ელექტრონული მუსიკის აღზევებასთან მიმართებაში ქართული ალტერნატიული მუსიკა თითქოს კრიზისს განიცდის, ბევრმა ბენდმა შეწყვიტა მოღვაწეობა, ბევრიც სხვა მიმართულებაზე გადაერთო. თუმცა, გამონაკლისები ყველგან არსებობს. ნიკა ჩოხელი პროექტ Mellow-ს წევრია, ბენდმა მალევე მოიპოვა პოპულარობა ახალგაზრდა თაობაში და წინსვლას აგრძელებს. დეტალებზე ნიკას ვესაუბრეთ:
M: მოგვიყევი შენზე, როდის დაინტერესდი მუსიკით, გიტარით და ა.შ.
პირველად მუსიკით დავინტერესდი 11-12 წლის ასაკში, როცა ბიძაჩემი გადმოვიდა ჩემთან საცხოვრებლად. მარტო მე არა, მე და ჩემმა ძმამ ერთად დავიწყეთ მუსიკის მოსმენა/მოგროვება. ბიძაჩემი გვაწვდიდა, ჩვენ ვუსმენდით. თან გიტარისტია და პირველი ინსტრუმენტი, რაც შემიყვარდა სწორედ გიტარაა. სულ პირველი ელექტრო გიტარა ერთად ავაწყვეთ, ხელით. შემდეგ ხელით აწყობილ გიტარას ხელითვე აწყობილი ეფექტები დაემატა. ბიძაჩვენი ანალოგური ჟღერადობით გვამდიდრებდა, ჩვენ ციფრულს ვსწავლობდით კომპიუტერთან.

M: Mellow-მდე არსებობდა შენს ცხოვრებაში სხვა ბენდებიც, სადაც ცდილობდი იმ მუსიკის დაკვრას, რაც შინაგანაც მოდიოდა?
Mellow-მდე სწორედ ის ოჯახური სივრცე იყო, სადაც მუსიკის სწავლა, კეთება 3 სხვადასხვა ასაკის ადამიანს გვინდოდა. როცა მუსიკალურში სწავლობ, მასალას გაწვდიან და მერე ცდილობ იმის გამეორებას და როცა შენ თვითონ ცდილობ, ხშირად ხდება, რომ ჯერ აკეთებ და მერე იგებ, რომ შენამდე 1000 სხვას გაუკეთებია. ჩემი აზრით, აღმოჩენების ასე გაკეთება გაცილებით დიდ კვალს ტოვებს ვიდრე უბრალოდ ლანგარზე მორთმეული. დაკვრით მხოლოდ ერთ ბენდში ვუკრავდი Mellow-მდე და თან ბას გიტარაზე. ჟანრში ვერ ვემთხვეოდი, მაგრამ ძალიან მაინტერესებდა რეპეტიციები. ადამიანებთან კომუნიკაცია მიჭირდა ალბათ და ამიტომ წავედი ამ კომპრომისზე. ეს იყო Death Metal ბენდი, რომლის სახელი არ მახსოვს და ალბათ არც ჰქონდა, ძირითადად, Amon Amarth-ის ქავერებს ვუკრავდით. ასე რომ, ერთადერთი სივრცე, სადაც ზუსტად იმას ვუკრავდი და ვაკეთებდი, რაც მინდოდა იყო ჩემი და ჩემი ძმის ოთახი, სადაც 2+2 ყოველთვის უდრიდა 5-ს და ახლაც უდრის.
M: როგორ ფიქრობ, ამ ეტაპზე ის, რასაც უკრავთ უფრო ლირიულ მხარეზეა ორიენტირებული, თუ მუსიკალურზე? რამდენად განიცდის თქვენი მუსიკა თანამედროვე ტრენდების გავლენას?
უტექსტო მუსიკა უფრო მეტი გვაქვს, ვიდრე უმუსიკო ტექსტები, ამიტომ მუსიკას ვფიქრობ ამ წუთას. ალბათ, მსმენელი რომ ვიყო და მონაწილეობა არ მქონდეს მიღებული, უფრო საინტერესო მოსაზრება მექნებოდა.
ტრენდებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, განიცდის გავლენას. თვითონ პროგრამები, რის საშუალებითაც ვიწერთ მუსიკას, განიცდიან ტრენდების გავლენას, თავად ამ ტრენდების მიხედვით პროგრამდება ხშირად.

M: ფაქტია, რომ ინტერნეტმა საშუალება მოგცათ თქვენი შემოქმედება გაგეცნოთ ხალხისთვის, ბევრი ამ ინსტრუმენტს ვერ იყენებს სრულყოფილად. როგორ ფიქრობ, რამდენად შეგიძლიათ ამ საშუალებით გასცდეთ უკვე ქვეყნის ფარგლებსაც?
მე მგონია, რომ შეგვიძლია. იმედი არ მაქვს, მგონია. გაქცევას არ ვაპირებთ, არც “ამერიკებში” ცხოვრებაზე ვოცნებობთ. უბრალოდ, მაშინ მთელი ჩვენი საქმიანობა აზრს კარგავს. რანაირად შეიძლება დანებდე და თქვა, რომ შანსი არ გაქვს, როცა ინტერნეტში უბრალოდ საზღვრები არ არსებობს (ჩრდილოეთ კორეის გარდა. მანდ არამგონია ოდესმე შევაღწიოთ).
M: დაუსრულებელი დისკუსია ინგლისურ-ქართულ ტექსტებზე. თქვენი ტექსტების უმრავლესობა ინგლისურადაა. რა არის ამ გადაწყვეტილების მიზეზი? გქონდათ მცდელობა ქართული ტექსტების წერის?
მე მგონია, რომ ჩვენი ყველა ტრეკი, ქართული თუ ინგლისური, მცდელობაა. Mellow-მ ტრეკების სისტემატიურად დარელიზება შეწყვიტა 2 წლის წინ და სიმღერების წერა კიდევ უფრო ადრე. 15-16 წლისები ვიყავით, რომ დავიწყეთ და 2 წლის მერე ტრეკები სად წაგვეღო, აღარ ვიცოდით. მთელი ის დრო იყო იმდენად სპონტანური, რომ არავის არაფერზე არ უფიქრია. მერე გვიან გამოჩდნა ეგ პრობლემა და ახლა უკვე ვხვდები დაახლოებით მიზეზს. ქართულად როცა წერ, ძალიან უშუალო ხარ, ბოლომდე გჯერა იმის, რასაც ამბობ, რასაც მღერი და ინგლისურად თითქოს “ობრაზსს იჭერ” და იქ რაც გინდა, ის ილაპარაკე, თითქოს, არტისტობ, შენთან კავშირს კარგავს ყველაფერი, რასაც მღერი. ორივე ძალიან სასიამოვნო პროცესია და არასოდეს გავექცევი ერთს ან მეორეს.

M: ალტერნატიულმა მუსიკამ საქართველოში მხოლოდ რამდენიმე წლით მოიკიდა ფეხი და მალევე “გატრენდებულმა” ელექტრონულმა მუსიკამ შეცვალა, თითქოს, მსოფლიო მასშტაბით დგება აკუსტიკური მუსიკის კრიზისი, როგორ ფიქრობ, თქვენს ბენდსაც მოუწევს ცოტათი ელექტრონული ნაზავის გამოყენება, რომ მოერგოთ მსმენელს?
ჩვენ გვაქვს პროექტი, თავად Mellow-ს პროექტი (პროექტის პროექტი, პროექტსეფშენი) Beat Bits Bitter, რომელიც Mellow-ს ტრეკების, ალტერნატიული, მეტად ელექტრონული ვერსიებია და ვაპირებთ ამ წესის გაგრძელებას. ამ ეპოქაში შეუძლებელია მხოლოდ აკუსტიკური ინტრუმენტებით შემოიფარგლო, ჯერ მარტო იმიტომ, რომ აკუსტიკური ინსტრუმენტები გაცილებით ძვირი ღირს. ასე რომ, მსმენელი უფრო უნდა მოერგოს ჩვენს ფინანსურ მდგომარეობას. ეს ხუმრობით და ისე, მართლა შეუძლებელია და უკვე უინტერესოც კია.
M: ბევრი ბენდი ყოფილა, დაუკრავთ, პოპულარულებიც გამხდარან, მაგრამ პრობლემა მაშინ დგება, როდესაც რელიზზე მიდგება საქმე, ამ მხრივ როგორ ხართ? იგეგმება თუ არა ალბომი ან, თუნდაც, EP ახლო მომავალში?
კატეგორიულად წინააღმდეგები ვართ ალბომის დარელიზების. უფრო საინტერესო მხარე გვინდა მოვუძებნოთ. იმდენად ბევრ ბენდს აქვს უკვე ალბომები სახლში დალაგებული, რომ არ გვინდა იგივე გავიმეოროთ, უბრალოდ, მართლა არ მაქვს მაგხელა ადგილი სახლში. ჩვენ გვინდა, რომ ალბომს უფრო მეტი შევმატოთ, არ გვინდა მხოლოდ დისკზე ჩაწერილი მუსიკა იყოს. ამჟამად, ზუსტად მაგაზე ვმუშაობთ და არ მინდა, რამე წამომცდეს. მოკლედ, ელოდეთ Mellow-სგან ყველაზე მოულოდნელს.











