როდესაც შენი მუსიკალური გემოვნება თანატოლებისგან ძირეულად განსხვავდება, ხვდები, რომ რაღაც ახალი შეგიძლია შექმნა. არსებობს თუ არა მუსიკალური ინდუსტრია საქართველოში და ვინ მუშაობს ამ მიმართულებით ინდივიდუალური ქართული ხელწერის შექმნაზე? გაიგეთ, რა საერთო აქვთ დევიდ ბოუისა და ქართულ ელექრონულ მუსიკას? მარკეტერი წარმოგიდგენთ: პირველი ქართული ლეიბლის თანაავტორი DJ Ash.
M: ვინ არის Ash და საიდან მოდის ეს სახელი?
Ash – DJ და ლეიბლ Transfigured Time-ის 1/3 ნაწილია. სახელი კი ამ ტრეკს უკავშირდება:
M: გადავიდეთ მუსიკალურ ეტაპებზე, რამდენად განსხვავდებოდა თინეიჯერობის ასაკში შენი გემოვნება თანატოლებისგან?
ყველაფერი ჰიპ-ჰოპიდან დაიწყო, რომლის მიმართ სიყვარული დღემდე არ გამნელებია. შემდეგ იყო პოსტ-პანკის პერიოდი, რომელმაც ჩემზე ალბათ ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა. იმ პერიოდში მოსმენილი ალბომების დიდი უმრავლესობა დღემდე ძალიან საყვარელია ჩემთვის. არ შემიძლია არ გამოვყო A Certain Ratio-ს ალბომი To Each, რომელმაც ჩემზე წარუშლელი კვალი დატოვა.
რაც შეეხება იმას, თუ რამდენად ჰგავდა ჩემი მუსიკალური გემოვნება თანატოლებისას, ალბათ, ძალიან ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში თუ იყო ასეთი მსგავსება. ასაკით ჩემზე უფროსი მეგობრების გემოვნება უფრო ჰგავდა ჩემსას, ვისგანაც ვისწავლე უმეტესი რამ მუსიკის შესახებ.

M: რას ნიშნავს იყო თბილისელი DJ? აქვს რამე უპირატესობა ამ სტატუსს?
განსაკუთრებული არაფერი, უბრალოდ გაქვს უფრო მეტ ადამიანთან შეხება საქმიდან გამომდინარე.
M: როგორ ფიქრობ, რითაა განსხვავებული შენი მუსიკალური სელექციის სტილი სხვა ადგილობრივი DJ ებისგან?
განსხვავებებზე საუბარი გამიჭირდება, ეს მსმენელის პრეროგატივა მგონია. რაც შეეხება ჩემს სელექციას, ვცდილობ კონკრეტულ ჟღერადობებსა და ჩარჩოებში არ მოვექცე. მგონია, რომ მრავალფეროვანი სელექცია როგორც დიჯეისთვის, ასევე მსმენელისთვის ბევრად უფრო საინტერესოა.
ყოველი სელექციის პროცესი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ გინდა განავითარო შენი სეტი, რა სათქმელის გადმოცემა გსურს და ა.შ. აქედან გამომდინარე, ვცდილობ სხვადასხვა ადგილებში დაკრული სეტები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს.
M: გადავიდეთ ლეიბლზე. რატომ დაინახეთ ქართული ელექტრონული მუსიკის ლეიბლის გახსნის საჭიროება, რას გულისხმობს Transfigured Time კონცეპტუალურად და ამჟამად წარმატებულად თვლით თუ არა თავს ამ განხრით?
ლეიბლის შექმნის იდეა მე და გაჩას სპონტანურად, საუბრის დროს გაგვიჩნდა, ხოლო მოგვიანებით სერგაც შემოგვიერთდა.
Transfigured Time-ს ჟანრობრივი შეზღუდვები არ გააჩნია, გვინდა ის მუსიკა “დავარელიზოთ”, რომელიც მოგვწონს და გვგონია, რომ წლების გასვლის შემდეგაც ღირებული იქნება, როგორც ჩვენთვის, ასევე, იმედი მაქვს, მსმენლისთვისაც. პირველი და მეორე რელიზები კომპილაციები იყო, სადაც ქართველი პროდიუსერების გარდა, რამდენიმე უცხოელი მუსიკოსიც იყო წარმოდგენილი, ტრეკებსაც ერთმანეთისგან განსხვავებული ჟღერადობები ჰქონდა, რაც ვფიქრობ, კარგად გამოხატავს ლეიბლის მიმართულებას.
წარმატება/ წარუმატებლობაზე ვერ ვისაუბრებ, იმის თქმა შემიძლია, რომ ოქტომბერში გამოვა ჩვენი რიგით მეოთხე რელიზი, რომელიც ნიკაკოის ეკუთვნის (+ სადაც გიგი ჯიქიას, იგივე HVL-ის, რემიქსიც იქნება), ასე რომ, მგონი ნორმალურად მიდის საქმე.
M: როგორ ფიქრობ, რა ძირითადი სუსტი მხარეები გააჩნია ამჟამად ელექტრონული მუსიკის ინდუსტრიას თბილისში? არის კი ეს საერთოდ ინდუსტრია? პრობლემა არის თუ არა მსმენელში?
მსმენელთან ერთად, დიჯეებიც ბევრ რამეს სწავლობენ, მთელი ეს სივრცე ყველასთვის ახალია, ასე რომ, ვინმეზე ჯოხის გადატეხვა არასწორი მგონია. ექსპერიმენტებისა და სიახლეების დიჯეებს და მსმენელებს არ უნდა შეეშინდეთ.
წლების განმავლობაში, სცენის განვითარების მიუხედავად, ე.წ. “ქომუნითის” შექმნა ვერ მოხერხდა. ახლა ამ ფუნქციას წარმატებით ითავსებს ვოდკასტის ფირფიტების მაღაზია, სადაც თითქმის ყოველ საღამოს იკრიბებიან მსმენელები, მუსიკოსები, დიჯეები და მათთვის საინტერესო თემებზე მსჯელობენ, ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას და ა.შ. ეს ყველასთვის ღია სივრცეა და დარწმუნებული ვარ, ამას მომავალში ძალიან დადებითი გავლენა ექნება.
ასევე მგონია, რომ ყველაზე მეტად სოლიდარობის ნაკლებობას განვიცდით ერთმანეთის მიმართ. ამ აღმავალ პერიოდში რომელშიც არის ახლა თბილისის სცენა, მნიშვნელოვანია, ყველა მიისწრაფოდეს საერთო ერთიანი მიზნისკენ. გულდასაწყვეტი იქნება, თუ ეს პროგრესი ურთიერთქიშპობის გამო შეჩერდება, ან შენელდება. თუმცა, იმედი მაქვს, წლების შემდეგ აუცილებლად დავიმკვიდრებთ თავს მსოფლიო ელექტრონული მუსიკის რუკაზე.
M: შენი პერსონალური მიზანი უახლოეს 5 წლისთვის, ფიქრობ რომ DJ-ის კარიერას გააგრძელებ?
გულახდილი რომ ვიყო, ჩემი თავი ვერც 5 და ვერც 10 წლის შემდეგ წარმომიდგენია ამ საქმის გარეშე, ამიტომ პერსონალური მიზანიც “დიჯეინგს” და მუსიკას უკავშირდება.
M: დაუტოვე მარკეტერს ტრეკი ფლეილისტისთვის…
მარკეტერს დავუტოვებ Transfigured Time -ის ბოლო რელიზიდან ჩემთვის გამორჩეულ ტრეკს, რომელიც ამ კვირაში იხილავს დღის სინათლეს:










