ქართული კლუბური კულტურა სწრაფად ვითარდება, დედაქალაქს უკვე მრავალი უცხოელი არტისტი ეწვია, ვითარდება ადგილობრივი სცენაც. დღითიდღე იმატებს იმ პროდიუსერთა რაოდენობა, რომელთა შემოქმედებაც უცხოურ ლეიბლებზე რელიზდება. მარკეტერი წარმოგიდგენთ პირველი ქართული ფირფიტების მაღაზიის (ასევე ლეიბლისა და პოდკასტის) Vodkast Records-ის ერთ-ერთ დამაარსებელს, დისკ ჟოკეისა და მუსიკალური ფესტივალ 4GB-ის გუნდის წევრს, ვახო გამცემლიძეს.
M: დავიწყოთ თავიდან. ვინ არის ვახო, როდის დაიწყო მუსიკით მისი დაინტერესება, რაც უკვე შემდეგ DJ-ინგში გადაიზარდა?
როგორც ამბობენ, მუსიკით დაინტერესება დაიწყო დაახლოებით 3 წლის ასაკში, მამას ფირფიტებს ვუსმენდი დიდი ყურსასმენებით, წყნარად მჯდომარე. ამ დროიდან მახსოვრობაში ბუნდოვნად დამრჩა Queen-ის, Chicago-ს და Stewie Wonder-ის ალბომების ყდები.
ალბათ, არ მქონია ცხოვრების პერიოდი მუსიკისადმი ინტერესის გარეშე. ინტერესის მიმართულება პერიოდულად იცვლება და ღრმავდებოდა დღემდე.
ვინც შინაგანად დაკავშირებულია მუსიკასთან, ჩემი აზრით, ყველას აქვს სურვილი, უკვე სცადა ან აკეთებს რაღაც ახალს საკუთარი კოლექციით. ვგულისხმობ, დიჯეინგს და მუსიკის შექმნას. მიუხედავად ამისა, დაახლოებით 15 წლის წინ, გიო ბაქანიძის გაცნობამ და შემდგომში დამეგობრებამ, ჩემი სურვილი საგრძნობლად გაზარდა. ასევე იყვნენ სხვა ადამიანებიც, ვისთანაც მუსიკამ დამაკავშირა, ბევრი რამ მანახეს და ბედნიერი ვარ, რომ დღესაც ჩემ გარშემო არიან.

M: აქტიური მოღვაწეობის დროს, ალბათ, რამდენიმე ეტაპი გაიარე და თვითმხილველიც იყავი, რაც ხდებოდა ქართულ სცენაზე. როგორ ფიქრობ, რა არის ის ძირითადი მახასიათებელი, რაც 10 წლის წინანდელ ქართულ კლუბურ/ელექტრონული მუსიკის სცენას ჰყოფს დღევანდელისგან?
მოღვაწეობას ნუ დავარქმევთ, მითუმეტეს, აქტიურს. ალბათ, ყველაზე ნაკლებად აქტიური ვარ, სხვებთან შედარებით, თბილისში. ბოლო 5 წელიწადია ვცხოვრობ საზღვარგარეთ, სადაც ვეწევი განსხვავებულ საქმიანობას. ვოდკასტის, გიო ბაქანიძის ტრიბუტ ფესტივალის 4GB-სა და ვინილ-შოპის წამოწყების პროცესში და მის გარშემო მონაწილე ადამიანებმა და ზოგადად “ატმოსფერომ” თანდათან უფრო გააღრმავა ჩემი ჩართულობა.
10 წლის წინანდელ პერიოდს თუ შევადარებით, დღეს ბევრად მეტია გამოცდილება, ცოდნა, მასშტაბი და პოტენციალი. ეს პროცესი დღესაც მიმდინარეობს (უმეტესად ენთუზიაზმით) და საინტერესოა, რა იქნება 10 წლის შემდეგ.

M: ვილაპარაკოთ დღევანდელ სცენაზე. როგორც იტყვიან, თბილისში ელექტრონული მუსიკის გაზაფხულია. თუ ეთანხმები და რა არის ამის ყველაზე ნათელი მაგალითი?
ამ შემთხვევაში სცენას ვაფასებ მისი მუსიკის ხარისხითა და მრავალფეროვნებით, მოსმენის სიხშირისა და არჩევანის მიხედვით, ხმის სისტემის და ამ ჯაჭვში არსებული ყველა მონაწილის პროფესიონალიზმის დონის მიხედვით. ჩემი აზრით საგრძნობი პროგრესია.
თბილისი თანდათან ხდება ცნობადი საზღვრებს გარეთ, რაც ნიშანია იმისა, რომ კარგი მიმართულებით მიემართება. წლების განმავლობაში და დღეს, ამ პროცესში მონაწილე ადამიანების მიერ შემქნილმა აუცილებელმა ინგრედიენტებმა წარმოქმნეს ის, რაც დღეს გვაქვს.
M: ერთია კლუბში სტაბილურად მოსიარულე ადამიანები, მეორე, ამ ადამიანების მუსიკალური „განათლება“ და ზოგადად დაინტერესება მუსიკით. რამდენად პროპორციულია ეს მაჩვენებლები ჩვენთან და თუ არათანაბარია, ქმნის თუ არა პრობლემებს უკვე ადგილზე, საცეკვაო მოედანზე?
მუსიკალური “განათლება” არ არის აუცილებელი, რომ ადამიანმა სიამოვნება მიიღოს კლუბში. ჩემი დაკვირვებით უფრო და უფრო მეტი იწყებს მუსიკით დაინტერესებას, ან უბრალოდ სახინკლეში ჯდომას კლუბს ამჯობინებენ, რაც კარგია და იმედია გაგრძელდება.

M: რა ფუნქცია აკისრიათ დღევანდელ დღეს ქართველ დიჯეებს და რამდენად ითავსებენ და იაზრებენ ამ ფუნქციას? შეგვიძლია თუ არა ვილაპარაკოთ შექმნილ, სოლიდარულ საკლუბო კომუნაზე?
რა ფუნქციაზეა საუბარი და თუ შეიძლება ამის არსებობა ხელოვნების ამ ფორმაში?! შემიძლია მხოლოდ ჩემი პირადი ხედვა გადმოგცე – მე ვამჯობინებ ეკლექტური დიჯეის მოსმენას, უფრო საინტერესოა ჩემთვის, სიურპრიზები, იმპროვიზაცია, დროში მოგზაურობა და ასე შემდეგ. ასევე ყოველთვის საინტერესოა, როდესაც ეტყობათ (ყოველთვის შესამჩნევია) სიყვარული და კავშირი თავის მუსიკასთან, ემოცია და ა.შ. ეს იმის ნიშანია, რომ დიდ დროს უთმობს მუსიკის მოსმენას, აღმოჩენასა და შერჩევას. ასევე, კარგი დიჯეი, სხვებთან ერთად, მონაწილეობას იღებს ლოკალური სცენის მუსიკალური მხარის შექმნაში და ტოვებს თავის კვალს მსმენელების მუსიკალურ გემოვნებაში. კომუნა არსებობს და იზრდება, მთავარია, ცოდნისა და გამოცდილების მიღება გაგრძელდეს.

M: პირადი მოსაზრებით, თბილისში არსებული მუსიკალური ტრენდები პარალელურია მსოფლიო ტენდენცების? არის ეს ყველაფერი ავთენტური, თუ მორიგი COPY-PASTE? და რამდენად უწყობს ეს ყველაფერი გრძელვადიან პერსპექტივაში ადამიანებს ხელს განვითარდნენ მუსიკალურად?
ჩემი აზრით, პარალელურია და არის ავთენტურიც და COPY-PASTE-ც. ერთი ტოვებს კვალს და აქვს გრძელვადიანი ეფექტი, მეორე კი ძირითადად მიმართულია მარკეტინგსა და ციფრებზე, რაც ხშირად ქრება უკვალოდ. ესე იყო ყოველთვის ჩვენთან და მთელ მსოფლიოში და იქნება მომავალშიც, მთავარია იყოს კარგი ბალანსი ორგანულსა და დანარჩენს შორის.
M: ახალგაზრდა თაობა ელექტრონული მუსიკით დაინტერესებულია როგორც მსმენელის ამპლუაში, ისევე როგორც შემოქმედი. როგორ უყურებ ამ ადამიანებს, ამჩნევ თუ არა პერსპექტივას მათში და ვინ უნდა შეუწყოს ხელი მათ პროფესიულ განვითარებას?
პერსპექტივას ვხედავ და თუ გააგრძელებენ თეორიული და ტექნიკური ცოდნის მიღებას, მათი მუსიკაც უფრო და უფრო საინტერესო გახდება. არსებულმა ლოკალურმა ლეიბლებმა უნდა შეუწყონ ხელი სხვადასხვა ფორმით. სასწავლო პროცესს გავდივართ ყველა, მაგრამ სწორი მიმართულებით მივდივართ.
M: დაუტოვე მარკეტერს ტრეკი ფლეილისტისთვის…










