გრაფიკოს-დიზაინერმა სოსლან სანაკოთიმ ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი ფილმებისა თუ მულტფილმების პოსტერების ადაპტაციები შექმნა. თითოეულის ქართული ვერსია და ფონტი მაქსიმალურად მიმსგავსებულია ორიგინალს. როგორც ავტორი ამბობს, მისი მთავარი მიზანიც სწორედ ეს იყო.
ყველაფერი, დაახლოებით, 12 წლის წინ დაიყო.
„თბილისში, ერთ-ერთი კინოთეატრის აბრებზე განთავსებულ პოსტერებს რომ ვუყურებდი, არ მომწონდა, ყველა ერთი ფონტით იყო შესრულებული და ნაკლებად ჰგავდა ორიგინალებს. როგორც ჩანს, მაშინ, ამას დიდ მნიშვნელობას არც ანიჭებდნენ. მერე გამიჩნდა ეს ჰობიც. ნამუშევრების გარკვეული რაოდენობა რომ დამიგროვდა, გადავწყვიტე, სადმე განმეთავსებინა. 2009-2010 წლებში, სოციალური ქსელები ასეთი პოპულარული არ იყო. ამიტომ, გავაკეთე საიტი, ერთ-ერთ უფასო პლატფორმაზე, სადაც ამ პოსტერებს ვდებდი. 400-მდე ნამუშევარი მქონდა ატვირთული. მერე სხვა საქმეებზე გადავერთე და ეს ჩემი გვერდი, პასიურობის გამო, წაიშალა, თან გაჰყვა ჩემი ნამუშევრებიც. ორიგინალები, თითქმის, არ მქონდა შენახული. თუმცა, რამდენიმეს მოძიება მაინც მოვახერხე“.
დაახლოებით, ერთი წელია, ტიპოგრაფიკამ გაიტაცა და რამდენიმე საკუთარი ფონტიც შექმნა. ამან ძველი ჰობიც გაახსენა.
„ტიპოგრაფიკამ ბევრად მეტის საშუალება მომცა ადაპტაციაში. ადრე თუ, უკვე არსებული ფონტებისა და ეფექტების დამატებით ვამსგავსებდი ტექსტს, ახლა ვცდილობ, ყველა პოსტერისთვის უნიკალური ქართული წარწერის შექმნას, რომელიც მაქსიმალურად იქნება მიმსგავსებული ორიგინალს. აქედან რამდენიმე სრულყოფილ ფონტადაც კი იქცა“.
საკულტო ფილმებისა თუ მულტფილმების სათაურების ადაპტაციას, ცოტა ხნის წინ, ისევ დაუბრუნდა.
„თითქმის, ყველა პოსტერი მაქვს შექმნილი, რომლის პრემიერაც უახლოეს მომავალში იგეგმება. პოსტერების ადაპტაციებზე, ძირითადად, თავისუფალ დროს ვმუშაობ. ამ ნამუშევრებმა, სოციალურ ქსელებშიც, დიდი მოწონება დაიმსახურა“.
სოსლან სანაკოთის სხვა ნამუშევრები შეგიძლიათ, Behance-ის პლატფორმაზე ნახოთ.