25
Jan
2019

SOULSCOPE – მუსიკოს Sophie Villy-ს საკვირაო სკოლა

25 Jan 2019

Startauperi
Startauperi


„მგონია, რომ ყველას გვაკლია განტვირთვა, არავირტუალური ურთიერთობები, მუსიკის მშვიდ გარემოში მოსმენა და უბრალოდ, ერთმანეთთან საუბარი. ამ საკითხს უფრო რომ ჩავუღრმავდი და გარშემო პლანშეტებსა და ტელეფონებში ჩამძვრალი ბავშვები შევნიშნე, მივხვდი, შინაგანი განტვირთვის აქტივობა, პატარა ასაკიდანვე უნდა დაინერგოს. ეს ხომ ახალ ურთიერთობებს, კომუნიკაციისა თუ გუნდური მუშაობის უნარის განვითარებას და ზოგადად, რეალური სამყაროს შეგრძნებასა და აღქმას უწყობს ხელს“, – ამბობს მომღერალი და კომპოზიტორი Sophie Villy, იგივე სოფი ხუციშვილი. საკვირაო სკოლა SOULSCOPE სწორედ ამიტომ შექმნა და ახლა, მუსიკალური კარიერის პარალელურად, სტუდიითაა დაკავებული.

სოფი ხუციშვილი: SOULSCOPE ჩემი ახალი პროექტია. დაახლოებით, სამი წლის განმავლობაში ვფიქრობდი საბავშვო სტუდიის შექმნაზე. უბრალოდ, იმდენად იშვიათად ვიყავი საქართველოში, ფიზიკურად ვერ ვახერხებდი. ამჟამად, ჩემი შტაბი აქ არის და გადავწყვიტე შემექმნა ის, რაც მე თვითონ მაკლია დღევანდელ, საკმაოდ სტრესულ და ქაოსურ გარემოში, რომელსაც ემატება ზედმეტი ინფორმაციით გადატვირთული სოც. ქსელები. SOULSCOPE არის ნათელი და მყუდრო სივრცე მათთვის, ვისაც საკუთარი თავის აღმოჩენა, ხალისით ცოდნის მიღება და მუსიკის უსაზღვრო სამყაროში განტვირთვა სურს. პროექტის სახელი, ალბათ, ყველაზე უკეთ გამოხატავს იდეის არსს და მიმართულებას. ტელესკოპი თუ გარე სამყაროს დაკვირვებაში გვეხმარება, Soulscope – შინაგან სამყაროში, მის სიღრმეებსა და შესაძლებლობებში გვახედებს [soul – სული, scope – თვალთახედვის არეალი]. დევიზით “Through the Magic of Music And Art” [მუსიკისა და ხელოვნების მაგიით, მუსიკისა და ხელოვნების მაგიის დახმარებით], ყოველ შაბათს ვატარებთ შეხვედრებს. ჯერჯერობით, 7-11 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის. თითო ჯგუფში 5-7 ბავშვია.

M: რას სწავლობენ ბავშვები SOULSCOPE- ში?

ს.ხ. : ეცნობიან მუსიკის საწყისებს, მუსიკისა და ხელოვნების ისტორიას. გვაქვს გიტარის, ვოკალის, პერკუსიისა და ხელნაკეთი ნივთების საათები. თითქმის, ყოველ შაბათს გვყავს მოწვეული სტუმარი ხელოვნების  სხვადასხვა სფეროდან, რომელიც ბავშვებს საკუთარ გამოცდილებასა და ხედვას უზიარებს. თვეში ერთხელ კი ვგეგმავთ გასვლით გაკვეთილებს გამოფენებზე, თეატრებსა და კონცერტებზე. სწორედ ასეთი არაფორმალური და სრულიად თავისუფალი აქტივობების მეშვეობით, ბავშვი, მუსიკასა და ხელოვნებასთან ერთად, პირველ რიგში, საკუთარ თავს ეცნობა უკეთ.

M: ვინ ასწავლის სტუდიაში?

ს.ხ. : პროექტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილად ვთვლი სწორედ იმას, რომ ჩემ გარშემო მყოფ, ნიჭიერ და წარმატებულ მეგობრებს, არტისტებს და ხელოვანებს ამ ერთ სივრცეში ვხედავ. თითოეულს აქვს ინდივიდუალური მიდგომა, ხედვა, თავისი ისტორია, გამოცდილება. ამიტომ, ყოველი შაბათი განსხვავდება ერთმანეთისგან. საოცარი პოზიტივი და ენერგეტიკა ტრიალებს, როდესაც შეხვედრის პირველივე წუთებიდან ბავშვები ერთვებიან და კითხვას კითხვაზე სვამენ. ფერწერისა და ხელნაკეთი ნივთების პედაგოგი მხატვარი მარიამ კაკალაშვილია. ამ შაბათს გვესტუმრება ცნობილი ილუსტრატორი მაშო მარგიშვილი, თავის ჯადოსნურ Masholand-თან ერთად. შემდეგ იგეგმება შეხვედრები მუსიკოსებთან: ანუშკა ჩხეიძე, სანდრო ნიკოლაძე, ნიაზ დიასამიძე და ყველა სიურპრიზი რომ არ გავამხილო, სჯობს, უბრალოდ, თვალი გვადევნოთ ჩვენს Facebook გვერდზე.

M: რას აძლევს SOULSCOPE ბავშვებს?

ს.ხ. : პირველ რიგში, პროექტის მთავარი მიზანი ბავშვისთვის თავისუფალი და ბედნიერი გარემოს შექმნაა. დაკვირვებამ და გამოცდილებამ აჩვენა, რომ სწორედ ასეთ სივრცეში ბავშვს უჩნდება ყველანაირი ბარიერის გადალახვის საოცარი უნარი: ქრება კომპლექსები, შებოჭილობა, ჩნდება სურვილი და ინტერესი ახალი, სრულიად უცნობი აქტივობების ცდისა და შესწავლის. ამ ყველაფრის გავლით, გარდატეხის ასაკს მიახლოებულმა ბავშვმა უკვე იცის რა მოსწონს, რა უნდა, რაზე ოცნებობს და რა მიზნები აქვს. ცხადია, ეს მიზნები და ოცნებები მთელი ცხოვრების განმავლობაში ცვალებადია, მაგრამ იმ გარკვეულ მომენტში, ეს ყველაფერი საჭიროა მეტი თავდაჯერებულობისთვის. პროექტი ორიენტირებულია ბავშვის შემოქმედებით, თვითრეალიზების უნარსა და შინაგან მოტივაციაზე დაფუძნებით, ცხოვრებისეული ღირებულებების განვითარებაზე.

სოფი ვილი: პირველ რიგში, პროექტის მთავარი მიზანი ბავშვისთვის თავისუფალი და ბედნიერი გარემოს შექმნაა.

M: სხვა საკვირაო სკოლებისგან რით გამოირჩევა თქვენი სტუდია?

ს.ხ. : საკუთარი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ ყოველი შეხვედრა საოცრად გვაახლოებს ერთმანეთთან, სასწაულ მოტივაციას გვაძლევს და რაც ყველაზე მთავარია, უკვე მაქვს ერთი დიდი ოჯახის შეგრძნება. საოცრად ნიჭიერი და მონდომებული „სოულსქოპელები“ არიან, მათ არაფრის ეშინიათ. Soulscope-ში მოსვლისას, არ არის სავალდებულო სიმღერის ან რომელიმე ინსტრუმენტზე დაკვრის ნიჭი. ამ აქტივობამდე ბავშვი თავისით, ბუნებრივი გზით მიდის, რომლის დასაწყისშიც იგი ეცნობა მუსიკის უზარმაზარ ბიბლიოთეკას, ფაქტობრივად, ყველა ჟანრს ეხება, რაც ზრდის აფართოებს მის ხედვას, აღქმისა თუ წარმოსახვის უნარს. ამინდის დათბობასთან ერთად, ჩვენი შეხვედრების 80% ბუნებაში ჩატარდება.

M: სამომავლოდ რას გეგმავთ?

ს.ხ. : ივნისში  ჩვენს ისტორიულ ეზოში, სოლოლაკში, მუსიკალური საღამოს მოწყობას ვაპირებთ. ასევე, არტ გენის ფესტივალზე  რამდენიმე საინტერესო აქტივობის წარდგენას ვაპირებთ. სამომავლოდ Soulscope უფრო გაფართოვდება, დაგვემატება სხვადასხვა ინსტრუმენტების კლასები პედაგოგებთან ერთად, გაიზრდება ასაკობრივი ჯგუფების რაოდენობაც.  ვფიქრობ, ჩემს მუსიკალურ პროექტებში ჩავრთო ბავშვები და ამით უფრო დიდი მოტივაცია მივცე მათ. მინდა მუსიკის ჩაწერის პროცესს ესწრებოდნენ სტუდიაში და თავადაც მონაწილეობდნენ. გარდა ამისა, ვგეგმავთ ბავშვთა თავშესაფრებსა და რეგიონებში Soulscope-თან ერთად ჩასვლას. სოციალურად დაუცველ ბავშვებს რომ წელიწადში ერთხელ, წინასაახალწლო საჩუქრებზე მეტად, ელემენტარული სითბო, ყურადღება და ურთიერთობა უხარიათ. დეკემბერში ვესტუმრეთ თბილისის ბავშვთა თავშესაფარს “ბეღურები”, სადაც მუსიკალური საათი მოვაწყეთ. ყველანაირად ვეცდები, რომ მომავალში ეს მოძრაობა უფრო მასშტაბური გახდეს და მასში, რაც შეიძლება ბევრი გულანთებული ადამიანი ჩაერთოს.

 

განხილვა