მუსიკისა და პოდკასტების მოყვარულებმა კარგად იციან, რა არის SoundCloud. ეს არის მუსიკალური სტრიმის პლატფორმა, სადაც მომხმარებელს თავად შეუძლია ატვირთოს მუსიკა და გაავრცელოს საკუთარი აუდიოკონტენტი. 2023 წლის მონაცემებით, SoundCloud-ს 175 მილიონი მომხმარებელი ჰყავს. კომპანიის შტაბ-ბინა კი ბერლინში მდებარეობს.
შექმნის დრო
SoundCloud-ის ვებსაიტი 2008 წელს შვედმა ხმის დიზაინერმა, ალექსანდრე ლუნგმა და შვედმა ელექტრონული მუსიკის შემსრულებელმა, ერიკ უოლფორსმა შექმნეს. პლატფორმა მალევე დაფასდა, რადგან მან არტისტებს საკუთარი მუსიკის გაზიარების საშუალება მისცა. ეს განსაკუთრებით დასაფასებელი იყო იმ არტისტებისთვის, ვისაც არ ჰქონდა ჩამწერი ლეიბლი ან არ ჰყავდა პროდიუსერი, რომელიც პირდაპირ მიაწვდიდა მუსიკას მსმენელს. ბილი აილიშმა თავისი სადებიუტო სიმღერა “Ocean Eyes” გამოუშვა SoundCloud-ზე 2015 წელს სულ რაღაც 13 წლის ასაკში — სიმღერა ერთ ღამეში ვირუსული გახდა.
პლატფორმის გაფართოება
2009 წლის აპრილში SoundCloud-მა მიიღო 2,5 მილიონი ევროს დაფინანსება Doughty Hanson Technology Ventures-ისგან. 2010 წლის მაისში მას უკვე ერთი მილიონი მომხმარებელი ჰყავდა. 2011 წლის იანვარში გავრცელდა ინფორმაცია, რომ SoundCloud-მა მოიზიდა 10 მილიონი აშშ დოლარი Series B დაფინანსება Union Square Ventures-დან და Index Ventures-დან. იმავე წელს კი ხუთი მილიონი დარეგისტრირებული მომხმარებელი დაფიქსირდა პლატფორმაზე. ერთ წელიწადში ეს რიცხვი კიდევ ერთიორად გაიზარდა.
რეპერების წვლილი პლატფორმის განვითარებაში
SoundCloud განსაკუთრებით პოპულარული იყო ჰიპ-ჰოპ შემსრულებლებსა და გულშემატკივრებში. რეპერებმა, რომლებიც პლატფორმაზე თავიანთ მუსიკას განათავსებდნენ, საკუთარი სუბკულტურა განავითარეს. ეს იყო ჟანრი, რომელიც განსაკუთრებით პოპულარული ზეტ თაობაში გახდა. ცნობილი არტისტებიდან, რომლებმაც თავიანთი გზა SoundCloud-ზე გაიარეს, Lil Uzi Vert და Post Malone შეგვიძლია, დავასახელოთ.
სამწუხაროდ, SoundCloud ჰიპ-ჰოპ სუბკულტურის რამდენიმე ცნობილი სახელი ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა: XXXTentacion და Juice WRLD.
SoundCloud-ის მოდელი
SoundCloud-ზე არტისტები და მათი ფანები უფრო უშუალოდ ურთიერთობენ, ვიდრე ტრადიციული მუსიკის გავრცელების მოდელებში. კომენტარების სექციები და ტრეკების გაზიარების შესაძლებლობა მას ისეთივე ფუნქციას აძლევს, როგორიც სოციალური მედიის არხებს აქვს.
გარდა ამისა, SoundCloud გთავაზობთ პრემიუმსერვისებს შემსრულებლებისთვის, რაც მათ საშუალებას აძლევს, გააუმჯობესონ თავიანთი მუსიკა და გაუკეთონ მონეტიზაცია. 2021 წელს SoundCloud-მა შეცვალა ჰონორარის განაწილების მოდელიც. ახალი მოდელის მიხედვით, royalty-ს მინიჭება ხდება გამოწერისა და რეკლამის შემოსავლის საფუძველზე, სტრიმინგების რაოდენობის მიხედვით.
ურთიერთობა მსხვილ ლეიბლებთან
კომპანიის რეპუტაცია მუსიკალურ სამყაროში არ აისახებოდა მის ბაზრის წილზე. მიუხედავად იმისა, რომ SoundCloud იზიდავდა დამოუკიდებელ შემსრულებლებს, ის არც ისე წარმატებული იყო მსხვილ ჩამწერ ლეიბლებთან. 2014 წლის იანვარში SoundCloud-მა გამოაცხადა, რომ აპირებს მოიძიოს სალიცენზიო გარიგებები ჩამწერ ლეიბლებთან, რათა ლიცენზირებულ მუსიკას უმასპინძლოს.
ორწლიანი მცდელობებისა და ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ 2016 წლის დასაწყისში SoundCloud-მა მიაღწია სალიცენზიო გარიგებებს Universal Music Group-თან (UMG) და Sony Music Entertainment-თან. პლატფორმამ ასევე დადო გარიგება UMG-თან, კომპანიასთან, რომელმაც ერთხელ SoundCloud „მეკობრულ საიტად” გამოაცხადა. 2015 წელს SoundCloud-მა ითანამშრომლა Zefr-თან, კონტენტის უფლებების მართვის პლატფორმასთან, რათა თვალყური ედევნებინა საავტორო უფლებების დარღვევისთვის პლატფორმაზე. ამ ცვლილებებმა მიიპყრო როგორც არტისტების, ისე ფანების ყურადღება, რომლებიც შიშობდნენ, რომ SoundCloud თავის საწყისებს შორდებოდა.
2015 წლის მაისში Twitter განიხილავდა SoundCloud-ის შეძენას დაახლოებით 2 მილიარდ დოლარად. თუმცა გარიგება არ შედგა. ანალოგიურად ჩაიშალა Spotify-ს გეგმები კომპანიის შეძენის შესახებ.
დღესდღეობით SoundCloud კვლავ რჩება არტისტების საყვარელ პლატფორმად. 2022 წელს მან მომხმარებელს შესთავაზა მთელი რიგი განახლებები, მათ შორის ახალი Fans ინსტრუმენტი, პირდაპირი შეტყობინებები მობილურზე, კომენტარების ახალი ხელსაწყო და ამ ყველაფრის ბონუსად, სალიცენზიო გარიგება Merlin-თან.
ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი