მუსიკალურ არტისტს, რომლის შემოქმედებაზეც დღეს გიამბობთ, ვიცნობთ საავტორო მუსიკით, დახვეწილი გემოვნების სიმღერებით, რომლებიც თავისებურ ნიშას ატარებს და არ ჰგავს სხვას. მსმენელს განსაკუთრებით კარგად ახსოვს რუსეთ-უკრაინის ომის დროს გამოსული მისი სიმღერა “What Can Be Worse”. ის მიმდინარე მოვლენებს ასახავდა და მუსიკით გადმოსცემდა იმ სათქმელს, რაც ნახევრად უკრაინელ, ნახევრად კი ქართველ მომღერალსა და ავტორს უნდოდა, მსმენელისთვის ეთქვა. მუსიკოსი ამჟამად აშშ-შია და თავის მეოთხე ალბომზე მუშაობს. ალბათ უკვე მიხვდით, ვისზეა საუბარი, ეს სოფი ვილია (Sophie Villy).
სოფი გვიყვება, რომ მუსიკასთან მისი კავშირი ბავშვობაში დამყარდა და მას შემდეგ არ გაწყვეტილა: „დილა რომ თენდებოდა, პირველი რაც მესმოდა, იყო კონსერვატორიის ფანჯრებიდან გამომავალი ათასნაირი ხმა…სამი-ოთხი წლის ასაკში მეზობელთან გადავდიოდი როიალზე დასაკრავად და საათობით შემეძლო იქ ჯდომა, არავინ მიშლიდა ხელს”, – იხსენებს სოფი.

დიდი წვლილი მამამაც შეიტანა, რომელიც ასევე მუსიკოსია და გარდა იმისა, რომ თავადაც უკრავდა გიტარაზე, პატარა სოფის სხვადასხვა ცნობილ არტისტებს აცნობდა. სწორედ ბავშვობის მოგონებებს უკავშირდება The Cure, ჯგუფი „აკვარიუმი”, Rolling Stones, Mamas & Papas და სხვები. 5 წლისა მუსიკალურ ათწლედშიც შევიდა, თუმცა ბოლომდე არ დაუსრულებია, რადგან ფორტეპიანოდან გიტარაზე გადავიდა და მუსიკალურ ინდუსტრიაში დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმასაც შეუდგა.
„14 წლის ვიყავი, როდესაც მამამ პირველად ხმისჩამწერი პროგრამა დამიყენა კომპიუტერზე, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ვუკრავდი და ვმღეროდი, ოღონდ არც ვიცოდი, რას. ხმას სკაიპის მიკროფონით ვიწერდი. მამაჩემი რომ შემოვიდა და მოისმინა, მკითხა, ვის სიმღერებს იწერდიო…ასე აღმოჩნდა ჩემი პირველი, ექსპრომტად შესრულებული მუსიკალური ჩანახატი. პარალელურად, მიყვარდა დღიურების წერა და მალე მივხვდი, რომ ტექსტების გარითმვაც მხიბლავდა. ასე დავიწყე სიმღერების წერა”, – გვიყვება სოფი.
საწყის ეტაპზე სოფიმ ძიების ბევრი გზა გამოიარა. ახლა კარგად ახსენდება სარეპეტიციოებში გატარებული დღეები, სხვადასხვა მუსიკოსის გაცნობა, ჯემსესიებზე სიარული, ფიქრი იმაზე, მარტო ჯობს მოღვაწეობა თუ ბენდთან ერთად…
„ყველაფერი ეტაპობრივად ხდება. ყველაზე მთავარი, ალბათ მაინც, საკუთარი ინტუიციის ნდობაა. ამ გზაზე უამრავ საინტერესო ადამიანს შეხვდები, ხოლო თუ ისეთებს იპოვი, ვისაც შენი მუსიკის სამყაროში შესასვლელ კარს გაუღებ და ენდობი, ეს უკვე დიდი მიღწევაა. ბენდის შეკვრა არ არის მარტივი ამბავი. ეს ხომ მხოლოდ მუსიკის შესრულება არ არის – ერთმანეთის აზრების, ღირებულებების, ხედვის გაზიარებაა, რაც შემდგომ უკვე ერთობლივად ქმნის იმ ყველაფერს, რაც მსმენელის ყურამდე მიდის. მე ძალიან ვამაყობ ჩემი ბენდის წევრებით. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ცალ-ცალკე გვიწევს ყოფნა, მაინც ერთი საქმისთვის ვიბრძვით. ორი მათგანი, სტას კონონოვი და დიმიტრი ზინჩემკო დღეს უკრაინაში არიან და სამშობლოს ემსახურებიან”.
M: რომელმა ჟანრმა/მუსიკოსმა იქონია გავლენა თქვენი მუსიკალური სტილისა და გემოვნების ჩამოყალიბებაზე?
რადგან სახლში, ძირითადად, ინგლისურენოვან მუსიკას ვუსმენდით, ამან იქონია გავლენა და დავიწყე ინგლისურად წერა. გავლენა ყველაფერმა ერთად იქონია ალბათ, მაგრამ გამოვყოფდი ბრიტანულ ჯგუფ Morcheeba-ს, რომელსაც 2000 წლიდან ვუსმენ, ასევე, Radiohead, Portishead, Jeff Buckley, Nina Simone და სხვა. სხვათა შორის, Morcheeba-ს კონცერტზე კიევში ისე მოხდა, რომ ბოლო სიმღერაზე “Rome Wasn’t built in a day” დარბაზიდან რამდენიმე ადამიანი აიყვანეს სცენაზე, მათ შორის, მეც. არ მჯეროდა, იმხელა ემოცია და სიხარული განვიცადე, თითქოს ბავშვობაში დავბრუნდი და 10 წლის „მეს” შევხვდი.
ხანდახან მაქვს პერიოდები, როცა ძალიან იშვიათად ვუსმენ რაიმე კონკრეტულ მუსიკას, უფრო მედიტაციურ სიხშირეებს. ალბათ საკუთარ მუსიკაზე მუშაობისას სხვანაირი კონცენტრაცია მჭირდება და ამიტომ, თავისდაუნებურად ვიზოლირდები სხვისი გავლენებისგან.
M: რა არის ის მესიჯი ან ემოცია, რომელიც გსურთ ხოლმე, რომ გამოხატოთ თქვენი მუსიკით?
ნებისმიერი რამ, რისი კეთებაც გიყვარს და არ გბეზრდება, ასოცირდება თავისუფლებასთან. ადამიანს, რომელიც თავისი საყვარელი საქმით, ყოველდღიურად, საკუთარ თავს ათავისუფლებს, სხვისი გათავისუფლებაც შეუძლია, იმიტომ რომ შთაგონებას უდიდესი ძალა აქვს, ეს გადამდებია.
მესიჯიც და მისიაც ალბათ ის არის, რომ სხვებს შთააგონო, მოტივაცია მისცე, რეალობა დაანახო, რწმენა გაუღვივო. არც თუ ისე დიდი ხნის წინ მივაგენი ამ ფორმას და მგონია, რომ ჩვენი გადარჩენისთვის ერთადერთი გზა სწორედ ამაშია – ერთმანეთის დანახვაში, ხელის გაწოდებაში, მიმღებლობასა და სიყვარულში.

M: რას ფიქრობთ დღევანდელ მუსიკალურ ინდუსტრიაზე საქართველოში, თქვენი აზრით, რა სჭირდება მას მეტი განვითარებისთვის?
უპირველეს ყოვლისა, ჩვენს ქვეყანას სჭირდება თავისუფლება და სრული დამოუკიდებლობა, რათა ყველა სფერომ სრულფასოვნად ფუნქციონირება შეძლოს. ჩვენს ხელოვანებს უდიდეს გამოწვევებთან უწევთ გამკლავება. ერთ მხარეს არის ბრძოლა ფუნდამენტური ღირებულებების დასაცავად და მეორე მხარეს შენი საყვარელი საქმის კეთება, რასაც მშვიდი და ჯანსაღი გარემო სჭირდება.
ცალკე გამოწვევაა დროის ფაქტორი. ადრე თუ საათობით შემეძლო სტუდიაში ჯდომა და მუშაობა, დღეს ეს ფუფუნება აღარ მაქვს. მუსიკოსების უმრავლესობას სხვადასხვა სამსახურში, სხვა პროფესიებით უწევს მუშაობა, რომ თავი ირჩინონ. ეს მხოლოდ ჩვენთან არ ხდება. დღევანდელი მსოფლიო მუსიკალური ინდუსტრია საგრძნობლად შეირყა და შეიცვალა. ბევრი ცნობილი არტისტი წერს, რომ საკუთარ ტურნეებს ვეღარ აფინანსებენ, გაყიდვები შემცირდა და რომ სულ უფრო რთულდება დღეს მუსიკოსობა.
M: თავად როგორ ახერხებთ, იყოთ ერთდროულად: სხვებისგან განსხვავებული, საინტერესო და მოთხოვნადი შემსრულებელი საზოგადოებისთვის?
არ ვიცი რამდენად ვახერხებ, მაგრამ არ ვნებდები. მიუხედავად ყველანაირი გამოწვევისა, მჯერა ჩემი საქმის, ჩემი შესაძლებლობების და იმის, რომ ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქვს, მოვლენებს ვერ დააჩქარებ. ბედნიერი ვარ იმით, რომ ახალ ალბომზე მუშაობისა და კონცერტების ჩატარების გარდა, მაქვს შესაძლებლობა, უკვე ამერიკაშიც, ვაშინგტონის International School Of Music-ში ვასწავლო და განვავითარო 6 წლის წინ წამოწყებული, ჩემი შემოქმედებით-საგანმანათლებლო პროექტი, SOULSCOPE ბავშვებისთვისა და მოზარდებისთვის. დღევანდელ ტექნოლოგიურ და უკვე საკმაოდ რობოტიზებულ სამყაროში, არ უნდა დაგვავიწყდეს მთავარი, სულიერი საზრდოს შენარჩუნება. სულიერი საზრდო კი ადამიანისთვის სწორედ ჯანსაღ გარემოში, მუდმივი შემოქმედებითი უნარების, აზროვნებისა და ახალი იდეების განვითარებაა.

მჯერა თითოეული ბავშვის აბსოლუტური უნიკალურობის და იმ იდეის, რომ ეს ბავშვები, სხვადასხვა ქვეყნიდან, სხვადასხვა წარმოშობისა თუ ეთნიკურობის მიუხედავად, შესაძლოა, გაერთიანდნენ, მუსიკალურად შეკავშირდნენ, ერთად შექმნან, ერთმანეთს შთააგონონ და საოცარი გამოცდილება გაუზიარონ. რა თქმა უნდა, საქართველოში მყოფი ჩემი საყვარელი SOULSCOPE-ის ქართველი და უკრაინელი სტუდენტები ამ მოძრაობის მნიშვნელოვან ნაწილად მოიაზრებიან.
M: და ბოლოს, რა სიმღერას დაუტოვებდით მკითხველს?
დაგიტოვებთ სიმღერას, რომელსაც ხშირად ვუსმენ. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ქართული ბენდის, Saffron Soul-ის “Unspoken Words”. აქვე დავამატებ, კარგი იქნება, თუ ჩვენს ქვეყანაში მსგავს ხარისხიან მუსიკას სათანადოდ დააფასებენ.
რუბრიკა zeekr Music Discovery-ს წარმოგიდგენთ Zeekr
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი












