in

გეშინია სოცქსელებში აქტიურობის? აი, რა უნდა გაითვალისწინო

თუ დიდი ხანია, გინდა სოციალურ მედიაში წერო ან გამოაქვეყნო კონტენტი, მაგრამ მუდმივად ხვალისთვის გაქვს გადადებული ეს საქმე, მაშ ამ სტატიას შენთვის ვწერთ.

ქვემოთ გაგიზიარებთ პრაქტიკულ და რეალისტურ რჩევებს, რომლებიც კონტენტკრეატორების მიერაა შემუშავებული მსოფლიო მასშტაბით და დღეს ისინი საუბრობენ იმაზე, რასაც თავად ისურვებდნენ, თავიდანვე რომ სცოდნოდათ:

დაწიე ზღვარი – იმაზე ბევრად დაბლა, ვიდრე ფიქრობ

პირველი პოსტის დადების წინ ყველაზე დიდი ბარიერი სტრატეგია ან იდეების ნაკლებობა კი არ არის, არამედ რწმენა, რომ „პირველი პოსტი აუცილებლად ძალიან კარგი უნდა იყოს”. არაა საჭირო.

შენ უბრალოდ უნდა გამოაქვეყნო რაღაც, ისეთი ტემპით, რომელსაც რეალურად გაუძლებ.

შეიძლება ეს იყოს: ერთი წინადადება, ფოტო მოკლე წარწერით, ან აზრი, რომელიც ახლა თავში მოგივიდა. როცა პოსტს აღარ აღიქვამ როგორც „გამოსვლას სცენაზე“, უფრო ხშირად წერ და ბევრად სწრაფად უმჯობესდები.

აირჩიე ტემპი, რომელსაც შეინარჩუნებ

არ არსებობს იდეალური სიხშირე.

კვირაში ერთხელ? კარგია.

დღეში ერთხელ? ეგეც კარგია.

მთავარია, არ გადაიწვა. მცირე, მაგრამ სტაბილური ნაბიჯები ბევრად სჯობს ამბიციურ გეგმას, რომელიც ერთ კვირაში მოგბეზრდება, ან ფიზიკურად ვერ შეძლებ სულ აკეთო.

ვიდეო სავალდებულო არ არის

ხშირად გვგონია, რომ სოციალური მედია დღეს მხოლოდ ვიდეოა. სინამდვილეში

  • ტექსტი
  •  სურათები
  • კარუსელები

სრულებით საკმარისია აუდიტორიის გასაზრდელად.

და თუ მაინც ვიდეო გინდა: არ გჭირდება ძვირიანი ტექნიკა, არც პროფესიონალური მონტაჟი, შეგიძლია ხმოვანი გადაფარვა გამოიყენო, ვლოგი გააკეთო, ან უბრალოდ მეგობართან საუბრის სტილში ჩაწერო.

გახსოვდეს, კომფორტი გამოცდილებასთან ერთად მოდის.

ნუ დაელოდები „ორიგინალურ იდეას“

სიმართლე ისაა, რომ თითქმის ყველაფერი უკვე ერთხელ მაინც თქმულა. ამიტომ შენ არ ხარ ვალდებული იყო „აზრთა ლიდერი“. შენ უბრალოდ ადამიანი ხარ, რომელიც აზროვნებს, სწავლობს და აზიარებს.

და დიახ – სხვადასხვა პლატფორმაზე შეგიძლია სხვადასხვა „ვერსია“ იყო. ეს ნორმალურია.

აუდიტორიის ძებნა პირიქით სცადე

ნაცვლად იმისა, რომ იკითხო: „ვისთვის ვწერ?“

სცადე ასე: „მე რასაც ვწერ, ვის მოეწონება?“

თუ გულწრფელად გააზიარებ იმას, რაც შენთვის საინტერესოა: სწორი ადამიანები თავად მოვლენ და მერე უკვე შეძლებ დახვეწას.

იდეები თუ არ გაქვს, დაიწყე აქედან:

  • რას სწავლობ ან რაზე მუშაობ
  • კითხვები, რომლებსაც ხშირად გისვამენ
  • შენი აზრი წაკითხულზე ან ნანახზე

ჯერ ურთიერთობები დაამყარე, მერე პოსტი

პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ ეფექტურია: ჯერ კომენტარები დაწერე სხვის პოსტებზე.

ეს იმისთვისაა საჭირო, რომ: გაჩვევს ხილვადობას, ამცირებს სტრესს და ქმნის პატარა მხარდაჭერის წრეს. შესაბამისად, როცა პირველად დაპოსტავ, უკვე აღარ იქნები „ცარიელ სივრცეში“.

მარტო არ ხარ

ყველას, ვინც დღეს წარმატებულ შემქმნელად გეჩვენება: ეშინოდა, ჰქონდა იმპოსტერის სინდრომი, არ იცოდა, რა დაეწერა…

განსხვავება მხოლოდ ერთია – მათ პოსტი მაინც გამოაქვეყნეს.

შეეგუე „ცუდ პირველ ვერსიას“

პირველი პოსტები ყველაზე რთულია, რადგან თითქოს ყველაფერი მათზეა დამოკიდებული. ყოველ შემთხვევაში, ასე გვეჩვენება.

სინამდვილეში კი: რაც უფრო მეტს პოსტავ, მით ნაკლები მნიშვნელობა აქვს თითოეულ ცალკეულ პოსტს. მთავარი მაინც მონაცემებია, რამ იმუშავა და რამ – არა.

მარტივი სისტემები, რომლებიც მუშაობს: იდეები რომ არ დაგეკარგოს, ჩაიწერე მაშინვე (Notes, ხმოვანი ჩანაწერი, ან სადაც გინდა); თუ Publish-ზე დაჭერა გაშინებს, დაგეგმე პოსტი წინასწარ და გახსოვდეს – ერთ იდეას შეუძლია რამდენიმე პოსტი შექმნას.

არ გამოგრჩეთ, საქართველოს ბანკის სტუდენტური დასაქმების პროგრამა „ლიდერატორზე“ რეგისტრაცია დღეს სრულდება

ყაზბეგი – მეტი, ვიდრე მწვერვალები | საქართველოს ბანკი 18 დაცული ტერიტორიის მხარდამჭერია