Greenbeam & Leon – ლოკალურ ელექტრონულ მუსიკასთან მცირე შეხების მქონე ადამიანებმაც კი იციან ეს სახელები. აჩი თაბუკაშვილი და ლეონ ლოლიშვილი მუსიკას 2000-იანი წლებიდან აკეთებენ. მათი რელიზები კი უკვე საკმაოდ ცნობილ უცხოურ ლეიბლზეა გამოსული. გარდა ერთობილივი პროექტებისა, ისინი მუსიკას ცალკ-ცალკეც აკეთებენ. ადგილობრივ სცენასთან დაკავშირებით და სხვა საინტერესო საკითხებზე, მარკეტერი ლეონს ესაუბრა.
M: ვინ არის ლეონი და როდიდან იწყება მისი დაინტერესება ელექტრონული მუსიკით?
ელექტრონული მუსიკის ინტერესი ადრეული ასაკიდან დაიწყო, როცა პირველად მოვისმინე პროდიჯი და იმდროინდელი ტრანს მუსიკა, შემდეგ DJ სკოლა “კაფსულაც” გაიხსნა და მე და აჩი ერთ-ერთი პირველი მოსწავლეები გავხდით ამ სკოლის.
M: Greenbeam & Leon თანამედროვე ქართული სცენის პიონერები არიან, უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგიგროვდათ, როგორც დიჯეინგის თვალსაზრისით, ასევე პროდიუსინგის მიმართლებითაც. რას ურჩევ ახალგაზრდებს, რომლებიც უკვე ახლა იწყებენ ამ გზას, რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა მათთვის?
ვურჩევდი ნებისყოფის მოკრებას და რასაც აკეთებენ, იმ საქმის ფანატიკურ სიყვარულს იმიტომ, რომ ძალიან დიდ შრომას მოითხოვს ეს სფერო და ბევრისთვის აღიქმება გართობად, სინამდვილეში, ეს ასე არ არის.
M: შენი და აჩის პარალელურ პროექტზე, Autumn Tree-ზე მინდა ვისაუბროთ. ძირითადი ტექნო პროექტისგან განსხვავებით, რბილი და მელოდიური ჟღერადობაა, Ambient ნარატივებით. როგორ ფიქრობ, რა განაპირობებს, რომ ამჟამად თბილისში ნაკლებად პოპულარულია მუსიკის ეს მიმართულება, ვიდრე ტექნო? არის თუ არა ეს ზოგად მსოფლიო ტრენდებზე „აყოლის“ მომენტი და რამდენად ექცევა თქვენი მუსიკა ამ ტრენდების ცვალებადობის ქვეშ?
ზოგადად, ვფიქრობ რომ ტექნო მუსიკა ბოლო წლებში საგრძნობლად პოპულარული გახდა არამარტო თბილისში, მსოფლიოშიც, აქედან გამომდინარე, პრომოუტერებიც და კლუბებიც ცდილობენ უფრო ჩვენი ტექნო ალიასით დაგვიძახონ, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ Autumn Tree-ს ვივიწყებთ, ვცდილობთ იგივე დრო დავუთმოთ ამ პროექტსაც … ჩემთვის საინტერესოა, რომ ერთ კონკრეტულ სტილში ან ჟანრში არ ვიყო… ტრენდები ყოველთვის ახდენენ ზეგავლენას, რა თქმა უნდა, გარკვეული დოზით..
M: თუ ვისაუბრებთ გავლენებზე, ვინ იყო პირადად შენთვის ყველაზე დიდი ინსპირატორი და განიცდის თუ არა ამდენი წლის შემდეგ შენი მუსიკა თინეიჯერობის დროინდელი „კუმირების“ გავლენას? თუ მოახდინე უკვე საკუთარი ავთენტური ჟღერადობის ფორმირება?
თუ შევხედავთ იმ მხრიდან, რომ მე ვუსმენდი თინეიჯერობაში ტრანსს და დღევანდელ ტექნოში მრავლად არის ატმოსფერული ჟღერადობის მუსიკა, რაც მომწონს კიდეც, ალბათ, ეს არის ჩემი თინეიჯერობიდან გამოყოლილი სიყვარული ატმოსფერული მუსიკისადმი… ასე კონკრეტული “კუმირი” ერთი არ მყოლია… ჩემს ჟღერადობას რაც შეეხება, მე არ მიყვარს ერთი კონკრეტული ჟღერადობის ტექნო სეტების დაკვრა, ბოლო წლებთან შედარებით, ვფიქრობ, რომ უკეთ ვიცი რა მომწონს.
M: რამდენად ხშირად გხვდება ქართული ნარატივები დღევანდელ ქართველ პროდუსერებში და რამდენად ფიქრობ, რომ აუცილებელია ამ ნარატივების არსებობა, როდესაც სცენის განვითარებაზე ვსაუბრობთ?
რა თქმა უნდა, აუცილებელია, რომ ნებისმიერ სცენას თავისი იდენტობა გააჩნდეს ჟღერადობის მხრივ, რაც ძალიან რთულია და სირთულედ რჩება ისევ თბილისური სცენისთვის, თუმცა, არიან არტისტები ნიკა მაჩაიძე, კოზმანა, რეზო ღლონტი, გაჩა, ვისაც თავისი ჟღერადობა აქვთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია .
M: შენ როგორც დიჯეინგის, ასევე მუსიკალური პროდიქციის თვალსაზრისით დიდი ხანია გაცდი საქართველოს ფარგლებს, შეგვიძლია ვთქვათ კიდეც, რომ არ ხარ აქაურ პროცესებზე დამოკიდებული. მეორე მხრივ, ყოველთვის მნიშვნელოვანია ლოკალურ სცენაზე იყო აქტიური, შენსავე ქვეყანაში. როგორ ფიქრობ, ის მოვლენები, რაც ბოლო დროს საკმაოდ მომრავლდა, ვგულისხმობ მასობრივ ჩამოყვანას უცხოელი არტისტების, მათზე გადართვა, როგორც კლუბების, ასევე ფრომოუთერების, არის სწორი ნაბიჯი? რამდენად არის ეს ზიანის მომტანი ადგილობრივი არტისტებისთვის? და არის თუ არა ეს უბრალოდ პატარა ქვეყნის პრობლემა, რომელიც ამ ინდუსტრიის აშენებას ახლა იწყებს?
მე ყოველთვის ვთვლი, რომ პირველ რიგში თბილისური სცენის ნაწილი ვარ და აქ მიღებული გამოცდილებაც ძალიან მეხმარება. რაც შეეხება სტუმარ Dj-ებს, ვფიქრობ, რომ კარგია, თუ ეს კლუბს ფინანსურად შეუძლია, თუმცა, რაც დღეს ხდება ცოტა “ოვერდოზიც” კი არის. ვფიქრობ, რომ ლოკალური ფართებით უნდა ხდებოდეს კლუბების შევსება და ესეც ძალიან საინტერესო იქნებოდა… ადგილობრივი არტისტებისთვის საინტერესო იქნება, თუ მუსიკას დაარელიზებენ მოწვეული არტისტების ლეიბლებზე ან დაუკრავენ დახურვის სეტებს და არ იქნებიან მხოლოდ გახურების DJ-ეები იმ უცხოელი დიდი სახელებითვის… ვფიქრობ, არტისტებმაც უნდა მუშაონ საკუთარ თავზე და პრომოუტერების „გაქაჩვის“ იმედად არ იყვნენ.
M: თბილისში უკვე არის ქართული ფირფიტების პირველი მაღაზია Vodkast Shop, რომელმაც მომავალში ალბათ, მუსიკალურთან ერთად, სოციალური ფუნქციაც უნდა შეასრულოს. კიდევ რა ატრიბუტებს თვლი, რაც ადგილობრივად აუცილებელია განვითარდეს, რომ ადგილობრივი კომუნა უფრო გახსნილი გახდეს ახალი ადამიანების მისაღებად? თვლი თუ არა, რომ რაღაც ბარიერები ამ „კომუნაში“ გასაწევრიანებლად დღეს ხელოვნურად არსებობს და იგი თავად კეტავს თავის თავს?
ვფიქრობ, სოციუმი უნდა იყოს მეტად გახსნილი, პირველ რიგში და არ უნდა ხდებოდეს დაბლოკვა ამა თუ იმ მიზეზით რომელიმე არტისტის, ვინც იმსახურებს, რომ დაუკრას და აქვს ამის მონდომება და პოტენციალი, თბილისი ყოველთვის მიდრეკილი იყო ჩაკეტილი წრეებისადმი რისი მომხრეც მე ნამდვილად არასდროს ვყოფილვარ მე და ჩემი მეგობრები კი ვცდილობთ ხელი შევუწყოთ დამწყებ კარგ არტისტებს დაუკრან ჩვენს საღამოებზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, ჩემი აზით.
M: Boyd Schidt-ზე ვისაუბროთ. რა მუსიკალური პერსონაჟი იმალება ამ სახელის უკან, რა გეგმებია ამ პროექტის მიმართ, ვისთან იგეგმება კოლაბორაცია და ა.შ.
Boyd Schidt არის ჩემი სოლო პროექტი რომლითაც ვუკრავ ტექნოს და დაბ ტექნოს, ასევე ემბიენთს, ჩემს პოლონელ მეგობართან ერთად მალე დავიწყებ ვინილ ლეიბლს „2529“ – ამ სახელწოდებით, რომელიც იქნება დაბ ტექნოზე ორიენტირებული და გამოვუშვებთ თავდაპირველად სხვადასხვა არტისტ კომპილაციებს. ვინ იქნება პირველ რელიზში, ამას მალე დაავანონსებთ.
M: ხალხი ხშირად ადარებს აქაურობას ბერლინის სცენას ხშირად გამიზნულად, ხშირად შემთხვევით. როგორ ფიქრობ, ეს მიბაძვის პროცესი სხვა ქალაქზე რა შედეგის მომტანია, კარგავს თუ არა აქაურობა ამით თავისი მიმართლებით წინსვლის საშუალებას. რამდენად დგას ამ ტრენდის უკან ძირითადად ფინანსური და არა მუსიკალური დაინტერესება?
ვფიქრობ, რომელიმე ქალაქთან შედარება ნამდვილად არ არის სწორი იმიტომ, რომ თბილისი და ბერლინი ჩემთვის რადიკალურად განსხვავდება აურით, სოციალური მდგომარეობითა და ნარკოპოლიტიკით… ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი საკუთარი ხედვა ჩამოვაყალიბოთ, მეტიც, ყველა კონკრეტულ კლუბს თავისი აურა და ატმოსფერო სჭირდება, რაც, პრინციპში, იგრძნობა კიდეც. ალბათ, დღესდღეობით ორივე მხარე დიდ როლს თამაშობს, როგორც ფინანსური, ისევე მუსიკალური მიმართულებით, სხვანაირად ამ კონკურენციის პირობებში კლუბები ვერ იარსებებენ.
M: დავასრულოთ პოზიტიურ ნოტაზე, დაუტოვე მარკეტერს ტრეკი საერთო ფლეილისტისთვის…