in

სოფო ელოშვილი – #პირველისამსახური

ჩემი პირველი სამუშაო გამოცდილება რუსთავი 2-დან იწყება. პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი, ფსიქოლოგიის ბაკალავრიატზე ვსწავლობდი. ძალიან მინდოდა პრაქტიკული გამოცდილება მქონოდა და გამომეცადა საკუთარი შესაძლებლობები. ვფიქრობდი, ადამიანური რესურსების მიმართულებით მემუშავა, ამიტომ როდესაც რუსთავი 2-ის HR განყოფილებაში გამიწიეს რეკომენდაცია და მომეცა პრაქტიკების გავლის საშუალება, ხელიდან არ გავუშვი ეს შესაძლებლობა. საოცარი ადამიანის, თამილა გველესიანის გარემოში აღმოვჩნდი. მან ძალიან ბევრი რამ მასწავლა და შემიძლია ვთქვა, გზაზე დამაყენა. მიმაჩნია, რომ ჩემს კარიერულ წინსვლაში დიდი წვლილი მასაც  აქვს.

არ მქონია ის ფიქრი, რომ კარიერის დასაწყისშივე მაღალი ანაზღაურება ან განსაკუთრებული პოზიცია  უნდა მქონოდა, მთავარი განვითარებაზე ზრუნვა და გამოცდილების შეძენა იყო. რუსთავი 2-ის HR-ის განყოფილებაში ექვსი თვე გავატარე. ამ პერიოდის დასასრულს, სხვა პოზიციაზე გადავწყვიტე მეცადა ბედი. იმ დროისათვის, რუსთავი 2 კიდევ ორ არხს აერთიანებდა: მარაოსა და კომედის, რომლებსაც გაყიდვების მიმართულებით სჭირდებოდა თანამშრომლები, სწორედ ამ დროს,, ჩემი ინიციატივით გადავწყვიტე ძალების მოსინჯვა, რომელიც წარმატებული აღმოჩნდა და ასე აღმოვჩნდი გაყიდვებისა და მარკეტინგის განყოფილებაში. ჩემი ფუნქცია სამივე ტელევიზიის სარეკლამო გაყიდვებს მოიცავდა. ამას გარდა, ვმონაწილეობდი მარკეტინგულ აქტივობებში, სტრატეგიის შემუშავებასა თუ საკომუნიკაციო ღონისძიებების დაგეგმვა განხორციელებაში. ეს  დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის.

ასაკითაც და გამოცდილებითაც ძალიან პატარა ვიყავი, შესაბამისად პირველი დაბრკოლება ჩემთვის საკუთარი თავის გამოცდა და თავის დამკვიდრება იყო.. ძალიან მინდოდა ბევრი რამის სწავლა და გამოცდილების შეძენა. ამიტომ ყველანაირად ვცდილობდი, რაც შეიძლება ბევრი საქმე მქონოდა.

მთლიანობაში, ოთხი წელი გავატარე რუსთავი 2-ის მარკეტინგისა და გაყიდვების დეპარტამენტში, 2013-2017 წლებში.  ამასთან, არაერთ პროექტზე ვიმუშავე, ბევრ მათგანზე სამსახურის პარალელურ რეჟიმში. საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით ცოდნა GIPA-ში გავიმყარე და მარკეტინგის მიმართულებით განვაგრძე მუშაობა.

წარსული გამოცდილებები ჩემს მომდევნო კარიერულ განვითარებაში გამოვიყენე. ჩემი მომდევნო მრავალწლიანი გამოცდილება City Mall-ს უკავშირდება, სადაც 5 წლის განმავლობაში ვიმუშავე საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელად, რომელიც ასევე, უდიდესი გამოცდილებით აღსავსე იყო, თითოეული დღე სიახლით, საინტერესო და მრავალფეროვანი პროექტით დატვირთული იყო და მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი საუკეთესო და გამორჩეულად საინტერესო სამუშაო ადგილი იყო.

სოფო ელოშვილი – BLOX-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

როგორ შეცვალა ნიუ-იორკის კინოაკადემიის სკოლამ ტეტეშკას კარიერული გზა

„გარემო პირობებზე მორგებული სათესლე მასალა უხვი მოსავლის ერთ-ერთი გარანტია“ – ტანია ჰუბნერი, Saatbau-ს წარმომადგენელი