in

სოციალური მედია „ახალ ტელევიზიად“ იქცევა: რატომ ქმნიან ბრენდები საკუთარ სერიალებს

რაც უფრო მეტ დროს ატარებთ სოციალურ ქსელებში, მით უფრო ხშირად შეგხვდებათ ბრენდების მიერ შექმნილი ეპიზოდური სერიალები. მათ რიცხვს ახლა Away-ც შეუერთდა – 2015 წელს დაარსებული ამერიკული სამოგზაურო და Lifestyle-ბრენდი, რომელიც განსაკუთრებით მინიმალისტური დიზაინით, ფუნქციური ჩემოდნებითა და სამოგზაურო აქსესუარებით არის ცნობილი.

ახალი სოციალური ხასიათის მინისერიალით, Actually Away-თი, Away, რომელიც 2010-იანი წლების ბოლოს პირდაპირ მომხმარებელზე ორიენტირებული (DTC) ბიზნესების ბუმის ერთ-ერთი გამორჩეული ბრენდი იყო და 2019 წელს ბიზნესის გარკვეული გამოწვევების შემდეგ მიდგომები შეცვალა, სოციალური მედიისთვის ახალი მიმართულების შექმნას ცდილობს.

ბრენდის მიზანია შექმნას პლატფორმა სამოგზაურო ისტორიებისთვის, რომლებიც რამდენიმე ეპიზოდად ვითარდება და მაყურებლის ყურადღებას ისე იპყრობს, როგორც ტრადიციული სატელევიზიო სერიალი.

Actually Away-ს პირველ სეზონში, რომელსაც ჯერჯერობით ექვსი ეპიზოდი აქვს, ორი მოგზაური ნიუ-იორკის Grand Central-ის სადგურზე ხვდება ერთმანეთს. კომპანიის ინფორმაციით, სიუჟეტის ინსპირაცია რეალური სამოგზაურო ისტორია გახდა და მომავალ ეპიზოდებში Away მომხმარებლების გამოცდილებებიდანაც გეგმავს იდეების აღებას.

მომხმარებლების ქცევის ცვლილებისა და სოციალური მედიის „ახალ ტელევიზიად“ ქცევის ფონზე, Away ცდილობს, რეგულარულად იყოს იქ, სადაც ადამიანები დროს ატარებენ. ბრენდისთვის მნიშვნელოვანია ისეთი 7-8-ეპიზოდიანი ისტორიების შექმნა, რომლებიც საკმარისად საინტერესო იქნება იმისთვის, რომ მომხმარებელმა უბრალოდ სქროლვა შეწყვიტოს და კონტენტს ისე მიადევნოს თვალი, როგორც სატელევიზიო ან სტრიმინგპლატფორმებზე გავრცელებულ პროგრამებს.

სიუჟეტის მთავარი ხაზი მაყურებლისთვის ნაცნობ გამოცდილებებს ეყრდნობა: მოგზაურობასთან დაკავშირებული პრობლემები თითქმის ყველას გამოუცდია, ხოლო განსაკუთრებული ადამიანის შეხვედრა ბევრისთვის სასურველი სცენარია. ამასთან, სერიაში დამატებულია გარკვეული საიდუმლოებები და გაურკვეველი დეტალები, რომლებიც აუდიტორიის ინტერესის შენარჩუნებასა და შემდეგი ეპიზოდის მოლოდინის გაჩენას ემსახურება.

პირველი შედეგები იმედისმომცემია. სერიის გამოსვლიდან პირველივე კვირაში Away-მ ორგანულ სოციალურ კონტენტზე ჩართულობისა და ნახვების მნიშვნელოვანი ზრდა დააფიქსირა. კომპანიის შეფასებით, ეს ამყარებს საწყის ჰიპოთეზას, რომ მსგავსი ტიპის კონტენტში ინვესტირება ბრენდის სოციალურ ქსელებში ძირითადი მაჩვენებლების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

ახალი მიდგომა სოციალური მედიისადმი

Actually Away ბრენდის უფრო ფართო სტრატეგიული ცვლილების ნაწილია. გუნდი სოციალურ ქსელებში თითოეულ პოსტს ცალკე ერთეულად აღარ განიხილავს და სოციალური მედიის მიმართ „პროგრამირების“ პრინციპს იყენებს.

იდეა მარტივია: ცალკეული პოსტების ნაცვლად, ბრენდი ცდილობს შექმნას უფრო საინტერესო და ერთმანეთთან დაკავშირებული სერიები, რომლებიც აუდიტორიისთვის კონტენტის ყურების გაგრძელების მიზეზს ქმნის და საბოლოოდ უფრო მეტ ნახვასა და ჩართულობას უზრუნველყოფს.

სერიის მიმართ ინტერესმა კიდევ ერთი დადებითი შედეგი გამოიღო – პროექტში მონაწილეობით კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლებიც დაინტერესდნენ, რაც კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ მსგავსი სტრატეგია დღესდღეობით ტენდენციური ხდება.

Away-ს მაგალითი სხვა ბრენდებისთვისაც საინტერესო გაკვეთილია: სოციალური მედია მხოლოდ პროდუქტისა და სარეკლამო მესიჯების გასავრცელებელი სივრცე აღარ არის, ის შეიძლება თავად გახდეს ბრენდული ისტორიების პლატფორმა. კომპანიებს შეუძლიათ, თავიანთი აუდიტორიისთვის ნაცნობ თემებზე შექმნან მოკლე, ეპიზოდური და ერთმანეთთან დაკავშირებული კონტენტი, რომელიც მხოლოდ პროდუქტის ჩვენებას კი არ ემსახურება, არამედ მაყურებელს მომდევნო ეპიზოდის ნახვის მოტივაციასაც უჩენს. ამისთვის აუცილებელი არ არის დიდი საპროდიუსერო ბიუჯეტი: მთავარია, ბრენდმა იპოვოს თავის სფეროსთან დაკავშირებული საინტერესო ისტორიები, პერსონაჟები ან ყოველდღიური სიტუაციები და ისინი თანმიმდევრულ კონტენტად აქციოს. ასეთ შემთხვევაში სოციალური მედია შეიძლება ერთჯერადი კამპანიების ნაკრებიდან ბრენდისთვის მუდმივ, გასართობ და დასამახსოვრებელ არხად გადაიქცეს.

Archiv: აპლიკაცია, რომელიც ფოტოებს პირად ციფრულ მუზეუმად აქცევს

„ბევრი რამ შეიცვალა ბათუმში… მე აქ ვცხოვრობ“