31
Jan
2020

მოწყობილობა, რომელიც საოკუპაციო ხაზიდან მოქალაქეების გატაცებას გაართულებს

31 Jan 2020

Alta
Alta


„ანტიოკუპაციურმა მოძრაობამ“, საოკუპაციო ხაზიდან საქართველოს მოქალაქეების გატაცებისთვის ხელის შეშლის მიზნით, შექმნა SOS ღილაკი – მოწყობილობა/აპლიკაცია, რომელიც ე.წ. საზღვრისპირა მაცხოვრებლებს უნდა დაურიგდეს. საფრთხის შემთხვევაში, ისინი რთავენ მოწყობილობას და აჭერენ SOS ღილაკს, რის შემდეგაც, 5 წამის განმავლობაში, შეტყობინება მოწყობილობის მფლობელი პირის ადგილმდებარეობის შესახებ იგზავნება სამ წინასწარ მითითებულ ნომერზე. SOS ღილაკის გამოსაყენებლად საჭიროა მასში SIM ბარათის ჩადება, რომელზეც, მინიმუმ, 40 მეგაბაიტი მობილური ინტერნეტი იქნება ხელმისაწვდომი. აპლიკაცია, რომელსაც მოწყობილობა უკავშირდება და რომლიდანაც მისი მართვაც ხდება, „ანტიოკუპაციური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა – გიორგი რუხაძემ შექმნა.

ეს არის 64 გრამიანი, წყალგამძლე და ყინვაგამძლე მოწყობილობა, რომლის ელემენტიც, ერთი სრული დამუხტვის შემდეგ, 7 დღე მუშაობს. აქვს სამკლავური, საქამრე, ამავე დროს, მისი გამორთვა (ანუ ადგილმდებარეობაზე წვდომის გაუქმება) მხოლოდ იმ აპლიკაციიდანაა შესაძლებელი, რომელიც სპეციალურად მისთვის დაიწერა. ოკუპანტებმა ეს მოწყობილობა რომც დაამტვრიონ, ბაზაში რჩება გადაადგილების მარშრუტი და ბოლო ადგილსამყოფელის კოორდინატები“, – ამბობს ლაშა ბერულავა, „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ წევრი.

ლაშა ბერულავა გვიყვება, რომ მართალია მოწყობილობა/სისტემა მზადაა, თუმცა მისი წარმოება და ე.წ. საზღვართან მცხოვრები ადამიანებისთვის დარიგება ჯერ შესაძლებელი არ არის, რადგან ჯერ მხოლოდ რამდენიმე ცალი დაამზადეს. „ანტიოკუპაციური მოძრაობა“ იმედს გამოთქვამს, რომ იქნება როგორც ბიზნესის, ასევე საჯარო სექტორის დაინტერესება, იმისათვის, რომ საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სოფლების SOS ღილაკებით მომარაგება მოხერხდეს. მანამდე კი ლაშა ბერულავა მოწყობილობის შექმნის ეტაპებზე, გამოყენების სცენარებსა და მნიშვნელობაზე გვესაუბრა:

M: როგორ გაჩნდა SOS ღილაკი შექმნის იდეა და რა გზა გაიარეთ მის განხორციელებამდე?
ღილაკის იდეის ავტორობას დათო ქაცარავა და გიორგი რუხაძე ერთმანეთს „აბრალებენ“. მე კი მახსოვს, რომ ერთ საღამოს ატოცში, სახლში, რომელიც ადგილობრივმა დაგვითმო, ვისხედით და ვსაუბრობდით, რა უნდა მომხდარიყო, რომ საოკუპაციო ზოლზე მოსახლეობის მდგომარეობა შემსუბუქებულიყო. ერთმა თქვა, რა კარგი იქნებოდა, ოკუპანტების გამოჩენაზე ისეთი სირენა ირთვებოდეს, მთელი ქცვეყანა შეყაროსო. სხვამ სხვა თქვა და დათომ თქვა, კარგი იქნება, პატარა პულტი არსებობდეს, ქამარზე დაკიდებუკლი, გატაცების მცდელობის დროს შეუმჩნევლად დააჭერს ხელს გლეხი და სანამ გაიტაცებენ, შეიძლება პოლიცია დაადგესო. უცებ, გიორგიმ წამოიძახა, ე, მაგის გაკეთება შეიძლება, ხო იციო და წავიდა მსჯელობა, კამათი. ასე დაიბადა SOS ღილაკი.

M: რამდენად ეფექტურად მიგაჩნიათ მსგავსი მოწყობილობა არსებული პრობლემის გადასაჭრელად?
პრობლემის გადაჭრაში თუ გატაცებების აღკვეთას ვგულისხმობთ, რასაკვირველია, ეს პატარა მოწყობილობა ამ პრობლემას ვერც აღკვეთავს და ვერც მოაგვარებს. მაგრამ მოწყობილობა ცალსახად დადებითი ნიუანსია, თუნდაც იმიტომ, რომ ოკუპანტების და ცხინვალის ე.წ. ხელისუფლების მთავარ მტკიცებულებას – „სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთესს“ აცლის საფუძველს. ჯერ ერთი, არანაირი სახელმწიფო საზღვარი მანდ არ არის, მანდ არის საოკუპაციო ზოლი და ცნობილი ამბავია, რომ უმეტესწილად, ოკუპანტები ჩვენს მოქალაქეებს იტაცებენ ჩვენს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან, გადაჰყავთ ოკუპირებულ ნაწილში, უღებენ ფოტოს და აჯარიმებენ. ჯარიმა 2.000 რუბლი (დაახლ. 100 ლარი) იყო, ახლა უკვე ათჯერ, დიახ, ათჯერ გაიზარდა და 1000 ლარამდეა… როცა ოკუპანტები გაიგებენ, რომ ამგვარი მოწყობილობა არსებობს, შესაძლოა, ასე აშკარა გატაცებებზე აღარ წამოვიდნენ, რადგან ეს ღილაკი, მასზე 5 წამის განმავლობაში დაჭერის შემთხვევაში, SOS სიგნალს აგზავნის, ერთდროულად სამ, წინასწარ შეყვანილ მობილურზე და მერე, რომც აღმიოაჩინონ და დაამტვრიონ, საერთო ბაზაში ინახება ობიექტის გადაადგილების ისტორია, ცხადია, Google Map-ის მიხედვით.

სიახლე შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს საფრთხეში მყოფი მოქალაქის შესახებ სახელმწიფოს ინფორმირებისა და შესაბამისი ზომების მიღების კუთხითაც. თუმცა, ჯერჯერობით, უცნობია, შედგება, თუ არა ამ კუთხით, სახელმწიფო სტრუქტურებისა და „ანტიოკუპაციური მოძრაობის“ თანამშრომლობა.

ავტორი: ხატია თორდუა

განხილვა