როდესაც საფონდო ბირჟის ინდექსებზეა საუბარი, დიდი კორპორაციების ეფექტურობისა და ბაზარზე, საერთო დინამიკის საუკეთესო ინდიკატორად S&P 500-ს ასახელებენ. ყოველ შემთხვევაში, ასეა ამერიკაში. ჩვენც ჩავთვალეთ, რომ წინა თემების ლოგიკური გაგრძელება, ზუსტად ამ ინდექსის მიმოხილვა იქნებოდა.
რა არის S&P 500, როგორ უნდა ჩადოთ მასში ინვესტიცია და რატომ ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ჭკვიანურ გადაწყვეტილებად ამ ინდექსში ფულის დაბანდება? – შევეცდებით, ამ შეკითხვებს ვუპასუხოთ და გიამბოთ ყველაფერი, რაც თქვენ, როგორც ინვესტორმა S&P 500-ზე უნდა იცოდეთ.
რა არის S&P 500?
S&P 500 (ასევე ცნობილია სახელით Standard & Poor’s 500) S&P Dow Jones Indices-ის დარეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი და საფონდო ბირჟის ინდექსია, რომელიც ამერიკის 500 უმსხვილეს კომპანიას აერთიანებს. ექსპერტები მას, ა.შ.შ.-ში, აქციების საერთო მდგომარეობის საუკეთესო ინდიკატორად მიიჩნევენ. მეორეს მხრივ, S&P 500 ინდექსი ეფექტურად ზომავს მასში შემავალი კომპანიების სტატისტიკურ მაჩვენებლებს. სპეციალისტები თვლიან, რომ ეს მონაცემები ინვესტორს საშუალებას აძლევს, სწორად შეაფასოს საკუთარი ფინანსური პორტფელი.
S&P 500 საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით შეწონილი ინდექსია (ერთი აქციის ფასი გამრავლებული აქციათა მთლიან რაოდენობაზე). ეს კი ნიშნავს, რომ კომპანიის ღირებულება განსაზღვრავს, რამდენად შეუძლია მას ინდექსის შედეგებზე ზეგავლენის მოხდენა. ყველა დარეგისტრირებული კომპანია არ წარმოადგენს ამ ინდექსის 1/500-ს. დიდ კორპორაციებს, მაგალითად, Apple-სა (NASDAQ:AAPL) და Amazon-ს (NASDAQ:AMZN) ბევრად მეტი გავლენა აქვს S&P 500 ინდექსზე, ვიდრე ისეთ პატარა კომპანიებს, როგორებიცაა Macy’s (NYSE:M) და Harley-Davidson (NYSE:HOG).
კიდევ ერთი რამ უნდა გაითვალისწინოთ, მართალია, ეს ინდექსი 500 უმსხვილეს კომპანიას აერთიანებს, მაგრამ მათ შორისაც არის დიფერენციაცია. ზოგს $1 ტრილიონზე მეტი საბაზრო კაპიტალი აქვს, რაც შეიძლება, 200-ჯერ აღემატებოდეს S&P 500-ში შემავალი სხვა სუბიექტების მაჩვენებლებს და რომელიმე ბიზნესის საბაზრო კაპიტალი, მაგალითად, $6-$7 მილიარდამდე იყოს.
S&P 500-ის ღირებულება, მისი ძირითადი კომპონენტების ბაზრის შეწონილი მონაცემების საფუძველზე, სავაჭრო დღის განმავლობაში, მუდმივად იცვლება.
კომპანიები, რომლებიც S&P 500 ინდექსში შედის
S&P 500 ინდექსის კომპანიების უმეტესობას, მთელს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც კარგად იცნობენ. ერთიანი ჩამონათვალი, შეგიძლიათ, სპეციალურ ბმულზე იხილოთ. როგორც აღვნიშნეთ, აქ ძირითადი განმსაზღვრელი საბაზრო კაპიტალიზაციის მაჩვენებლებია. ამიტომ, S&P 500 ინდექსში შემავალმა კომპანიებმა, ბაზარზე მათი წარმატების ან წარუმატებლობის და შესაბამისად, აქციების ფასის ზრდის ან კლების მიხედვით, შესაძლოა, ადგილები (1-დან 500-სკენ, ან – პირიქით) შეიცვალოს.
2021 წლის მარტის მონაცემებით, S&P 500 ინდექსის კომპანიების პირველი ათეული ასეთია:
- Apple (NASDAQ:AAPL)
- Microsoft (NASDAQ:MSFT)
- Amazon (NASDAQ:AMZN)
- Facebook (NASDAQ:FB)
- Alphabet Class A (NASDAQ:GOOGL)
- Alphabet Class C (NASDAQ:GOOG)
- Berkshire Hathaway Class B (NYSE:BRK.B)
- Tesla (NASDAQ:TSLA)
- JPMorgan Chase (NYSE:JPM)
- Johnson & Johnson (NYSE:JNJ)
რატომ ითვლება S&P 500 ინდექსი ასეთ მნიშვნელოვან საბაზრო და ეკონომიკურ ინდიკატორად? პასუხი მარტივია – მის კალათში არ შედის მცირე და ნაკლებად ცნობილი ბიზნესები. აქ მხოლოდ ცალკეული ინვესტორების ძალიან მასშტაბურ კომპანიებს შეხვდებით.
S&P 500 ინდექსში შემავალი კომპანიები, ერთად, ამერიკის საფონდო ბირჟის მთლიანი ღირებულების, დაახლოებით, 80%-ს შეადგენს.
ინვესტიცია S&P 500 ინდექსში
სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ ფინანსური რესურსი S&P 500-ში შემავალ კომპანიებში კი არა, პირდაპირ ამ ინდექსში, Exchange-traded Fund (ETF)-ის წილის შეძენით ჩადოთ. ასეთი საინვესტიციო საშუალებები S&P 500 ინდექსის ყველა აქციას პროპორციულ წონებში ფლობს. ამისთვის, არსებობს თუნდაც, ეს ორი, ძალიან ხელსაყრელი ვარიანტი – S&P 500 ETF (NYSEMKT:VOO), რომელიც ივაჭრება როგორც აქციები და წამყვანი ფონდი Vanguard 500 Index Fund Admiral Shares (NASDAQMUTFUND:VFIAX).
ორივე მათგანს განსაკუთრებით დაბალი საკომისიოები აქვს და დროთა განმავლობაში, მოგების, პრაქტიკულად, S&P 500 ინდექსის იდენტურ მაჩვენებელს აფიქსირებს.
ვის შეუძლია S&P 500 ინდექსში ინვესტიციის ჩადება?
როგორც საფონდო ბირჟის ლეგენდარულმა ინვესტორმა უორენ ბაფეტმა თქვა, S&P 500 ინდექსი ფულის დაბანდების საუკეთესო საშუალებაა, რადგან, გრძელვადიან პერიოდში, წლიურად, ჯამში, 9%-10%-მდე მოგება მოიტანა. თქვენ, როგორც ინვესტორს, მარტივად შეგიძლიათ პასიურ S&P 500 ფონდში, პრაქტიკულად, ყოველგვარი დანახარჯის გარეშე, ჩადოთ ფული.
მაგრამ ყველაფერი ასე მარტივადაც არ არის. S&P 500 ინდექსში თქვენი ინვესტიცია რომ წარმატებული აღმოჩნდეს, საჭიროა, გქონდეთ დრო, შესაბამისი ცოდნა და სურვილი, ჩაატაროთ აქციების სწორი კვლევა, განაახლოთ და უფრო პრაქტიკულად დაგეგმოთ ფინანსური პორტფელი.
ექსპერტები და მათ შორის, უორენ ბაფეტი თვლიან, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, სავსებით შესაძლებელია S&P 500 ინდექსში ჩადებული ფინანსური რესურსით, ინვესტორმა, უფრო მაღალი შემოსავალი მიიღოს. თუმცა, ყველას არ გააჩნია ამ საქმისთვის აუცილებელი დრო, დისციპლინა და კომპეტენცია. სანამ საჭირო უნარებს გამოიმუშავებენ და ცოდნას დააგროვებენ, ინვესტორებს, როგორც წესი, S&P 500 ინდექსში შემავალი კომპანიების აქციების ყიდვა ურჩევნიათ.
რომ შევაჯამოთ, S&P 500 ინდექსი ეს არის შესაძლებლობა, ფართო წარმოდგენა შეიქმნათ ამერიკული ბიზნესის მომგებიანობაზე, ცალკეული კომპანიების საქმიანობაზე ზედმეტი ანალიზის, დაკვირვებისა და მისი შესწავლის გარეშე. S&P 500 ინდექსს შეუძლია, თქვენი მინიმალური ძალისხმევით, დროთა განმავლობაში დიდი მოგება მოგიტანოთ.
თუმცა, ისიც არ უნდა დაივიწყოთ, რომ ნებისმიერი ტიპის ინვესტიციას თან ახლავს რისკები. სწორედ მათი შეწონით და კონკრეტული მოცემულობის გაანალიზებით უნდა შეარჩიოთ ყველაზე მეტად მისაღები, თქვენს მოთხოვნებს ოპტიმალურად მორგებული ფორმა და ისე დააბანდოთ ფინანსური რესურსი, ნებისმიერი მიმართულებით.
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.
რუბრიკას წარმოგიდგენთ „გალტ & თაგარტი“, წამყვანი საინვესტიციო ბანკი საქართველოში, რასაც Global Finance-ს მრავალი ჯილდო ადასტურებს. კომპანია 20 წელია, ბაზარზე ფუნქციონირებს და როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მომხმარებლებს სთავაზობს ყველა ტიპის საინვესტიციო მომსახურებას: საბროკერო და კვლევით მიმართულებებს, საინვესტიციო ბანკინგს, აქტივებისა და ქონების მენეჯმენტს.