
ჟურნალისტიკის ფაკულტეტის პირველ კურსზე ვიყავი, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაცია IREX-ის ოფისის ასისტენტის ვაკანსიას გამოვეხმაურე, თუმცა, არ ვიყავი დარწმუნებული, რომ დამიკავშირდებოდნენ. სკოლის დამამთავრებელი წელი ამერიკაში ვისწავლე, FLEX-ის გაცვლითი პროგრამით. ვფიქრობ, რომ ინგლისურის და კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნამ ჩემს დასაქმებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა და ორგანიზაციის ამერიკელ ხელმძღვანელთან საერთო ენის გამონახვაში დამეხმარა. სტუდენტობის პერიოდში თან ვსწავლობდი და შეთავსებით ვმუშაობდი. პირველ დაბრკოლებას წავაწყდი, როცა 18 წლის ასაკში, საერთაშორისო ორგანიზაციის სახელით მიწევდა სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურის სტაჟიან თანამშრომლებთან ურთიერთობა. ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული უნარჩვევები და ღირებულებები გვქონდა, ამას ემატებოდა ამ სტრუქტურების ბიუროკრატიული სირთულეები და გადაწყვეტილებების მიღების ჯერ კიდევ საბჭოთა სტილი. პირველ სამსახურში ძალიან გამიმართლა იმ კუთხით, რომ სწორედ IREX-ში მუშაობისას გავიცანი უამრავი პროფესიონალი, რომლებთანაც ახლაც ვმეგობრობ და ვთანამშრომლობ. ახლანდელ სამსახურში – სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში – ყოველწლიურად ვაწყობთ დასაქმების ფორუმს, რომელიც საჭირო კონტაქტების დამყარების გარდა, სტუდენტებს ასევე ეხმარება საკუთარი შესაძლებლობების ობიექტურ ანალიზსა და სწორი მოლოდინების შექმნაში, რაც სამსახურის ძიებას მნიშვნელოვნად უადვილებთ. სოფო ჭაავა – სან დიეგოს უნივერსიტეტი საქართველოს კომუნიკაციების სპეციალისტი.