8
Nov
2016

#თაობა – Kordz: ქართული მუსიკალური სცენა ჩემთვის, დასავლეთთან შედარებით, ბევრად საინტერესოა

8 Nov 2016

ქართული ელექტრონული მუსიკის სცენაზე ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა ახერხებს თვითრეალიზაციას. ზოგიერთი მათგანი სამშობლოდან ცდილობს გავიდეს ფარგლებს გარეთ, რამდენიმე მათგანი კი უკვე დიდი ხანია საზღვარგარეთ მოღვაწეობს. მარკეტერი წარმოგიდგენთ ალექს კორძაიას – იგივე Kordz. მისმა ოჯახმა საქართველო მაშინ დატოვა, როცა Kordz 5 წლის იყო და საცხოვრებლად ბაზელში გადავიდნენ. ბევრი ქართველი არტისტისგან განსხვავებით, მისი მუსიკა უფრო მელოდიური და მხიარულია.

M: ვინ არის Kordz და როდის შემოვიდა მის ცხოვრებაში მუსიკა დიდი დოზით?

kordzaia 1ფორტეპიანოზე დაკვრა 6 წლისამ დავიწყე და მას შემდეგ არასდროს შემიწყვეტია მუსიკის კეთება. როგორც მახსოვს, უფრო ღრმად ელექტრონულ მუსიკას 17-18 წლის ასაკში ვეზიარე და ჩავერთე ამ ყველაფერში „Akord”-ის სახელით. Kordz-ად გარდაქმნა კი შემდეგ მოხდა და ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება იყო.

ამის შემდეგ, ჩემი მთავარი მიზანია უფრო სიღრმისეულად შევისწავლო მუსიკის შექმნის, კომპოზიცირების სხვადასხვა ასპექტები, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება.

M: შენ ამჟამად საქართველოდან შორს, ბაზელში ცხოვრობ, ვინ იყო შენი მთავარი ინსპირატორი რომ მუსიკის კეთება დაგეწყო?

ვფიქრობ, ყველაზე დიდი გავლენა რამდენიმე ჯგუფმა/არტისტმა მოახდინა, მაგალითად, Justice, Daft Punk და Breakbot. იქამდე კი პრინცისა და ჯეიმს ბრაუნის შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელი ვიყავი (ახლა უკვე ორივე გარდაცვლილია და ძალიან სამწუხაროა, რომ მათი ცოცხლად ნახვა ვერ მოვახერხე), მაგრამ მე არასდროს არ მქონია ის განცდა, თითქოს რაიმე მათთან მიახლოვებულის გაკეთება შემეძლო. ასე რომ, ფრანგული ჰაუს მუსიკის ტალღა ჩემი მთავარი ინსპირატორი იყო დასაწყისში. ცოტა სასაცილოც კი არის, რომ ამ მუსიკიდან ჩემი მთავარი გატაცება მაინც ის ჰარმონია იყო, რაც ყოველ წამში იგრძნობოდან, რა თქმა უნდა, შემდეგ უკვე აღმოვაჩინე, რომ ეს ყველაფერი 70-იანი დისკო ტრეკებიდან მოდიოდა, რამაც ერთგვარი გაოცება გამოიწვია ჩემში…

 

M: შენ ერთგვარ „ბედნიერ“, ამაღლებულ განწყობაზე მოსაყვან მუსიკას აკეთებ, უფრო მელოდიაზე ორიენტირებულს. Daedelus-ის მსგავსს ჰარმონიებს ქმნი. ძირითადად, რომელ არტისტებს უსმენ ახლა და რამდენად ახდენს მათი მუსიკალური ტექსტურები და მუსიკის შექმნის ტექნიკა შენს სტილზე გავლენას?

მუსიკალური ტექსტურის მხრივ, ის, რაც ახლა ყველაზე მეტად მაინტერესებს არის ლაივ ინსტრუმენტებისა და სხვადასხვა ჩანაწერების (ბუნებაში გასვლა, კარების  ჭრაჭუნი, ხახვის ჭრა, ის, რასაც field recording-ს უწოდებენ) კომბინირება, ამ ყველაფრის რეზულტატი კი აღმაფრთოვანებს. ჩემს წარმოდგენაში ამ მხრივ მუშაობა რაღაც მხრივ მაცალკევებს ხმის გამაძლიერებლისგან, კომპიუტერთან მუშაობის დროს. ამასთან ერთად, უამრავი წინასწარ არაპროგნოზირებადი რამ ხდება ამ დროს და რაღაც მომენტში, პროცესი ერთ დიდ ნერდულ თავგადასავალს ემსგავსება. ამ ტექნიკას უამრავი ადამიანი იყენებს ჯერ კიდევ 50-იანი წლებიდან და რეალურად, ახალი ამაში არაფერია, მაგრამ სხვადასხვა სამყაროს ორი ჟღერადობის სინთეზი ბოლო წლებში ბევრად ადვილი გახდა, შესაბამისად, ეს იძლევა დიდ შესაძლებლობას, რაც წინა თაობებს ნამდვილად არ გააჩნდათ. ამჟამად, ყველაზე ინსპირაციული ჩემთვის ახალი მუსიკის მოძიებაა Soundcloud-ზე, მსოფლიოში უამრავი რამ ხდება მუსიკის თვალსაზრისით და ვფიქრობ ყოველდღიურად ვხვდები და ვპოულობ ახალ ტრეკს, რომელიც ძალიან მომწონს. ამასთან ერთად, კიდევ ერთი ძირითადი მიმართულება, რასაც ვუსმენ არის XIX/XX საუკუნის კლასიკური მუსიკის კომპოზიტორები, რომლებიც საკმაოდ ბევრ იდეას მაძლევენ შემდეგი მუშაობისთვის.

Kordz Photo 3

M: შენი მუსიკა მაქს მაჩაიძემ გაგვაცნო დაახლოებით 3 წლის წინ. ხომ არ გეგმავ მასთან ან სხვა ქართველ არტისტთან კოლაბორაციულ პროექტს?

ამჟამად, ნატალი ბერიძესთან ერთად ვმუშაობ ტრეკზე. რაღაც პერიოდის განმავლობაში, ჩემი კომპოზიციების ინსტრუმენტალებს ვუგზავნიდი და მინდოდა მასთან კოლაბორაცია ამ წლისთვის და ვიპოვეთ კიდეც ის კომპოზიცია, რომელზეც ვიმუშავებთ.

M: როდის გქონდა პირველი გამოჩენა ქართულ სცენაზე? როგორც ვიცი, „ლოლიტაში“ დაუკარი უკვე ამ წელს. გეგმავ რაიმეს ამ მხრივ მომავლისთვის?

შემდეგი ლაივი კლუბ „მტკვარზე“ იქნება, 10 დეკემბერისთვის. ძალიან მომწონს იქაური საუნდსისტემა, ამასთან ერთად, საკმაოდ ბევრ აქამდე ყველასთვის უცნობ ტრეკს დავუკრავ, ასე რომ, ძალიან ველოდები ამ დღეს.

M: ცოტა რამ ბაზელის მუსიკალურ სცენაზეც მოგვიყევი. რა არის ძირითადი კულტურული განსხვავება თბილისსა და ბაზელს შორის? ვინ არიან მანდ ახლად წამოსული არტისტები, ლეიბლები?

ცოტა ხნის წინ, ბაზელიდან ჰოლანდიაში, კერძოდ კი ჰააგაში გადმოვედი საცხოვრებლად. მაგრამ ზოგადად ვფიქრობ, რომ ძირითადი განსხვავება დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის კლუბურ სცენებს შორის აშკარაა. საქართველოში მთელი ეს სცენა ახალი და ბევრად უფრო საინტერესოა, რაც ძალიან კარგია და ვიმედოვნებ რომ ეს ყველაფერი კიდევ დიდხანს დარჩება, რამდენადაც შესაძლებელია. შვეიცარიაში კი ეს მუსიკა უფრო სტანდარტიზებულად არის, რაც ჩემი აზრით საკმაოდ მომაბეზრებელია.

M: სამომავლო გეგმებზეც რომ ვთქვათ. სადებიუტო ალბომს როდისთვის გეგმავ? შეგიძლია 10 წლის შემდეგ წარმოიდგინო შენი კარიერა მუსიკის გარეშე?

გულწრფელად რომ ვთქვა, არაფრის წარმოდგენა შემიძლია, რა მოხდება 10 წლის შემდეგ. ამ ეტაპზე, ჩემს მეორე EP-ზე ვმუშაობ, რომელშიც სხვადასხვა ვოკალისტებთან ერთად გაკეთებული ტრეკებიც შევა, აქამდე მათთან არასდროს არ მიმუშავია, შესაბამისად, პროცესი საკმაოდ საინტერესო გამოდგა ჩემთვის. ამასთან ერთად ბევრი პატარა და მხიარული ტრეკებია, რომელთა დარელიზებასაც სინგლებად ვგეგმავ.
M: დაუტოვე მარკეტერს საერთო ფლეილისტისთვის ტრეკი..

 

 



განხილვა