16
ივნ
2017

Sova.News – რუსულენოვანი ონლაინ გამოცემა ქართულ მედიაბაზარზე

16 ივნ 2017



Sova.News ქართულ მედიაბაზარზე თითქმის ორი წლის წინ გამოჩნდა და რუსულენოვან ონლაინ გამოცემას წარმოადგენს. მისი გუნდი აუდიტორიას საქართველოს საგარეო სტრატეგიის, დემოკრატიული პროცესებისა და მიღწეული განვითარების დონეების შესახებ აწვდის ინფორმაციას. მედიასაშუალება ტელეკომპანია PIK.TV-ს ყოფილმა ჟურნალისტმა – მართა არდაშელიამ თავის 5 მეგობართან ერთად შექმნა. დღეისათვის, Sova.News 5 თანამშრომელს, რამდენიმე ფრილანსერს, სტაჟიორებსა და რუსულენოვან მკითხველს, მათ შორის აფხაზეთსა და სამაჩაბლოს მაცხოვრებლებს აერთიანებს. ონლაინ რესურსის შექმნასა და განთავსებაში გამოცდილების მიღება თსუ-ს ჟურნალისტიკის რუსულენოვანი მიმართულების სტუდენტებს შეუძლიათ, რომლებიც, ენის სპეციფიკიდან გამომდინარე, დასაქმების პრობლემებს აწყდებიან. რუსულენოვანი გამოცემა ქართულ მედიასივრცეში იშვიათია, საინტერესოა, რა საჭიროებებია ამ მიმართულებით საქართველოში, როგორია საერთაშორისო პოტენციალი და როგორია Sova.News-ის სარედაქციო პოლიტიკა – ამ კითხვებით მედიასაშუალების თანადამფუძნებელსა და რედაქტორს – მართა არდაშელიას მივმართეთ:

მართა არდაშელია

M: რა საჭიროებებზე დაყრდნობით შექმენით რუსულენოვანი მედიასაშუალება საქართველოში? 
ვიყავი თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე. იქ იყო საუბარი საფრთხეებზე, რომლის წინაშეც დგას საქართველო. ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს რუსეთის ტანკების, არამედ უნდა გვეშინოდეს რუსული პროპაგანდის. ეს ფრაზა აღმოჩნდა შთაგონება ჩემი იდეისთვის. მანამდე, მე და ჩემი მეგობრები ვმუშაობდით ტელეკომპანია „პიკში”, ეს იყო რუსულენოვანი ტელევიზია, რომელიც შეიქმნა 2008 წლის ომის შემდეგ და იქ საქართველოს პოზიციებს რუსულ ენაზე ვახმოვანებდით. კონფერენციიდანვე მივწერე ჩემს ხუთ მეგობარს, ჩემი იდეის შესახებ. რა თქმა უნდა ტელეკომპანიას ვერ გავხსნიდით, მაგრამ შეგვეძლო შეგვექმნა ვებგვერდი. 2-3 კვირაში, ჩვენმა მეგობარმა პროგრამისტმა შექმნა საიტი და დავიწყეთ მუშაობა. ჩვენ ვიცოდით, რომ შეგვეძლო შეგვექმნა ისეთი პროდუქტი, რომელიც იქნებოდა ობიეტური ინფორმაციის რუსულ ენაზე მიღების წყარო. 

M: როგორია Sova-ს სარედაქციო პოლიტიკა, რა თემატიკაა თქვენთის პრიორიტეტული?
თავიდან გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი მთავარი აქცენტი იქნებოდა საქართველოს საგარეო კურზე და ჩვენს ადგილზე საერთაშორისო ასპარეზზე; იმაზე, თუ როგორ ვითარდება ის დემოკრატიული პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს ქვეყნის შიგნით. შემდეგ, მივხვდით, რომ მხოლოდ საზოგადოებრივ-პოლიტიკურად მნიშვნელოვანი სტატიებით აუდიტორიის  დიდ ნაწილს და განსაკუთრებით, ახალგაზრდებს ვერ მოვიზიდავდით. ამიტომ, გადავწყვიტეთ დაგვემატებინა ისეთი თემები, როგორიცაა: ტურიზმი, კულტურა, ხელოვნება და გამოგვეყენებინა ციფრული ინსტრუმენტები. გვაქვს ვიდეობლოგები, რომლებიც ძალიან პოპულარულია. რუსულ სამყაროში საქართველოზე არსებობს სტერეოტიპული აზრები, რომ აქ ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც კარგად მღერიან, ცეკვავენ და ბევრ ღვინოს სვამენ. ჩვენ ვცდილობთ ვაჩვენოთ ისეთი საქართველო, როგორიც რეალურად გვაქვს და რომელიც ცდილობს გახდეს ევროპის ნაწილი.

M: საერთაშორისო, რუსულენოვანი სეგმენტის ათვისებას რა მეთოდებით ცდილობთ?
მთავარი მიზანი, თავიდანვე იყო, რომ ჩაგვეშვა ჩვენი ვებგვერდი როგორც საერთაშორისო, ასევე რუსულ საძიებო სისტემებში. ამისთვის, რამდენიმე კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილოს ვებგვერდმა. ერთი წლის წინ, Yandex.News-მა ჩაგვსვა თავის საძიებო სისტემაში, სადაც მეორე ქართული რუსულენოვანი მედია ვართ. ჩვენ დამოუკიდებელი მედია ვართ და არ ვფინანსდებით რუსული წყაროებით. ამჟამად, ველოდებით Google News-ის პასუხს.

M: საქართველოში მცხოვრები ქართულენოვანი მოსახლეობა გაცილებით მეტია ვიდრე რუსულენოვანი. გარდა ამისა, თქვენი საერთაშორისო სტრატეგიები მიუთითებს თქვენს მიზნებზე. გამოდის, ერთგვარი ინფორმაციის ექსპორტიორები ხართ. ძირითადად, ვინ არის თქვენი მკითხველი? 
ჩვენ შეგვიძლია რუსული ენით გავიდეთ აფხაზეთზე და ცხინვალის რეგიონზე, რასაც ვაკეთებთ კიდევაც და სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ იქიდან გვყავს მკითხველი. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი სეგმენტია ქართველები, რომლებიც ცხოვრობენ საზღვარგარეთ. ძალიან დიდი დიასპორა არის რუსეთში, უკრაინასა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, რომლებიც საუბრობენ რუსულად და კარგად არ ფლობენ ქართულ ენას. ისინი არიან სხვა, პრორუსული მედიების გავლენის ქვეშ. მე მქონდა შემთხვევა, როცა უკრაინელი ჟურნალისტები მთხოვდნენ ინფორმაციის წყაროდ მერჩია რომელიმე ქართული რუსულენოვანი მედიასაშუალება, რომელიც იქნებოდა ობიექტური და რომელშიც არ იქნებოდა კრემლის პროპაგანდა. გარდა ამისა, ჩვენს ქვეყანაში საკმაო ეთნიკური უმცირესობაა, რომელმაც არ იცის ქართული ენა. NDI-ის კვლევის მიხედვით, საქართველოში ყველაზე პოპულარულად რჩება რუსული არხები.

M: რამდენად მოთხოვნადია რუსულენოვანი კონტენტი და რა გეოგრაფიულ მონაკვეთში იყრის თავს თქვენი მკითხველების უმეტესობა, ასევე, თვენი დაკვირვებით, რა სახის ინფორმაციაა უფრო პოპულარული?
ჩვენი სტატისტიკის მიხედვით, ჩვენი მთავარი მკითხველი საქართველოში ცხოვრობს. ჩვენი მონაცემებით ცვლადია ინფორმაციის მიმღებების მეორე გეოგრაფიული მაჩვენებელი, თუმცა, ძირითადად რუსეთია ხოლმე ამ პოზიციაზე, მას მოსდევს სომხეთი, აზერბაიჯანი და უკრაინა. რა თქმა უნდა, გასართობი კონტენტი უფრო პოპულარულია ვიდრე საინფორმაციო. ეს მხოლოდ ჩვენი ტენდენცია არ არის, რა თქმა უნდა. ვაპირებთ, მულტიმედია ინსტრუმენტებით და სხვადასხვა სფეროების დაფარვით გავავრცელოთ საჭირო და ობიექტური ინფორმაცია. გვინდა ადამიანებს ვაჩვენოთ ისეთი საქართველო, რომელიც რეალურად არის და ის თუ როგორ ვითარდება ის.

M: რა მიმართულებით გეგმავთ Sova-ს განვითარებას და რა რესურსებს იყენებთ ამისთვის?
თავიდან დავიწყეთ ჩვენი რესურსით, შემდეგ მივმართეთ რამდენიმე ფონდს. ძალიან დიდი დახმარება გაგვიწია ღია საზოგადოება საქართველომ, რომელმაც დაინახა ჩვენი პოტენციალი და დაგვაფინანსა. ახლა, რამდენიმე პროექტს ვახორციელებთ, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის თსუ-ს რუსულენოვანი ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტების სტაჟირება. ეს არის სლოვაკეთის საელჩოს და SlovakAID-ის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტი. საქართველოში რთულია რუსულენოვანი ჟურნალისტისთვის სამუშაოს პოვნა. ისინი არიან რუსეთიდან ჩამოსული ქართველები, რომლებმაც აქ გადაწყვიტეს განათლების მიღება.
გარდა ამისა, ვგეგმავთ პოლონურ გამოცემა Oko.press-თან თანამშრომლობას. 8 ივლისს ჩამოვა მისი მთავარი რედაქტორი, რომელიც ჩაგვიტარებს მასტერკლასებს, 6 თვის განმავლობაში გვექნება თანამშრომლობა მათთან, გავცვლით სტატიებს, მივიღებთ ახალ გამოცდილებას და დავნერგავთ ახალ მიდგომებს ჩვენს მედიასაშუალებაში. 

განხილვა