სოფო ბათილაშვილი მიუხედავად პატარა ასაკისა, ქართულ მუსიკალურ სცენაზე უკვე 10 წელზე მეტია რაც აქტიურად ჩანს. სახალხო აღიარება სატელევიზიო პროექტებმა მოუტანეს, თუმცა ყოველთვის იგრძნობოდა, რომ მისი მუსიკალური მიმართულება ბევრად ფართო იყო და ეს პროექტები ამ შესაძლებლობებს ხშირად მარწუხებში აქცევდა. სწორედ ამიტომ, 2 წლის წინ შემსრულებელმა ახალ ალბომზე დაიწყო მუშაობა, თუმცა ამ პროცესში მარტო არ აღმოჩნდა და მნიშვნელოვანი მუსიკალური პარტნიორი, პროდიუსერი ალექს ბერძენიშვილი იპოვა, შეკრა ბენდი “SOPO” და მალე ამ პერიოდის ჩანაწერები, საერთო ფორმატით და “Game Over”-ის სახელით 22 სექტემბერს გამოვა – იგი 11 ორიგინალურ კომპოზიციას მოიცავს, რომლის მუსიკის და ტექსტის ავტორიც თავად სოფოა. მარკეტერი სოფოს ალბომის ჩაწერის პროცესზე ესაუბრა:
სოფო პირველ რიგში გვითხარი როგორ ხარ და როგორ მიდის მზადება ახალი ალბომისთვის?
საკმაოდ კარგად ვგრძნობ თავს, მშვენიერი პერიოდი მაქვს სხვადასხვა კუთხით. როგორც იქნა, თითქმის ორწლიანი მუშაობის შემდეგ, ლაივ სესიები უკვე გავაზიარეთ და 22 სექტემბერს სრულ ალბომს ვუზიარებთ მსმენელს, რაც განსაკუთრებით მომწონს და მიხარია.
ვინ არის ალბომის მთავარი მუსიკალური პროდიუსერი და რამდენად მარტივად შეთამაშდით ჩაწერის პროცესში?
ალბომის მთავარი მუსიკალური პროდიუსერი ჩემი ახლო მეგობარი, ალექს ბერძია,რომელთან მუშაობასაც ზუსტად ისე დავახასიათებ, როგორც თვითონ ახასიათებს ხოლმე ჩემთან მუშაობას – ზოგჯერ მარტივი, ზოგჯერ რთული, ზოგჯერ ძალიან რთული. მაგრამ საბოლოო ჯამში ის გამოგვივიდა,რაც ძალიან მოგვწონს და გვიყვარს.
როგორ შეარჩიე მუსიკოსები რომლებიც ამ მოგზაურობაში გეხმარებოდნენ? რამდენად მნიშვნელოვანი როლი მიუძღვით მათ საბოლოო პროდუქტის შექმნაში?
მე და ალექს ბერძს გვინდოდა გაგვეკეთებინა ბენდი, დაგვეკრა ადამიანებთან ერთად, რომლებსაც მსგავსი მიდგომა აქვთ მუსიკის მიმართ, იმის დაკვრა მოწონთ, რისი დაკვრაც ჩვენც მოგვწონს და ამ ყველაფერს გავაკეთებდით ისე, როგორც გვენდომებოდა – უკომპრომისოდ. მართალია ბენდს საკმაოდ ეგოცენტრული სახელი – ‘SOPO’ აქვს, მაგრამ ეს ბენდი თითოეული ადამიანია,რომელიც მასში უკრავს. მე ამ ბენდში დაკვრისას ან სიმღერისას ყველაზე ახლოს ვგრძნობ ჩემს თავს, ვიდრე აქამდე ოდესმე მიგრძვნია და განსაკუთრებულად სასიამოვნოა ამის გაანალიზება.
2023 წლის თებერვალში ალექს ბერძმა დაურეკა თავის ძველ მეგობარს,გიტარისტს, ზურა კიკნაძეს, რომელმაც გაგვაცნო გიგი კობერიძე,ჩვენი დრამერი. პირველად ერთად რომ დაუკრეს ალექს ბერძმა მახარა: ‘სოფო, ეგ არი!’ მაშინ მივხვდი რო სადღაც რაღაცამ გაისროლა და რაღაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი დავიწყეთ. ალბომზე მუშაობა მალევე დაიწყო,რა დროსაც მივხვდით,რომ კიდევ ერთი გიტარა გვინდოდა გვყოლოდა ბენდში და რომ კონკრეტულად თორნიკე გაგოშვილი გვყავდა მხედველობაში. დავურეკეთ და უყოყმანოდ, ძალიან მშვიდად და წყნარად, ეგრევე დაგვთანხმდა. თორნიკეს შემომატებამ ჩვენი ბენდი სრულყოფილი გახადა.
ალბომი რაიმე ლირიურ თემატიკას ატარებს თუ უბრალოდ სიმღერების კოლექციაა?
ალბომს GAME OVER-ი ჰქვია,სახელიდან გამომდინარე რაღაც დასკვნის გაკეთება შესაძლებელია. ალბომში შემავალ ყველა სიმღერას თავისი დატვირთვა აქვს და თერთმეტივე სიმღერა ერთად ქმნის იდეას,რომელზეც ალბომის სახელიც ლაპარაკობს. ეს ალბომი ჩემთვის ძალიან მკაფიო მნიშვნელობის მატარებელია,მაგრამ ამაზე მეტად კონკრეტული არ ვიქნები,რადგან არ მინდა მსმენელს წავართვა უჩარჩოო მდგომარეობა ალბომის მოსმენისას.
განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ ,,კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას’’,რომლის სრული მხარდაჭერითაც ჩაიწერა ალბომი და ჩვენი ლაივ სესია.
როგორ და სად აპირებ ალბომის წარდგენას?
ოქტომბერში იგეგმება წარდგენა,რაზეც უფრო მეტს საზოგადოება ცოტა ხანში გაიგებს.