in

Soplidan.ge – „სტაბილური სამსახური დავტოვე და მთლიანად სტარტაპისთვის გადავწყვიტე დროის დათმობა“

Startauperi
Startauperi

სოფლიდან.ჯი ხიდია სოფელსა და ქალაქს შორის. ის ასეულობით ფერმერს აკავშირებს ქალაქის მოსახლეობასთან, ონლაინ პლატფორმის მეშვეობით და ათასობით ოჯახს მარტივად და ინოვაციურად აწვდის ქართული ფერმერული მეურნეობის პროდუქტს, ვებგვერდის www.soplidan.ge დახმარებით. ეს იდეა, როგორც ყველა ინოვაციური სტარტაპი, ჩვენი გარშემომყოფი, უბრალო ადამიანების საჭიროებებს ემსახურება. ამ ბიზნესმა გაამარტივა უამრავი ახალგაზრდა ოჯახის, სრულ განაკვეთზე დასაქმებული ადამიანის, ბევრი გურმანისა და საქართველოში მაცხოვრებელი უცხოელის ცხოვრება. მეორე მხრივ კი, უამრავ ფერმერს გაუხსნა ონლაინ გაყიდვების ბაზარი პროდუქტის გასაყიდად.

ამ საქმის წამოწყების შემდეგ, ექვს თვეში ძალიან სტაბილური სამსახური დავტოვე და მთლიანად სტარტაპისთვის გადავწყვიტე დროის დათმობა. ახლა ვხვდები, ეს ძალიან თამამი გადაწყვეტილება იყო, რადგან საკმაოდ არასტაბილურ გარემოში კიდევ უფრო მეტი არასტაბილურობა დავიმატე როგორც ქალმა, დედამ, შვილმა. ამ შვიდ წელიწადში ბევრი დაბრკოლება გამოვიარეთ და თუ Soplidan.ge-ს რამემ სიცოცხლე შეუნარჩუნა, იყო მოძრაობა – არცერთი დღე გაჩერებულად ყოფნა.

სტარტაპერში ჩართულობამ მომცა საშუალება ბევრ ადამიანს გაეგო Soplidan.ge-ს შესახებ – მისი არსებობა გაშუქდა არაერთი მაღალი რეპუტაციის მქონე მედიასაშუალების მიერ. სტარტაპერთან ურთიერთობამ მომცა კარგი შესაძლებლობა გამეცნო და ვყოფილიყავი წევრი სტარტაპერების ეკოსისტემის, გამეზიარებინა სხვა სტარტაპების გამოცდილება და მესწავლა მათთან ერთად ბრძოლა გადარჩენისთვის.

Soplidan.ge მესამე შვილია ჩემთვის – ისევე მიყვარს, ვწუხვარ, ვშფოთავ და ვხარობ მისით, როგორც ჩემი ორი ვაჟით. მან რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრების სტილი, ინტერესები და დამოკიდებულებები არა მარტო ბიზნესის, არამედ ცხოვრებისეული საკითხების მიმართაც. Soplidan.ge-მ მომცა ყველაფერი – გამოცდილება, ცოდნა, თავდაჯერებულება, ადაპტაციისა და კრიზისული ქეისების ისეთი მართვის უნარი, რომელსაც ვერც ერთ სამსახურში დაქირავებულად ყოფნა ვერასოდეს მომცემდა.

დღესდღეობით, შედეგები ასეთია:

Soplidan.ge – 2015 წელს: 2 თანამშრომელი, 15 პროდუქტი, 5 მომწოდებელი ფერმერი, ასიოდე მომხმარებელი.

Soplidan.ge – 2022 წელი: 15 თანამშრომელი, 400 პროდუქტი, 300 ფერმერი, 10000 რეგისტრირებული მომხმარებელი, გაყიდვების პლატფორმები: ვებგვერდი, მობაპლიკაციები, გლოვო/ვოლტი, ბრენდირებული მაღაზია ქალაქის ცენტრში.

ექსპორტი ევროპის 10 ქვეყანაში და აშშ-ში. 1 მლნ ლარი წლიური ბრუნვა.

ნათია ნინიკელაშვილი – Soplidan.ge-ის დამფუძნებელი

#სტარტაპერი5წლისაა

Dots Legal: „ჩვენ დავამტკიცეთ, რომ იურიდიულ კომპანიასთან ურთიერთობა შეიძლება იყოს მარტივი და კომფორტული“

Coca-Cola-ს ახალ ბოთლს თავსახური ბოლომდე არ სცილდება