
სოფო ჩოგოვაძე სექტემბრიდან ახალ პოზიციაზე გადადის და ამერიკული რესტორნების ქსელ Wendy’s EMEA-ს ბაზრების, ანუ ევროპის, შუა აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონალური მარკეტინგის ხელმძღვანელი გახდება. რას გულისხმობს ახალი პოზიცია, რა მოვალეობები ეკისრება სოფოს, რა სირთულეებთანაა დაკავშრებული ახალი სამსახური და რა სამომავლო გეგმები აქვს მას, ამის შესახებ ინტერვიუდან შეიტყობთ.
M: რა პოზიცია გეკავათ საქართველოში?
Wendy’s-ის დააარსების დღიდან, ანუ ბოლო სამი წელი, ვხელმძღვანელობდი და აქტიურად ვიყავი ჩართული კომპანიის საქართველოს ბაზარზე შემოყვანის, დამკვიდრებისა და წარმატებით ოპერირების პროცესში. მინდა აღვნიშნო, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, Wendy’s საქართველომ მთელ სისტემაში თავი დაიმკვიდრა, როგორც სამაგალითო ბაზარმა.
M: მოგვიყევით სამსახურში თქვენი ახალი პოზიციის შესახებ.
ჩემი ძირითადი როლი ორგანიზაციისთვის რეგიონალურ დონეზე სტრატეგიული მარკეტინგული მიმართულებების/გეგმების შემუშავება და განვითარება იქნება. ეს როლი ითვალისწინებს თითოეული ბაზრის მარკეტინგის დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, ბრენდის გლობალური სტრატეგიებისა თუ მიზნების ადაპტაციას ლოკალური ბაზრების საჭიროებებზე და შესაბამისი ინიციატივების განხორციელებას. ასევე, ისეთი მარკეტინგული პროგრამების შემუშავებას, კომუნიკაციასა და იმპლემენტაციას, რომელიც მიმართული იქნება EMEA-ს ბაზრებზე ბრენდის განვითარების, გაყიდვების სტიმულირებისა და მომგებიანი ზრდისკენ.
M: როგორ მიიღეთ ეს ახალი გამოწვევა?
ადგილობრივი და საერთაშორისო გუნდების ერთობლივი ძალისხმევის დამსახურებით, ძალიან ბევრი საინტერესო ინიციატივა, თუ კონცეფცია დავნერგეთ საქართველოში. სწორედ, რეგიონალურ გუნდთან ერთად ეფექტურმა მუშაობამ მიგვიყვანა არაერთ ურთიერთსასარგებლო შედეგამდე და განაპირობა საქართველოს ბაზრის წარმატება მთლიანად Wendy’s სისტემაში.
ვფიქრობ, ჩემი შემოთავაზების ერთ-ერთი ძირითადი საბაბი სწორედ წლების განმავლობაში ასეთი წარმატებული თანამშრომლობა იყო. ასევე, ვინაიდან ამ წლების განმავლობაში მეც ამ რეგიონში შემავალი ერთ-ერთი ბაზრის მარკეტინგის ხელმძღვანელი ვიყავი, კარგად ვიცნობ ფრანჩაიზ კომპანიის მოთხოვნებსა და საჭიროებებს და ნათელი ხედვა მაქვს, თუ რა სახის მხარდაჭერა შეიძლება დასჭირდეთ ბაზრებს მათი კიდევ უფრო წარმატებული ოპერირებისთვის.
M: რა სირთულეებთანაა დაკავშირებული ახალი სამუშაო ადგილი?
ჩემთვის ყველაზე რთული არსებული გუნდის გარეშე მუშაობა იქნება. იმ გუნდის, ვისთან ერთადაც ამდენი ხანი ძალიან ეფექტურად და მეგობრულად ვმუშაობდი. რაც შეეხება ახალ სამსახურს, მუშაობას სექტემბრიდან ვიწყებ, თუმცა, დაახლოებით წარმოდგენა მაქვს, თუ რა სირთულეებთან შეიძლება მქონდეს შეხება. დარწმუნებული ვარ, ამხელა მასშტაბის მულტინაციონალური კომპანიის სამუშაო სპეციფიკა, სამუშაო გარემო და ტემპი ძალიან განსხვავებული იქნება იმ ყველაფრისგან, რაც საქართველოში აქამდე მინახავს. ყველაფერთან ერთად, ვიცვლი საცხოვრებელ ქვეყანასაც და გადავდივარ დუბაიში, რაც თავისთავად, ასევე ძალიან დიდი სიახლე იქნება ჩემთვის. ამის მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, ძალიან საინტერესო სიახლეები, გამოწვევები და მისია მელოდება, რომელსაც ძალიან დიდი ენთუზიაზმით ვეგებები!
M: დუბაიში საცხოვრებლად ოჯახთან ერთად გადახვალთ?
პირველ ეტაპზე, ჩემს მეუღლესთან ერთად მივდივარ, რომელიც ძალიან მგულშემატკივრობს და მაქსიმალურად მიწყობა ყველაფერში ხელს. როგორც კი მოვეწყობით, უახლოეს მომავალში, ბავშვების გადაყვანასაც ვგეგმავ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან დიდ ცვლილებებთან არის დაკავშირებული, ვფიქრობ ძალიან საინტერესო ცხოვრებისეული გამოცდილებაც იქნება მათთვის და ისინიც აღფრთოვანებით ელოდებიან ამ სიახლეს.
M: რა სამომავლო გეგმები გაქვთ?
ამჟამად, ჩემთვის ძალიან დიდი სტუმული და მოტივაციაა ჩემი ცხოვრების ეს ახალი, ძალიან საინტერესო შესაძლებლობა და ჩემი ახლანდელი გეგმები სწორედ ამ გამოწვევის წარმატებით გამკლავებას უკავშირდება. ამ ეტაპზე, შევეცდები მაქსიმალურად დავიხარჯო ამ პოზიციაზე მუშაობისას და კომპანიის განვითარებაში ღირსეული წვლილი შევიტანო. შემდეგ ეტაპებს კი, ცხოვრება მიკარნახებს.