in

“სპონტანური დღეებისთვის და მომენტებისთვის ღირს, ბევრი ცხოვრებიდან ერთ-ერთში მაინც იყო მხატვარი” – სოფო მამალაძე


ძალიან ბევრი ფერი, დახვეწილი სიჭრელე, შერეული მასალები და არაფრის/არავისმსგავსი პერსონაჟები – ასეთია 19 წლის ხელოვანის, სოფო მამალაძის შემოქმედება.

“სოფო არის ადამიანი, რომელსაც უყვარს ყველანაირი პროცესი, რაც უკავშირდება მის თავთან ჩაღრმავებას და უკეთ გაცნობას. და უბრალოდ მარტივად რომ ვთქვათ სოფო არის ადამიანი, რომელსაც უყვარს ცეკვა ხატვის დროს,” – სწორედ ასე გვიხასიათებს ის საკუთარ თავს და ჩვენც ვხვდებით, რომ მის შემოქმედებით სამყაროში ბევრნაირი შთაგონების მოძებნა შეიძლება. აი, ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ სოფოს დეტალურად გავსაუბრებოდით:

M: როგორ მოხვდით ხელოვნებაში? რა წინაპირობები უძღოდა თქვენს გადაწყვეტილებას, ყოფილიყავით ხელოვანი?

ხელოვნებაში ვერ “მოხვდები” ადამიანი, თუ არ ეცდები, დააკვირდე ნებისმიერ საგანს და აღიქვა ის შენად. ხელოვანია ყველა ჩემთვის, ვინც გულწრფელად შრომობს და აფასებს საკუთარ პროფესიას. აი მხატვრობა კიდევ პირდაპირკავშირშია შრომასთან.
ეს არის ხმა, რომელიც ყველას განსხვავებულად ჩაესმის და აიძულებს, რომ იმოქმედონ.
ბევრი მრავალწერტილია, რომლებსაც აგრძელებ თავად და, ფაქტობრივად, შენ ქმნი იმ რითმს, რომელსაც უნდა აჰყვე, დაეწიო. სხვა გზა უბრალოდ არ გაქვს.

ის კონკრეტული მომენტი არ მახსოვს, როცა გადავწყვიტე, რომ შრომა არ მეზარებოდა და პირიქით მსიამოვნებდა. ალბათ მეც გავიქეცი, ვიყიდე მასალა და დავიწყე ხატვა.
ხელოვანი ვერასდროს დააღწევს თავს, თუ ის შემოქმედებით პროცესში ერთხელ მაინც იპოვის რაღაც მცირეს, თავისას. ხოდა, მეც ასევე, რამდენჯერაც არ უნდა მინდოდეს გაქცევა, მაინც იქ ვბრუნდები, სადაც ყველაზე დიდი სარკე მეგულება.

M: ვინ ხართ პროფესიით – გვესაუბრეთ თქვენს განათლებაზე და როგორ გახსენდებათ განათლების მიღების პროცესი?

პროფესია – ეს სიტყვა ძალიან არ მიყვარს. სამხატვრო აკადემიაში წიგნის დიზაინსა და ილუსტრაციაზე ვსწავლობ. თუმცა, ფერწერას უფრო მეტ ჩემს თავს და დროს ვუთმობ.
ხელოვნება მაგარია, სულ სწავლობ, სულ იზრდები და თან ისე სწრაფად, რომ შენი თავისაც გიკვირს ხანდახან.

დაახლოებით 12 წლის წინ გამოვძერწე პატარა “კაცუნები”, შემდეგ იყო რამდენიმე სახელოსნო, ხატვა და ძერწვა. თუმცა, ყველაზე დასამახსოვრებელი ლია შველიძისა და მამუკა ცეცხლაძის სახელოსნოში მუშაობა იყო, დაახლოებით 6-7 წელი. შეიძლება ითქვას, რომ ამ დროს მოხდა ერთ-ერთი ყველაზე დიდი გადატრიალება ჩემში. თუმცა, ამას მაშინ ვერ ვხვდებოდი. პირიქით, ძალიანაც მეზარებოდა და ძალიანაც ვაწვალებდი ლიას. მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, არც ისე ზარმაცი აღმოვჩნდი და ეს უბრალოდ პატარა ასაკის ბრალი იყო.

M: საიდან მოდის ხოლმე თქვენთვის შთაგონება?

შთაგონების წყარო ყველგან არის. ხანდახან ისეთი დოზით, რომ თავი მტკივდება. ვხატავ ყველაფერს, რასაც იმ მომენტში კონკრეტულად განვიცდი და ვხედავ, თუმცა,  ძირითადად, ვხატავ ადამიანებს-ფიგურებს, რომლებიც გამოხატავენ სხვადასხვა ემოციას. შესაძლოა, ფიზიკურად ჰგავდეს ადამიანს, თუმცა, რეალურად ის იყოს რაიმე კონკრეტული მომენტის აღბეჭდვა ჩემებურად. ვფიქრობ, სხვადასხვა სხეულში გამოხატული ერთნაირი ან განსხვავებული ემოციები, გარკვეული პერიოდები და ჩემთვის მნიშვნელოვანი გამოცილებები საინტერესოა, როცა ინდივიდუალურ ადამიანად გვევლინება. რადგან მნახველისთვის მარტივია საკუთარ თავთან გააიგივოს ესა თუ ის პერსონაჟი.

M: რომელ მედიუმებში გიმუშავიათ თქვენი კარიერის განმავლობაში და დღეს რომელ მედიუმებს ანიჭებთ უპირატესობას?

თითქმის ყოველთვის ვხატავ შერეულ ტექნიკაში, ვინაიდან მიყვარს საკუთარი თავის მუდმივად ძიება და მიყვარს სიახლეები. აკრილით, პასტელით და ტექსტილით შესაძლებელია ძალიან საინტერესო პროცესში ჩართვა. შერეული ტექნიკა საშუალებას მაძლევს, ბოლომდე გამოვხატო საკუთარი თავი და ყველაზე მეტად რაც მომწონს ამ ტექნიკაში არის ის, რომ თითქმის შეუძლებელია მეორე იდენტური ნამუშევრის შექმნა.

M: თქვენი ნამუშევრები საკმაოდ ფერადი და ჭრელია – როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა თავის დროზე ამგვარი სტილის ჩამოყალიბება?

ფერწერაში – როგორც სიტყვა გვეუბნება, ფერს და ხასიათს აქვს ყველაზე დიდი დატვირთვა. ჩემს ხელოვნებაში არასდროს ვსვამ კითხვას – რატომ? რადგან, ვფიქრობ, შეზღუდვა ვნებს ხელოვნებას, რაც მგონია, რომ ნამუშევრებში იგრძნობა. მგონია, მხატვარმა ყველაფერი ოსტატურად რომ გამოხატოს და ფერებს ახსნა არ ჰქონდეს, მაშინ ყველაფერი აზრს მოკლებული იქნება, ამიტომ ვიყენებ მრავალ ფერს.. ფერებს, რომლებიც თვითონ მოდიან, მე კი უბრალოდ კარს ვუღებ.

M: სულ მალე პარიზის ხელოვნების სამხატვრო სკოლაში გააგრძელებთ სწავლას – გვიამბეთ ამ ამბავზეც..

პარიზს რაც შეეხება – მეტ წილად ჩემი ლექტორების დამსახურებაა.. გაცვლითი პროგრამით მირჩიეს, რომ პარიზის ხელოვნების უმაღლეს სკოლაში გაგვეგზავნა ჩემი პორტფოლიო, რის შემდეგაც მოვიდა თანხმობა და სექტემბერში მივფრინავ. იმდენად სწრაფად და გაუაზრებლად დამატყდა თავს ეს ყველაფერი, რომ ბოლომდე დღესაც არ მჯერა. თუმცა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ზუსტად ამ სპონტანური დღეებისთვის და მომენტებისთვის ღირს, რომ ბევრი ცხოვრებიდან ერთ-ერთში მაინც იყო მხატვარი.

M: მოგვიყევით/გაგვაცანით რომელიმე თქვენი ნამუშევარი და მისი კონცეფცია (თქვენ თავადვე აარჩიეთ)..

“ჩემი სულის ყვავილები” ეს ის სერიაა, რომელიც ბოლო პერიოდში დავხატე. ეს ყვავილები გამოხატავენ სხვადასხვა ადამიანს და ემოციას. ყველას საკუთარი სახელი აქვს. მაგალითად, “ქარიანი ყვავილები” – ის სევდის მიუხედავად მაინც ბობოქრობს და აქეთ-იქით ირხევა, არ ნებდება მელანქოლიას..

M: რა ეტაპია ახლა თქვენს ცხოვრებაში, როგორი სამომავლო გეგმები გაქვთ?

ამ ეტაპზე დასრულდა ჩემი პირველი პერსონალური გამოფენა. ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი და ბევრმა იდეამაც მომაკითხა. ვცდილობ, ისევ საათობით ვიმუშაო სახელოსნოში და ხშირად შემოვიპატიჟო მუზა. სამომავლო გეგმები როგორც უკვე ვთქვი, უკავშირდება საფრანგეთს.


ასეთია, შოპინგი და დასვენება ერთად, „კომფორტერში“

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით DataFest Tbilisi-ს მორიგი ვორქშოპი გაიმართება