28 ივნისს, სპორტის სასახლეში, სოფო ბათილაშვილის სადებიუტო ალბომის საპრეზენტაციო კონცერტი გაიმართება. „მხოლოდ ქართულის“ გამარჯვებული, მუსიკალურ კრებულში შესულ ყველა სიმღერას შეასრულებს. მათ შორის იქნება „ჰერიო ბიჭებო“, რომლითაც მომღერალი ძალადობას დაგმობს. საღამოს ორგანიზატორები არიან: კომპანია „ბრავო რექორდსი“ და „რუსთავი 2“.
„შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ, „ბრავო რექორდსმა“ სოფო ბათილაშვილის სადებიუტო ალბომი გამოუშვა, რომლის სახელწოდებაა „პერიფრაზი”. ალბომის გამოსვლასთან დაკავშირებით ხმის ჩამწერ სტუდიაში, სპეციალურად ჟურნალისტებისთვის მოეწყო პრეს-კონფერენცია და ალბომზე ხელის მოწერის ცერემონიალი (signing party). სადებიუტო ალბომში შესულია პროექტ „მხოლოდ ქართულში“ სოფოს მიერ შესრულებული თითქმის ყველა სიმღერა: „იაგუნდი“, „ძეგლად გადმომეფარე“, „ჰერიო ბიჭებო“, „ჯადოსნური კვერცხი“, „ჩემი აღარა ხარ მორჩა“, „მე საიდუმლოს შენახვა ვიცი“, „თათრის გოგონავ“; „ადანდალი” და „ფაჩუჩები“.
პროექტში, რომლის ხელმძღვანელი მარინა ბერიძეა, მონაწილეობას მიიღებენ: ბენდი „ნიუტონი“ – შაკო ღელეყვა (ბასი); ლევან აბშილავა (დრამი); ზვიად ბოლქვაძე (არანჟირებების ავტორი, ვოკალი, გიტარა, კლავიში და სხვა); ლევან კემულარია (საყვირი); გიორგი პაპუნაშვილი (დუდუკი) და სპეციალურად მოწვეული მუსიკოსები. კონცერტის დასრულების შემდეგ, სპორტის სასახლის ფოიეში, მსურველებს ალბომის შეძენის შესაძლებლობაც ექნებათ, პარალელურად, გაიმართება ალბომზე ხელის მოწერის ცერემონიალი (sighning party).
19 წლის სოფო ბათილაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მუსიკალური პროექტის „მხოლოდ ქართულის“ გამარჯვებულია. მან პროექტის დაწყებისთანავე, უნიკალური შესრულების მანერით ქართველი მსმენელის დიდი მოწონება დაიმსახურა.
„სოფო გამოირჩევა განსაკუთრებული ხმის ტემბრითა და ინდივიდუალიზმით. მისი დამოკიდებულება ქართული სიმღერისადმი თამამი და ამავე დროს ძალიან ფრთხილია. ზვიად ბოლქვაძისა და სოფო ბათილაშვილის საოცარი ტანდემი, არის ახალი სიტყვა ქართულ მუსიკალურ სცენაზე. ძალიან პატარა ასაკიდან მღერის, იყო რამოდენიმე ფოლკლორული ანსამბლის წევრი, დამთავრებული აქვს მუსიკალური ექვსწლედი ფორტეპიანოს განხრით, ფლობს არაერთ ინსტრუმენტს ამჟამად, კი ვოკალის განხრით ნიჭიერთა ათწლედში სწავლობს, ასევე არის აფხაზეთის კაპელის წევრი, რომელსაც ზვიად ბოლქვაძე ხელმძღვანელობს“.
კონცერტზე დასასწრები ბილეთები იყიდება BILETEBI.GE-სა და სპორტის სასახლის სალაროებში.
[R]