თვითრეალიზება და განვითარება საქართველოს ფარგლებშივე. გაკეთდება ელემენტარული პლატფორმა ცოცხალი მუსიკისთვის, გაიხსნება კარგი კლუბები კარგი ხმის აღჭურვილობით და უფრო მეტი ღონისძიება ჩატარდება, სადაც ქართველ მუსიკოსებს დააფასებენ. იმედი მაქვს მუსიკის ყიდვის და ფასიანი ონლაინ რესურსის გამოყენების კულტურაც განვითარდება, რადგან დღეს, როგორც იცით დისკებს აღარავინ ყიდულობს. არტისტებს გვერდში დგომა ჭირდებათ სულ მცირედით მაინც. მემგონი 10$ iTunes-ზე ნამდვილად არ არის ისეთი თანხა რომ ვერ გადაიხადო. სამაგიეროდ შენ ამით ძალიან დიდ დაფასებას და პატივისცემას გამოუთქვავ არტისტს, რომელმაც ამ ალბომში მთელი ენერგია, სული და რესურსი ჩადო.

M: დაუტოვე #თაობას ტრეკი ფლეილისტისთვის…



განხილვა