სოფო ბათილაშვილი ის მომღერალია, რომლის ხმა თითქოს ჰაერში იშლება და მსმენელის გულამდე ისე აღწევს, რომ შეიძლება ხელებზე ეკლებმაც კი დაგაყაროს. წლების განმავლობაში მისმა დახვეწილმა ინტერპრეტაციებმა, შესრულების მაღალმა დონემ და ბუნებრივობამ მრავალი ადამიანის სიყვარული მოიპოვა და სოფო ქართული მუსიკალური ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მომღერლად იქცა.
თუმცა ბევრმა შეიძლება არ იცოდეს, რომ მისი საქმიანობის კიდევ ერთი და, შეიძლება ითქვას, მთავარი მხარე საავტორო მუსიკის შექმნაა. დღეს მას საკუთარი ბენდი ჰყავს და მუშაობს სიმღერებზე, რომლებითაც მუსიკოსი თავის გრძნობებსა და ისტორიას გამოხატავს. როგორც თავად აღნიშნავს, ეს პროცესი მისთვის თერაპიაა და მთელი იმ გამოცდილების გაერთიანება, რაც მიუღია როგორც ცხოვრებისეულად, ისე მუსიკალურად.
ჩვენთან ინტერვიუში სოფო გვიამბობს თავის მუსიკალურ გზაზე, პირველ ნაბიჯებზე, შთაგონების წყაროებსა და მიმდინარე გეგმებზე.
სოფო ბათილაშვილი:
დედაჩემს თუ დავუჯერებთ, მუსიკის მიმართ სიყვარულს ჯერ კიდევ მაშინ გამოვხატავდი, სანამ ლაპარაკს დავიწყებდი. თუმცა უშუალოდ ჩემი პირველი მოგონება უკავშირდება იმ მომენტებს, როდესაც სამი წლის ვიყავი, დედა უკრავდა ფორტეპიანოზე და მე ვმღეროდი.
ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტი ჩემთვის აღმოჩნდა სკოლის დაწყებითი კლასების ზეიმზე სიმღერა, როდესაც ჩემთვის გავიფიქრე: „მგონი, კარგად ვმღერი”…
მერე უკვე იყო მუსიკალური განათლება, როგორიცაა მუსიკალური 6-წლედი, სხვადასხვა ანსამბლში დაკვრა, ხალხურ სიმღერასთან დამეგობრება, საგალობლები, ნიჭიერთა ათწლედი, სადაც არიებს ვმღეროდი, ერთი სიტყვით, ვცდიდი მაქსიმალურად განსხვავებულ ჟანრებს, სადაც კი ხელი მიმიწვდებოდა, რათა ყველაფერი მესწავლა, რაც მაინტერესებდა მუსიკის მიმართულებით. მქონდა პატივი, „ბერკლის” საზაფხულო სკოლაშიც გამევლო კურსი, სადაც ვსწავლობდი ჰარმონიას, ვოკალს და სხვადასხვა საგანს.
ამ ძიებამ, საბოლოოდ, მაპოვნინა საკუთარი თავი და მიმიყვანა მთავარ იდეამდე, რომელიცაა ჩემი მუსიკა.
M: თქვენ ბევრ მუსიკალურ პროექტში მონაწილეობდით, დღეს კი ბენდთან ერთად საკუთარ მუსიკას აკეთებთ. როგორი იყო ეს გზა და გამოცდილება, რომელმაც აქამდე მოგიყვანათ?
გამოცდილება ნამდვილად მივიღე. თუნდაც, იმ ადამიანებთან ერთად მუშაობა, რომლებთანაც მომიწია ამ პროექტების განმავლობაში, ძალიან კარგი იყო იმ მხრივ, რომ ბევრი რამის სწავლა შეიძლებოდა.
პროექტებში მონაწილეობამ ჩემი, როგორც შემსრულებლის განვითარება მოიტანა და დამაახლოვა ჩემს თავთან, რათა მივმხვდარიყავი, რა მინდა, როგორი მუსიკა მომწონს, რა უფრო მიხდება და ა.შ.
M: სოფო, როგორია ხოლმე თქვენი შემოქმედებითი პროცესი?
სიმღერების წერას ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ ვცდილობდი, თუმცა საკამათო საკითხია, რამდენად მომწონს დღეს ის სიმღერები, რომლებსაც მაშინ ვწერდი. დღეისათვის ეს პროცესი ძალიან საინტერესოდ მეჩვენება, რადგან ყოველ ახალ სიმღერაზე მუშაობისას რაიმე ახალს ვსწავლობ ან აღმოვაჩენ.
უშუალოდ სამუშაო პროცესი საკმაოდ განსხვავებულია. ორი სიმღერის წერა რომ შევადაროთ, ერთი შეიძლება დავწერო, მაგალითად, 15 წუთში, ხოლო მეორე 1 წლის განმავლობაში ვწერო, ჯერ გავაკეთო ერთი ვერსი, რამდენიმე თვის შემდეგ მეორე და ა.შ.
ინსპირაცია ძირითადად მოდის ხოლმე ემოციებიდან. ეს შეიძლება იყოს სიხარულიც, ბრაზიც, ტკივილიც, რომელსაც გამოხატვა სჭირდება. თავიდან ვერ ვიგებდი ხოლმე, რა იყო, რა მაწუხებდა, მერე მივხვდი, რომ ეს ემოციები მიწვევს ინსტრუმენტისკენ, რათა გადმოვცე და მუსიკად გარდავქმნა. მუსიკა არის საშუალება, დავალაგო ჩემი ემოციები – როგორც კი დაიჭერ იმ მომენტს, როცა რაღაცას გრძნობ, სიტყვებიც და მელოდიაც თავისით მოდის.

M: როგორია თქვენი შემოქმედებითი გზავნილი, რომელიც გსურთ, რომ მიიტანოთ მსმენელამდე?
გზავნილები, პირველ რიგში, ჩემს თავთან მაქვს ხოლმე. უკვე ჩაწერილ სიმღერას მოგვიანებით რომ ვუსმენ, საკუთარ თავს ვახსენებ ხოლმე, რომ ეს ხარ და ეს გინდა.
ზოგადად კი მგონია, რომ ჩემი მუსიკის დიდი ნაწილი პროტესტია, გარემოებებისა და უსამართლობის აღწერა. სულ რომ არ ჩავიფიქრო და ისე დავწერო სიმღერა, საბოლოო ჯამში, მაინც ვხვდები ხოლმე, რომ გარკვეულ გზავნილებს შეიცავს, რომლებიც ძირითადად ამ თემებს ეხმიანება.
M: რას გვეტყვით დღევანდელ მუსიკალურ ინდუსტრიაზე საქართველოში, რა არის იმისთვის საჭირო, რომ მუსიკოსები მეტად რეალიზდნენ?
პირველი, რაც თავში მომდის, არის სივრცეების ნაკლებობა. მინდა, რომ იყოს ბევრი ისეთი ადგილი, სადაც ჩემს ბენდთან ერთად სიამოვნებით დავუკრავდი.
გარდა ამისა, ქვეყანაში ისეთი მდგომარეობაა, რომ ბევრს არც მუსიკის კეთება ეხალისება და არც მსმენელს კონცერტებზე სიარული. ეს ყველაფერი ერთმანეთთან ჯაჭვს ქმნის და მინდა, ისეთ გარემოში ვცხოვრობდე, სადაც მუსიკის სფეროს განვითარებისთვის ხალისი და დრო იქნება.
M: სოფო, რაზე მუშაობთ ამჟამად და რას უნდა ელოდოს მსმენელი თქვენგან ახლო მომავალში?
ბენდთან ერთად ვმუშაობ ახალ ალბომზე, რომლის სიმღერების ნაწილიც უკვე ჩაწერილია და მიქსინგის პროცესს გადის, ზოგიერთი ჯერ დემოვერსიად გვაქვს და დასამუშავებელია. მაქვს გეგმა, რომ ამ წლის ბოლომდე უკვე გამოვიდეს ეს მეორე ალბომი. ასევე, ვიმედოვნებ, გვექნება ისეთი გარემოპირობები, რომ ცოცხლად წარვდგეთ მსმენელის წინაშე და მოგვისმინოს ყველამ, ვისაც ჩვენი მუსიკა აინტერესებს და მისი მიმღებლობა აქვს.
M: დაბოლოს, რა სიმღერას დაუტოვებდით მკითხველს?
დავტოვებ ჩემს სიმღერას, რომელიც პირველ ალბომშია შეტანილი.
რუბრიკა zeekr Music Discovery-ს წარმოგიდგენთ Zeekr
სასიამოვნო მოგზაურობისთვის, გამოგვყევით და მოუსმინეთ მარკეტერისა და Zeekr-ის Spotify-ს ერთობლივ ფლეილისტებს:
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი











