4
Nov
2016

#თაობა – MokuMoku: განსხვავებული გემოვნება ქმნის უნიკალურობას, მაგრამ ზედმეტად გამიჯვნა აქუცმაცებს საზოგადოებას

4 Nov 2016

“უმაღლესი დონის ხარისხი არც სჭირდება რამე მნიშვნელოვანს, მითუმეტეს როდესაც ის სოციალურია და ასახავს ქვეყნის ხარისხსაც”, – მარკეტერი წარმოგიდგენთ ჰიპ-ჰოპის ქართველ წარმომადგენლებს, გაიცანით, მოკუმოკუ.

M: მოკლედ გაგვაცანით თქვენი თავი…

MokuMoku შევქმენით 2012 წლის ბოლოს. მუსიკას სხვადასხვა ლოკაციებში ვქმნით, არ გვაქვს ჩვენი მუდმივი სტუდია, რაც განაპირობებს იმას, რომ სხვადასხვა ატმოსფერო სხვადასხვანაირად აისახება ჩანაწერის სტილსა და ჟღერადობაზე. უმეტესწილად, ვწერთ ინსტრუმენტულ მუსიკას, “ვსემპლავთ”, მეგობარ მუსიკოსებს ვადებინებთ ინსტრუმენტულ პარტიებს ან ვოკალებს, მოკუმოკუ არის 2 მეგობრის და  დაინტერესებული ხალხის ერთობლივი პროდუქტი. მოკუმოკუ იშლება, ანუ ცალცალკე ყველას თავისი მუსიკა და ბგერა აქვს.

Moku Photo 2

M: როდის შემოიჭრა თქვენს ცხოვრებაში მუსიკა იმ დოზით, რა დოზითაც ახლა ხართ ჩართულები?

ტატო: – მუსიკის მოსმენა აქტიურად და გააზრებულად 12 წლის ასაკში დავიწყე.  თავიდან მქონდა აპლიკაცია ტელეფონში, ვწერდი პირდაპირ მობილურში, პარალელურად ვუსმენდი Wu Tang Clan-ს და Jay Z-ს, თრიქი-ს და Massive Attack-ს, რამაც გადამაწყვეტინა რომ ლირიკა დამეწერა, ინგლისურად. ვცდილობდი მიმებაძა ჩემი კუმირებისთვის ხმით და სტილით, ასე ვთქვათ, გამოვირჩეოდი თანაკლასელებისგან იმით, რომ მეკეთა გაკვეთილებზე ყურსასმენები, მეცვა ძალიან ფართო ტანსაცმელი და რაღაც “საგიჟეთებს” ვუსმენდი. 16 წლის ასაკში რედიოჰედის გავლენით ვიყიდე აკუსტიკური გიტარა, დავაყენე Fl Studio და ასე ვთქვათ, “Пошло поехало “.

ჯეი: – არ მახსოვს, როდის იყო, დაბადებიდანვე  მამაჩემი მუსიკას რთავდა და ძალით მასმენინებდა თავის “პსიხადელიებს”. მაშინ სასტიკად არ მოდიოდა ჩემამდე ეს თემა, აი ახლა კიდევ პირიქით არის, აქეთ ვეკითხები ხოლმე. ძლიერად რამაც იმოქმედა ჩემზე იყო მაშინ, როდესაც ისევე მამაჩემმა ფილმი Blues Brothers მოიტანა სახლში, აი, მაშინ შემოიჭრა მუსიკა გრანდიოზული დოზით .

Moku Moku Photo
M: ინსპირაციას ძირითადად საიდან იღებთ? ვინაიდან, ჰიპ-ჰოპი მაინც ურბანული კულტურაა, ალბათ, ძირითადი წყარო ისევ ქალაქი და მისი სოციალური ყოფაა?

ტატო: – უფრო ემოციურ დონეს და ფონს აღვიქვამ გადამწყვეტ ინსპირაციად, ადამიანებს რომლებსაც ვხვდები. მაგრამ თბილისის ესთეტიკა მაინც რაღაც გავლენას ახდენს, პოლიგონივით არის ჩემთვის, აკუსტიკური პეიზაჟების შექმნა ძალიან მიყვარს. თბილისი ისეთია, როგორც ჩვენ ვხედავთ სუბიექტურად, ყველასთვის სხვანაირია, მაგრამ ბათუმი არანაკლებ გავლენას ახდენს ჩემზე, იმის მიუხედავად, რომ იშვიათი სტუმარი ვარ ამ ზღვისპირა ქალაქში, მაინც ახერხებს გავლენის მოხდენას ჩემს აზროვნებასა და მუსიკალურ ატმოსფეროზეც.

ჯეი: – ვერ ვიტყვი, რომ მარტო ურბანული და სოციალური ყოფაა მოკუმოკუს ინსპირატორი, ან ზოგადად კერძოდ, ჩვენი შეიძლება არის, მაგრამ გარკვეულწილად… მე მთელი იმ დღისგან ვიღებ შთაგონებას. შეიძლება ამიტომაც მუსიკას ძირითადად დღის ბოლოს ვაკეთებ, მთელი დღის მანძილზე დაგროვილი “ბარგი” კონვერტირდება მუსიკაში, შეიძლება ჰიპ-ჰოპი გამოვიდეს, შეილება “ინდასტრიალი”, გააჩნია, როგორ ჩაიარა დღემ.

M: რას იტყვით ახლად წამოსულ ჰიპ-ჰოპ ჟღერადობაზე თბილისში, რამდენად ხასისხიანია თავად პროდაქშენი და თემატიკა რამდენად რელევანტურია ქართლულ რეალობასთან?

ჩვენ მივესალმებით ქართული ჰიპ-ჰოპის გამოცოცხლებას. ძალიან მიხარებს გულს ის ფაქტი, რომ MC-ები თვითონ ახერხებენ სელფ-პროდიუსინგს, თვითონ წერენ ბითებს და საკმაოდ თვითმყოფადები არიან, პერსონაჟებს ვხედავ, რაც ძალიან კარგია. უმაღლესი დონის ხარისხი არც სჭირდება რამე მნიშვნელოვანს, მითუმეტეს როდესაც ის სოციალურია და ასახავს ქვეყნის ხარისხსაც. მარტო ჰიპჰოპი კი არა ზოგადად ყველაფერი უნდა გამოცოცხლდეს, ეს იქნება პაპსა თუ Post Soviet Suicide Metal.

M: თქვენი შემოქმედების ძირითადი გასავრცელებელი წყარო მაინც ინტერნეტია, ამ მხრივ არააკუსტიკურ მუსიკას დამატებითი პლიუსი აქვს, რომ ყურადღება მიიპყროს, შესაბამისად, თქვენ ნეტის საშუალებით უკვე მსოფლიო კონკურენციაში ხართ ჩართული. რამდენად რეალურია, ამ ეტაპზე, ინტერნეტის საშალებით მსოფლიო მასშტაბის წარმატების მოპოვება მუსიკალურ ინდუსტრიაში?

საკმაოდ რეალურია, უფრო მეტიც, ინტერნეტის გარეშე ახლა ცნობილი უბრალოდ ვერ გახდები. იმდენად არის ქსელი ინტეგრირებული საზოგადოებაში, რომ წარმოადგენს პარალელურ რეალობას, რომელიც მომავალში ყოვლისმომცვლელი იქნება და სავარაუდოდ ადამიანის გონება სრულიად გადავა სიმულირებულ გარემოში, ანუ გეზი უკვე აღებულია. ინტერნეტის საშუალებით ვისწავლე უამრავი რამ და ინტერნეტის საშუალებით ვარ ის, რაც ვარ ახლა, ყველა ასე არ ვართ?!

M:  რამდენად კარგად და სწორად აღიქვამს ქართველი მსმენელი მიმდინარე მოვლენებს? შეგვიძლია თუ არა საერთოდ ვისაუბროთ ამ ეტაპზე ქართული თანამედროვე მუსიკის მსენელზე? როგორ ფიქრობთ, პროდიუსერებმა და მუსიკოსებმა უფრო წაიწიეს წინ, თუ თავად მსმენელმა?

ტატო: – ქართველი მსმენლის პრეტენზიულობა მითი არ არის და ეს სავსებით ნორმალურია, ჩვენ საკმაოდ დავაგვიანეთ მსოფლიოსთან შედარებით და ცოტა გემოვნებიან მსმენელს უკვე იმდენი მუსიკალური ეტაპი აქვს გამოვლილი, “იმპორტული” მუსიკაც კი მობეზრებული აქვს, მთელმა სუბკულტურებმა ჩაგვიარეს და უცებ მაგალითად სახეზე გვყავს ვიღაც ორი პერსონა და ჰიპ-ჰოპს „ასაღებენ“. ეს საერთოდ არ არის სიახლე  მათთვის, მაგრამ რაღაც არის მაინც ისეთი, რაც მათში სიმპატიას იწვევს და ძველმოდურებად არ აღგვიქვამენ და მეორე უკიდურესობა, რა თქმა უნდა, ის არის, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა საკმაოდ განსხვავებულ მუსიკას უსმენს, დასავლურისგან განსხვავებულს. ანუ, სინამდვილეში, ჩვენი “გამგები” მსმენელის რაოდენობა საკმაოდ ცოტაა. რაც სულაც არ არის კატასტროფა, რაოდენობას ჩვენთვის ნაკლებად აქვს მნიშვნელობა, მითუმეტეს, როდესაც ჩვენ ვწერთ, იმას რაც გვისწორდება, რასაც ვთვლით საინტერესოდ. თუ მსმენელიც გვეთანხმება, რა ჯობია.

ჯეი: – გააჩნია, რა თქმა უნდა, ვინ არის ეს მსმენელი, მე მგონია, რომ მაინც ბოლომდე არაა მზად ქართველი მსმენელი მუსიკის შეფასებისთვის.

M: მიუხედავად ბოლო წლებში აქტირობისა, კომუნა (მუსიკალური) მაინც პატარაა და ჩაკეტილი, როგორ ფიქრობთ, რა არის ამის განმაპირობებელი ფაქტორები და რამ შეიძლება გაარღვიოს ეს წრე?

პირველ კლიპში, რომელიც გადავიღეთ, მაცვია ქართული PSBM ჯგუფის Psychonaut 4-ის ჰუდი. რა შუაშია ეს სტილი ჰიპ ჰოპთან?! ჰიპ ჰოპთან შეიძლება არაფერი ჰქონდეს საერთო, მაგრამ მე ვუსმენ და და მხარს ვუჭერ კარგ ქართულ პროდუქტს, ასევე საპროდიუსერო სცენასთანაც ვთანამშრომლობ. Friendly Mosquito-სთან, ვწერ ლირიკას ჯგუფისთვის, ასევე ვარ ჯგუფ Gravity Project-ის წევრი, ძალიან სხვადასხვანაირ მუსიკას ვუკრავთ, იქამდე ვუკრავდი Nu Metal კოლექტივში, ვუკრავდი დრამზე ინდი ბენდში. იმის თქმა მინდა, რომ სტილი არ არის ბარიერი, მითუმეტეს, ასეთ პატარა ქვეყანაში და არ მესმის ადამიანების, რომლებიც არ უსმენენ სხვა ჟანრებს, იმის გამო, რომ ერთგულები დარჩნენ იმ მოძრაობისა, სადაც არიან გაწევრიანებული. ეს სეგრეგაცია ძალიან სახიფათოა, პატარა ბანაკებად დაშლა არ უნდა იყოს გამოწვეული იმით, რომ “რეპი კაია, როკი ცუდია”, ასევე ვუჭერ მხარს კლუბური მუსიკის კომუნას და ხშირად დავდივარ ივენთებზე, იმიტომ, რომ ელექტრონული მუსიკა ისევე მიყვარს როგორც სხვა დანარჩენი. რომ შევაჯამოთ, იმის თქმა მინდა რომ ჩვენი განსხვავებული გემოვნება ქმნის უნიკალურობას, მაგრამ ზედმეტად გამიჯვნა აქუცმაცებს ამ პატარა საზოგადოებას, რასაც ჩვენ წარმოვადგენთ, ასე ვთქვათ Walk wide, Respect others.

M: და ბოლოს, დაუტოვეთ მარკეტერს ტრეკები ფლეილისტისთვის…



განხილვა