საბჭოთა კავშირში, რეჟისორებს, მწერლებს და ზოგადად, კულტურის წარმომადგენლებს საშიში პროფესიის ადამიანებად მიიჩნევდნენ. ხშირ შემთხვევაში, „ხალხის მტრებად“ რაცხავდნენ – მათი შემოქმედებით, ხომ ნებისმიერს შეეძლო სულ სხვა ქვეყანა, საბჭოთა კავშირის რეალური სახე აღმოეჩინა. ამიტომ, კრძალავდნენ წიგნებს, ფილმებს, მუსიკას. საფოსტო მარკის გამოშვებასაც კი „ზევიდან“ დასტური სჭირდებოდა.

მაშინდელი ყველა საბჭოთა რესპუბლიკა „ერთ ბედ ქვეშ“ იყო. მისი დაშლის შემდეგ, როცა ფარდა აიწია, წლების მანძილზე აკრძალულმა უამრავმა ნამუშევარმა დღის სინათლე იხილა. „მარკეტერი“ წარმოგიდგენთ ლიტერატურისა და კინემატოგრაფიის ნიმუშებს, რომლებსაც საბჭოთა ცენზურა შეეხო.
აკრძალული ფილმები

ნიკოლოზ შენგელაიას ფილმი „ელისო“ – 1928 წელს გადაღებულია ალ. ყაზბეგის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით. სცენარის ავტორები: ნიკოლოზ შენგელაია, სერგეი ტრეტიაკოვი. მთავარ როლებში: კირა ანდრონიკაშვილი, კოხტა ყარალაშილი. კომპოზიტორი – იონა ტუსკია. 1965 წელს აღადგინა, გადაამუშავა და გაახოვანა რეჟისორმა ელდარ შენგელაიამ. სურათი ასახავს რუსეთის იმპერიის მცდელობას, მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში, მშობლიური მიწიდან აყაროს თავისუფლებისმოყვარე ჩეჩენი ხალხი, მათს ნაცვლად კი კაზაკები ჩაასახლოს. ოსმალეთისკენ განდევნილი ადამიანების ტრაგედიის ფონზე იშლება ჩეჩენი ელისოსა და მოხევე ვაჟიას სიყვარულის თემა. ვაჟა ჩეჩნებთან ჩადის, რათა მათგან საძოვრები იჯარით აიღოს და თან შეყვარებულის, ელისოს ნახვა უნდა. ჩეჩენ უხუცესთა საბჭო, რომელიც მანამდე მუდამ უთმობდა საძოვრებს მოხევეებს, ამჯერად უარზეა, რადგან ხელისუფლება ამის ნებას არ აძლევს. ამასთან, ხელისუფლება საბაბს ეძებს ადგილობრივების გასასახლებლად. გამოჩნდებიან მოღალატეები, რომელთა პროვოკაციების გამო, ჩეჩნები იძულებულნი გახდებიან ბედს დაემორჩილონ. ელისო სოფელს ცეცხლს მოუკიდებს. ვაჟია ცდილობს, ელისო მასთან დარჩეს, მაგრამ ქალი მამასა და თანასოფლელებს ოსმალეთში მიჰყვება.

მიხეილ კალატოზიშვილის „ჯიმ შვანთე“, იგივე „მარილი სვანურად“ – „ოქროს პალმის რტოს“ ერთადერთმა მფლობელმა ქართველმა რეჟისორმა ფილმი 1930 წელს გადაიღო. სცენარის ავტორი: სერგეი ტრეტიაკოვი. ასახულია ის მკაცრი პირობები, რომელშიც სვანეთის მოსახლეობას უხდება ცხოვრება. სხვა გასაჭირთან ერთად, სვანების პრობლემა მარილის უქონლობა და დეფიციტი იყო. მოსახლეობა ჩადის ბარში, რომ მარილი შეიძინოს, ბევრი მათგანი უგზოობის გამო იღუპება. საბჭოთა ხელისუფლებას მოსახლეობის დასახმარებლად სვანეთში გზა გაჰყავს. ამ ფონზე გაშლილია ურთიერთობა ადამიანებს შორის. ფილმი ეკრანებზე მხოლოდ ოთხი დღე გადიოდა და შემდეგ მოხსნეს. სურათმა უცხოელ კინემატოგრაფისტების დიდი მოწონება დაიმსახურა.

ოთარ იოსელიანის ფილმი „აპრილი“ – გადაღებულია 1962 წელს. სცენარის ავტორები: ოთარ იოსელიანი, ერლომ ახვლედიანი. მთავარ როლებში: ტატიანა ჭანტურია, გიორგი ჭირაქაძე. კომპოზიტორი – სულხან ნასიძე. სიუჟეტის მიხედვით, ახალდაწორწინებული წყვილის ბედნიერ ცხოვრებას ნელ-ნელა ჩრდილავს ქონების დაგროვებისაკენ სწრაფვა. იკარგება სულიერი კონტაქტი, ქრება სიყვარული. მთავარი გმირები, გონს დროზე მოდიან თავიდან იცილებენ ფუჭ ფასეულობებს, ბრჭყვიალა ნივთებს, რომლებმაც კინაღამ მათი ბედნიერება შეიწირა.
აკრძალული წიგნები

ერეკლე ტატიშვილი – დაწყებითი განათლება გორში მიიღო. 1904–1906 წლებში სწავლობდა ლაიფციგის უნივერსიტეტში. თანამშრომლობდა ანარქისტულ გამოცემებთან „მუშა“ და „ხმა“. ანარქისტული საქმიანობის გამო ორჯერ დააპატიმრეს. 1909–11 წლებში მონპელიეს უნივერსიტეტში სწავლობს იურისპოდენციას, 1913 წელს დაამთავრა პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა უმაღლეს სკოლას საერთაშორისო სამართლის სპეციალობით და ლონდონში, ჟურნალისტიკის შესასწავლად გაემგზავრა. პირველი მსოფლიო ომის დროს ცხოვრობდა ბრიუსელში, საიდანაც გაემგზავრა კონსტანტინოპოლში. იქ ასწავლის ფრანგულ ენასა და ბუნებისმეტყველებას. ექიმადაც მუშაობდა. საქართველოში 1918 წელს დაბრუნდა და ჯერ გორის ვაჟთა გიმნაზიაში, შემდეგ კი თბილისის ვაჟთა ქართულ გიმნაზიაში გერმანულ ენას ასწავლიდა. 1920 – 21 წლებში იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური განყოფილების გამგე, შემდეგ – ამავე სამინისტროს დირექტორი, თუმცა, პოსტი მალე დატოვა. მოგვიანებით ისევ პედაგოგირურ საქმიანობას დაუნრუნდა. ასევე, თანამშრომლობდა გამოცემებთან „ილიონი“, „საქართველოს სამრეკლო“ (რედაქტორი: კონსტანტინე გამსახურდია), „პოეზიის დღე“ (რედაქტორი: ვახტანგ კოტეტიშვილი), „კავკასიონი“ და “ახალი კავკასიონი” (რედაქტორი: პავლე ინგოროყვა). თარგმნიდა მსოფლიო ლიტერატურის ნიმუშებს. 1923 წელს ივანე ჯავახიშვილმა მიიწვია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო საჯარო და კერძო სამართლის ლექტორად, 1927 წლიდან კი ასწავლიდა უცხო ენებსა და ლიტერატურასაც. 1931 წელს ხელისუფლებამ საბოლოოდ დაშალა „ქართველ მწერალთა აკადემიური ასოციაცია“ და სხვებთან ერთად, ერეკლე ტატიშვილიც გარიცხეს საქართველოს მწერალთა კავშირიდან (17 მაისის სხდომაზე). 1935 წელს დააარსა უნივერსიტეტში უცხო ენათა კათედრა (დღევანდელ დასავლურ ენათა და ლიტერატურის ფაკულტეტის წინამორბედი) და იყო მისი პირველი გამგე. საბჭოთა ხელისუფლებასთან მისი დაპირისპირება ცხოვრების ბოლომდე გაგრძელდა – თანდათანობით შეავიწროვეს, ჩამოართვეს საერთაშორისო სამართლისა და საზღვარგარეთის ისტორიის კურსი. 1941 წლის 23 ივნისს დააპატიმრეს, როგორც ხელისუფლების თვალში არაკეთილსაიმედო პირი. ორ წელიწადზე მეტხანს იყო თბილისის საპატიმროში. პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, კვლავ უნივერსიტეტს დაუბრუნდა და უცხო ენების სწავლების გარდა, უძღვებოდა აღმოსავლეთის დიპლომატიის ისტორიის კურსს ახლად დაარსებულ აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე (1945). გარდაიცვალა 1946 წლის 1 თებერვალს. მისი მხატვრული და მთარგმნელობითი მემკვიდრეობა არ არის დიდი და ბოლო ხანებამდე მთლიანად ესეც არ იყო ცნობილი. ერეკლე ტატიშვილმა თარგმნა ჩარლზ დარვინის „სახეობათა წარმოშობა“, მაგრამ, როგორც ცნობილია, გამოსაცემად გამზადებული წიგნი აუხსნელი შემთხვევის გამო, სტამბაში დაკარგულა. თარგმნა რამდენიმე პიესაც – ფრიდრიხ შილერის „ვერაგობა და სიყვარული“ (პირველად დაიდგა 1935 წელს), ბერნად შოუს „კეისარი და კლეოპატრა“, რომლის დადგმაც ვეღარ მოხერხდა, დაჭებედვით კი საკმაოდ მოგვიანებით დაიბეჭდა. რაც შეეხება მაქსიმ გორკის „ეგორ ბულიჩოვს“, მისი თარგმნის დედანი ჯერჯერობით მიუკვლეველია.

მკვლევარების აზრით, ერეკლე ტატიშვილის შემოქმედებითი მოღვაწეობის ყველაზე მნიშვნელოვანია ნაწარმოებია გვირგვინი ფრიდრიჰ ნიცშეს ფილოსოფიური რომანის „ესე იტყოდა ზარატუსტრას“ თარგმანი. სწორედ ეს წიგნი იყო მისი გარდაცვალების შემდეგაც, წლების მანძილზე აკრძალული. ზოგადად, როგორც საბჭოთა ხელისუფლებისთვის მიუღებელი ავტორი, პოლიტიკური მოღვაწე და მთარგმნელი, რამდენიმე მისი ნაშრომი დღემდე დაკარგულად ითვლება.
საბჭოთა კავშირში აკრძალულ წიგნებს შორის იყო გრიგოლ რობაქიძის „ჩაკლული სული“ და „გველის პერანგი“. პირველი 1932 წელს დაიწერა. ერთი წლის შემდეგ გამოიცა გერმანიაში. წიგნში, მოქმედება თბილისში ვითარდება. მთავარი პერსონაჟი – მწერალი თამაზ ენგური ყველანაირად ცდილობს დაუსხლტეს წითელი დიქტატურის საცეცებს, არ ითანამშრომლოს მოძალადე რეჟიმთან, შიშისა და უნდობლობის გარემოში შეინარჩუნოს ღირსება და არ გატყდეს. მაგრამ სხვანაირად ფიქრობს გპუ – [იგულისხმება სტალინის ურყევი ნების შემსრულებელი სადამსჯელო მანქანა]. „ჩაკლული სული“ გერმანულიდან თარგმნა ალექსანდრე კარტოზიამ.

„წიგნს დიდი გამოხმაურება ჰქონდა. საბჭოებმა ამ წიგნის გამო ხალხის მტერი დამარქვეს” – წერდა გრიგოლ რობაქიძე. რომანი, მისი ავტორი და გრიგოლ რობაქიძის მთელი შემოქმედება დიდი ხნით აიკრძალა და მიუღებლად გამოცხადდა საბჭოთა კავშირში. შესაბამისად, იგივე ბედია ეწია რომანს „გველის პერანგი“. წიგნი 1926 წელს გამოიცა. სამშობლოში დაბრუნების იდეა, რასაც მწერალი პოლიტიკური ემიგრაციის შემდეგ მწვავედ განიცდიდა, ამ რომანშია აღწერილი – ეს არის ახალგაზრდა ემიგრანტის, არჩიბალდ მეკეშის (არჩილ მაყაშვილის) ისტორია სამშობლოში დაბრუნების შესახებ. რომანში ჩანს მთავარი გმირის განცდები, სულისკვეთება და ის პრობლემები, რაც, მოგვიანებით, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დაატყდება თავს.
„გველის პერანგის“ გამოცემები უკრაინგულ გერმანულ და ქართულ ენებზე :
გამომცემლობა „ლატერნა“