„საქართველოს ჰანგები“ – Sounds of Georgia – მუსიკალური პროდუქტია ტურისტებისთვის, რომელიც წარმოადგენს ტრადიციული ქართული მუსიკის რეგულარულ მინიკონცერტებს ძველი თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში, ღვინის ბარსა და იტალიურ ეზოებში. Sounds of Georgia ემსახურება ტრადიციული ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის პოპულარიზაციასა და ტურიზმის განვითარებას. გარდა ამისა, „საქართველოს ჰანგები“ სოციალურ ხასიათს ატარებს, რადგან მასში მონაწილეობა არა მხოლოდ პროფესიონალ შემსრულებლებს, არამედ, უბრალოდ, ქართული სიმღერის მოყვარულებსაც შეუძლიათ. პროექტის ხელმძღვანელია ტურისტული კომპანია „ლინატას“ დამფუძნებელი, ნანა ტაბიძე, რომელსაც მარკეტერი ესაუბრა:
M: როგორ მიაგენით Sounds of Georgia-ს საჭიროებას?
ბევრჯერ მსმენია ტურისტების მხრიდან, სად შეიძლება ქართული მუსიკის მოსმენა, ოღონდ, არა ძვირიანი, დიდ აუდიტორიაზე მორგებული, 2 საათიანი ფოლკლორული კონცერტის, არამედ სხვადასხვა, ხალხური, ქალაქური და ა.შ. სიმღერების მიქსი, კამერული ფორმატით. გარდა ამისა, ბევრს არ უნდოდა ხოლმე რესტორანში წასვლა და ქართული მუსიკის ხმაურის ფონზე მოსმენა. ამ ყველაფერთან ერთად დავინახე, რომ ტურისტების მხრიდან ასეთ თემებზე იყო მოთხოვნა. დავინტერესდი ამ თემით, ვნახე, რა ხდება საქართველოში, ამ მხრივ და გამოვიდა, რომ პრაქტიკულად, მსგავსი არაფერი გვქონდა.
M: რა კონცეფცია აქვს პროექტს?
გადავწყვიტეთ, ჩვენ გაგვეკეთებინა დემოკრატიული ფორმა, რომელიც იქნებოდა ტურისტებზე ორიენტირებული. თავდაპირველად, კონცერტები დავიწყეთ იტალიურ ეზოში. შემდგომში დავამატეთ სასტუმროს ადგილი, საიდანაც მთელი თბილისი ჩანს და ღვინის ბარი ახალ ტიფლისში. გამოვიდა, რომ დღეს სამივე ქართულ პოპულარულ თემას – იტალიური ეზო, ძველი ქალაქის პანორამა და ღვინო – მუსიკას ვუხამებთ და ვთავაზობთ ტურისტებს.
M: კონკრეტულად სად იმართება კონცერტები?
საწყის ეტაპზე „საქართველოს ჰანგები“ სამ ლოკაციაზე სრულდება, ესენია:
City of Tunes – მინიკონცერტი ძველ თბილისში, პანორამული ხედით ერთ-ერთი სასტუმროს ტერასიდან, საიდანაც მთელი ქალაქი ხელისგულზე ჩანს;Sing and Drink – მინიკონცერტი ღვინის ბარში და იშვიათი ქართული ღვინის დაგემოვნება;
Homemade Music – მინიკონცერტი ტრადიციულ იტალიურ ეზოში, სადაც ტურისტები განუმეორებელ ქართულ სტუმარმასპინძლობას იცნობენ და ოჯახში მომზადებულ კერძებს აგემოვნებენ.M: რა ფორმატი აქვს მინიკონცერტებს და როგორ შეიძლება დასწრება?
ამ დროისთვის, ასეთი მოცემულობა გვაქვს, ყოველ ოთხშაბათს, იტალიურ ეზოში და ხუთშაბათს – სასტუმროში გვაქვს კონცერტი. ღვინის ბარში კვირაში 2-ჯერ ან სამჯერ გვექნება შეხვედრა. 10-15 წუთით ადრე მივდივართ, სკამებს ვდგამთ, ეზო იქნება თუ სასტუმრო. რაც შეეხება დასწრებას, ბილეთების შეძენა შესაძლებელია biletebi.ge-ზე. შეიძლება ადგილზევე ყიდვაც, მაგრამ ვთხოვთ ხოლმე, წინასწარ დაგვირეკონ, რომ ვიცოდეთ, რამდენ სტუმარს უნდა ველოდეთ.
17 საათზე ვიწყებთ და დაახლოებით, 20-25 ადამიანს ვმასპინძლობთ. არ გვაქვს დინამიკები, არ ვართ ხმაურიანები. სრულდება აკაპელა, თბილისური, ქალაქური სიმღერები, სუფრული, შლაგერები. აუცილებლად ვმღერით „თბილისოს“, „სულიკოს“ კი, სტუმარ ტურისტებთან ერთად ვასრულებთ. ქართული სიტყვები დავწერეთ რუსულად და ინგლისურად და შესაძლებლობა აქვთ თავადვე აყვნენ მელოდიას.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/soundsofgeorgia/videos/206966679921773/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]
გარდა ამისა, ადგილზე გვაქვს ხოლმე პატარა სიურპრიზები, მაგალითად, ეზოში ერთ-ერთ ქალბატონს გამოაქვს ნამცხვარი, სასტუმროსთვის ვკერავთ ქართულ კოსტიუმებს და ტურისტებს შეეძლებათ, ნახონ ტრადიციული ქართული სამოსი, ხოლო ღვინის ბარში ვაპირებთ, ღვინო გვქონდეს საჩუქრად.
M: ვინ ასრულებს ქართულ სიმღერებს?
ჩვენ ვართ ექსპერიმენტის სტადიაში იმიტომ, რომ სულ თვე-ნახევარია, რაც დავიწყეთ კონცერტები და თანდათან ვხვეწთ რაღაცებს. ჯერჯერობით, ჩვენთან არიან ძალიან ცნობილი ანსამბლების მომღერლები, სტუდენტები, ერთი ქალბატონი, რომელიც აკაპელას მღერის და ბავშვებიც კი, რომლებიც იმავე ქუჩაზე ცხოვრობენ, სადაც კონცერტები იმართება. M: როგორია თქვენი გეგმები და გამოწვევები?
საქართველოში ყველაფერი ვითარდება ძალიან ნელა. ჩვენი ტურისტული ფირმები და გიდები არიან ძალიან პასიურები და ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი პრობლემა. დაწერეს თავიანთი ტურები და არც უნდათ, რომ რაღაც ახალი შეიტანონ. კი ბატონო, არ გინდა შენს ტურში რაღაც სიახლის შეტანა, რეკომენდაცია მაინც გაუწიეთ სხვას. რაც შეეხება გეგმებს, ამ პროექტს გაგრძელება აუცილებლად ექნება, მაგალითად, რეგიონების განვითარების მიზნით, დავაანონსებთ, რომ ფოთში, ფაზისობის დროს, ივლისის დასაწყისში ჩატარდება კონცერტი და ა.შ.