#Spotlight – პირველი ქართული მარკეტინგული „სუფრის“ შემდეგ 3 დღე გავიდა, მაგრამ ინტერნეტში ჯერ კიდევ ჩამიჩუმიც არ ისმის.
მივდექი-მოვდექი … Facebook ჰეშტეგს ვამოწმებ … მხოლოდ ერთი ადამიანის კომენტარია (ჩემი ანონსის გარდა), ისინიც უკვე გადაფარული უცხოური ინფორმაციით … Twitter ჰეშტეგიც ავაგდე, მაგრამ … „მკვდარია“;
LinkedIn-ზეც გადავამოწმე, მაგრამ ხეირი 0, მარკეტერების Facebook ჯგუფშიც არაფერი. Google-ში #spotlight-ით ძებნისას არაფერია (ქართული);
ინტერნეტში/Facebook -ში არსად არაფერი, გარდა რამოდენიმე ადამიანის პირად პროფილში დადებული „ორი სიტყვისა“ (ტელევიზიაზე და პრესაზე არაფერს ვსაუბრობ, არც ვუყურებ და არც ვკითხულობ).
ჩემთვის ვფიქრობ … „პახმელია“-მ დააფინა მარკეტერთა საზოგადოება, თუ ყველა იმას ელოდება ვინ იქნება პირველი შემფასებელი?
Spotlight-ის ობიექტური შეფასება აუცილებლად უნდა დაიდოს!
ქართულადაც და ინგლისურადაც … ამიტომ, ჩავრთე ჩემი Female Vocal Dubstep Mix სტრიმი და შევუდექი საქმეს …
ხაზი მინდა გავუსვა: მიუხედავად იმისა, რომ მარკეტინგის პროფესიაში დიდი ხანია ვარ და ამ სფეროში მომუშავე ბევრ ადამიანს ვიცნობ, მე დღეს Spotlight-ის არცერთ ორგანიზატორთან, პარტნიორთან, გამომსვლელთან, მიმდინარე საქმიანი ურთიერთობა არ მაქვს, რაც მაძლევს საშუალებას თავისუფლად ვთქვა ჩემი აზრი.
გარდა ამისა ვინც მე მიცნობს, ისიც იცის, რომ „ერთი ადგილის კოცნა“ არაა ჩემი სტილი, სათქმელს კიდევ ჩემებურად ვამბობ; ვფიქრობ ჩემი „ნეიტრალურობა“ მნიშვნელოვანია ჩემი შეფასების „ტონის“ გასაგებად. რაც მთავარია …
მე მინდა მარკეტინგის პროფესიის წინსვლა & განვითარება საქართველოში და სწორედ ამას ვუყურებ პირველ რიგში. სწორედ ამიტომ დავაფიქსირებ როგორც პოზიტიურ მომენტებს, ასევე ღიად მოვინიშნავ გაუმჯობესების სივრცეებსაც … მაშ შევუდგეთ საქმეს …
ქართული სუფრა ფენომენია! და ისევე როგორც ყველას, ქართულ სუფრა-“Spotlight”-საც ჰქონდა თავისი მიზანი, ჰყავდა მასპინძლები, თამადა, სუფრის წევრები და რაც მთავარია წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახის „ინტელექტუალური საკვები“. იმ ქართულ სუფრას რა ვუთხარი ბოლოში „ჩხუბი“ რომ არ მოხდება, ჰოდა ამასაც მინდა ხაზი გავუსვა.
სუფრის მიზანი: დაბადება
წელი 2013 … ხმაურიანი დაბადება, პირდაპირი და გადატანითი გაგებითაც … ავიდა კი ქართული მარკეტინგი იმ დონეზე, რომ უკვე ამაყად შეუძლია თავისი სათქმელის თქმა მსოფლიო მასშტაბით? რა გამოჩნდა ბოლო 2-3 წლის აქტივობის ფონზე? რა/ვინ გამოჩნდა 2013 წლის შემოდგომაზე და რა მოხდა ისეთი, რამაც გააბედინა ორგანიზატორებს ასეთი ნაბიჯის გადადგმა?
ვაღიარებ! დიდი ხანია ყელში ამომივიდა საქართველოში ჭკუის სასწავლებლად ჩამოყვანილი უცხოელების ბრტყელი პიარი, ყალბი ღიმილი, უშინაარსო გამოსვლები და ბოლი. ძალიან მინდოდა Spotlight-ით დამენახა ის, რაც არის ნაღდი ქართული, მინდოდა ქართველი პრაქტიკოსები მეხილა „სცენაზე“. მინდოდა, რომ ისინი დაფასებულიყვნენ და წარმოჩენილიყვნენ; მინდოდა, რომ აქაურებს ფართოდ გახელილი თვალებით დაენახათ, რომ ჩვენც შეგვიძლია; თან არა მხოლოდ შეგვიძლია, არამედ უკეთესადაც კი!
ქართულ მარკეტინგში სიახლის შექმნა, სფეროს განვითარების დონისა და მარკეტინგში მომუშავე ზოგიერთი ქართველი პროფესიონალის წარმოჩენა, პროფესიული საზოგადოების გააქტიურება, კავშირების გაღრმავება, მომავალი განვითარებების სტიმულირება, მსოფლიო მარკეტინგულ რადარზე დააფიქსირება – ესაა, რაც მე რეალურად დავინახე როგორც ახლად დაბადებული Spotlight-ის უკვე განხორციელებული მიზნები. ეს მაფიქრებინებს, რომ დროულიც იყო და აუცილებელიც ასეთი „სუფრის“ გამართვა. ეს თავისთავად უკვე „ძალიან“ პოზიტივია მიუხედავად იმისა ვინც რა უნდა თქვას!
სუფრის მასპინძელი და თამადა: ორგანიზატორი, სპონსორები და პარტნიორები
მადლობა მინდა ვუთხრა ყველა სპონსორს და ორგანიზატორს, ვინც ამ მოვლენის შექმნაში მიიღო მონაწილეობა. განსაკუთრებით კი Marketer.ge-ს გუნდს, რომელმაც თავი მოუყარა ყველა „ინგრედიენტს“ და გაუძღვა „სუფრას“.
რა იქნებოდა საუკეთესო ფორმატი მარკეტინგული ღონისძიებისათვის?
საკითხში გარკვეულ ადამიანებს ცხადია ამ კუთხით იდეები არ გამოელევათ, მაგრამ რატომ უნდა გამოიგონო ველოსიპედი როცა ის უკვე არსებობს? პირდად მე მომეწონა Spotlight ფორმატი; თითქოს ცოტა გრძელი იყო (5 საათზე მეტი გაგრძელდა), მაგრამ მოკლე ვერც იქნებოდა; რაც მთავარია იყო ყველაფერი აუცილებელი: ნეტვორკინგი, დაწყება „ქართულად“, გახსნა ხმაურით, დაღუპული მეგობრის პატივისცემა, მრავალფეროვანი გამოსვლები, შესვენება, სასუსნავი, ჯილდოების გადაცემა, დახურვა დაჯილდოვებით, ტორტი. მომეწონა ადგილზე ორგანიზება დაწყებული სცენის დიზაინიდან, დამთავრებული ტორტის მდებარეობით. შევამჩნიე, რომ „სუფრის დიზაინზეც“ სათანადოდ იზრუნეს; შეფუთვა სრული ეკიპირებით იყო, დაწყებული სუვენირებიდან, დასრულებული ვიდეო გადაღებით. ბოლომდე ენერგიულად ვიყავი ნამდვილად, ეს ეტყობა 5 ქილა რედბულით მორწყული მაღალი მოტივაციის დამსახურებაა.
სუფრის წევრები: სტუმრები
ღონისძიებაში მონაწილეობა, რომ უფასო იყო ჩემი აზრით სწორი გადაწყვეტილება გამოდგა. მოწვევებით დასწრებამ (მათ შორის მეც მოწვეული ვიყავი) ასევე გაამართლა, ისევე როგორც დასწრებით რეგისტრაციის სისტემამ 1 დეკემბერს, რამაც შექმნა მაღალი მოლოდინი. თუმცა მედალს ორი მხარე აქვს და შედეგად მრავალი ადამიანი დამაკლდა თვალთ, რომელთა ხილვასაც ვისურვებდი ღონისძიებაზე, მინიმუმ სტუმრებს შორის. ვფიქრობ ამ ნაწილში შენიშვნები ბევრი შეიძლება იყოს, თუმცა ისიც ნათელია, რომ ღონისძიებაზე ყველა მსურველი ვერ მოხვდებოდა, ასეთი რამ კი სტადიონზე ალბათ არ ტარდება. ისე კი, ონლაინ სტრიმინგი ნამდვილად იქნებოდა კარგი იდეა.
მომეწონა, რომ სტუმრებს ყველა პირობა ჰქონდათ შექმნილი ნეტვორკინგისათვის. დაწყება სპეციალურად მოხდა „ქართულად“, შემდეგ შესვენება, ბოლოში კი ტორტის გაჭრა. მხოლოდ ის გამიკვირდა, რომ ტორტი მზარეულმა გაჭრა და არა მარკეტერის წარმომადგენელმა. აშკარად ვისურვებდი მეტი დრო მქონოდა ადამიანებთან სასაუბროდ; ზოგი სპიკერის და ბევრი სტუმრის გაცნობა ვერ მოვასწარი.
სუფრის ინტელექტუალური საკვები: გამომსვლელები
ვერ გავუგებ იმ ადამიანებს, რომელთაც ეს ღონისძიება პირადი განვითარებისათვის არ გამოიყენეს. მე ყოველ გამოსვლელს დიდი ყურადღებით ვუსმენდი და თითქმის ყველასგან რაღაც ავიღე. ყველა მნიშვნელოვან ასპექტს ვინიშნავდი და სწორედ მის საფუძველზე შემოგთავაზებთ გამოსვლების ჩემეულ შეფასებას ქვემოთ.
აქვე მინდა ხაზი გავუსვა ერთ მნიშვნელოვან ასპექტს, რაც მაყურებლისთვის უხილავია. ასეთი გამოსვლა არ არის უბრალო პრეზენტაცია. ეს გაცილებით უფრო საპასუხისმგებლო „აქტია“; ადამიანები, რომელთაც „თავისი“ გაგვიზიარეს, თავისი საქმის პროფესიონალები არიან, მაგრამ გამოსვლა პროფესიული საზოგადოების, მათ შორის კონკურენტების წინაშეც, რომელიც შემდგომში ვიდეოდ შეიფუთება და წინ დაგიხვდება ყველგან გინდა ეს თუ არ გინდა, უკვე სხვა რამეა.
ასეთი გამოსვლის მომზადებას უდიდესი ძალისხმევა სჭირდება და სწორედ ამ ძალისხმევას ვერ ხედავს მაყურებელი. 13 წუთი საუბრობ, მაგრამ ამ 13 წუთისთვის მომზადება მრავალი თვე შეიძლება გაგრძელდეს. მე ეს პროცესი ზუსტად ვიცი, რადგანაც თვითონ ერთ-ერთი პირველი ვარ ვინც TED-ის ქართულ ანალოგში ჩაერთო.
ეს არის Nx Speaking პროექტი (www.nx.ge) და სადაც უკვე 3 პრეზენტაცია მქონდა (მე-4 ეხლა მაქვს დაგეგმილი 28 დეკემბერს). ის რაც Spotlight-ის სცენაზე მოხდა ნამდვილად იყო მაღალი კლასი (უმეტეს შემთხვევებში), თუმცა მოგეხსენებათ, რომ სრულყოფას საზღვარი არ აქვს … ეს უნდა გვესმოდეს! ჩვენ ვითარდებით!
რას ვფიქრობ გამოსვლებზე?
ყველა გამოსვლა თავისებურად საინტერესო იყო ჩემთვის. ამიტომ, ღონისძიების ბოლოს შეფასების ფურცელს ერთი დიდი ნულიანი დავაწერე და ხელიც მოვაწერე ზედ. მე თითოეული გამოსვლა ყურადღებით მოვისმინე და ჩემს აზრს ქვემოთ გთავაზობთ:
1. ნინო ეგაძე – ყველაზე „ენერგია“ გამოსვლა. ნინოს ერგო პატივი გაეხსნა Spotlight და თავისი ძალიან პოზიტიური ენერგიით დადებითი სტიმული მიეცა მთელი ღონისძიებისათვის. გაჟღერებული გზავნილი სირბილის კამპანიის შესახებ კი ნამდვილად „საჩემო“ გამოდგა (ჩავერთვები);
2. თორნიკე გურული – ყველაზე „კბენია“ გამოსვლა. თორნიკემ თავის ჩვეულ სტილში გაშალა ფრაზა – „გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის“, რა პროცესშიც არც კონკურენტისთვის „კბილის გაკვრა“ დავიწყნია. შემოქმედებითი „სარეცხით“ და „ციტრუსოვანი“ ჩართულობით აშკარად დაიმსახურა აუდიტორიის განსაკუთრებული სიმპათია;
3. მარიკა დარჩია – ყველაზე „ქეისი“ გამოსვლა. არ ვიცი რატომ, მაგრამ თავიდანვე აზრი მქონდა რომ მის პრეზენტაციაში 50 წიგნის წარმატებული პროექტი მინიმუმ გაჟღერდებოდა, და ასეც მოხდა. ხელმოწერებისათვის წიგნის ჩამოტარება კი აუდიტორიის დამატებითი ჩართულობის დიდებული ნიმუში გამოდგა;
4. ლაშა გოგუა – ყველაზე „კულტურა“ გამოსვლა. ლაშამ ძალიან კარგად წამოსწია თემა, რომელსაც 90% არც კი აკვირდება – საკომუნიკაციო კამპანიის და კომპანიის ფასეულობების თანხვედრის თემა. ვინი ჯონსი კი ნამდვილად გამოდგა „თემა“.
5. ოთო ფერაძე – ყველაზე „Tech“ გამოსვლა. ოთომ ძალიან თვალსაჩინო გახადა ტექნოლოგიის როლი ჩვენს საქმიანობაში. მორიდებული დაწყება, და ტაშის გრიალში დასრულება … ეგ იყო!
6. ვატო ქავთარაძე – ყველაზე „რეპუტაცია“ გამოსვლა. ვატომ აშკარად მოახერხა დაენახებინა აუდიტორიისათვის რა არის რეალური რეპუტაცია და როგორი გრძნობაა, როცა უდიდეს საერთაშორისო სცენაზე მიღწეულ პროფესიულ წარმატებას კოდური სახელწოდებით „29.11.11“-ს ქართული გარემო მხოლოდ +16 Facebook Like-ით „გიფასებს“;
7. გიგა ხატიაშვილი – ყველაზე „სიტყვა“ გამოსვლა. იმდენად კარგად გაშალა გიგამ თავისი თემა, რომ მის ჩანიშვნებზე 2 გვერდი (ყველაზე მეტი) გავავსე. სამწუხაროა, რომ „დრო არ იყო იმდენი“, თორემ ნამდვილად საინტერესო თემა იყოს პირადად ჩემთვის;
8. გიორგი პოპიაშვილი – ყველაზე „სულიერი“ გამოსვლა. გიორგიმ მართლა ორიგინალურად გაავლო „ხაზი ორ წერტილს შორის“. მისმა ემოციურად დატვირთულმა გამოსვლამ აუდიტორია ნამდვილად აიტაცა მთავარი გზავნილით – „გახადეთ კომუნიკაცია სულიერი“; აუდიტორმაც ეს ძალისხმევა საუკეთესო გამომსვლელად აღიარებით დაუფასა;
9. ნინო ჯიბლაძე – ყველაზე „ჩვენ“ გამოსვლა. ყველაზე მოკლე (7 წუთი) პრეზენტაცია, სადაც თვალსაჩინოდ გაიშალა საწვავის მარკეტინგის სქემა და თავად კომპანია Gulf;
10. ლევან ბახია – ყველაზე „შეგონება“ გამოსვლა. ეს იყო ნამდვილი მოწოდება მიმართულებით-„გაიხედეთ საკუთარ ცხვირს მიღმა“ და სხვადასხვა დოზით ნამდვილად ეხება ყველას, უკლებლივ, როგორც შემსრულებელს, ასევე დამკვეთს.
11. მაკა ყუფარაძე-ყველაზე „life“ გამოსვლა. ადამიანი, რომელიც სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ჩამოვიდა ლონდონიდან და ძალიან კარგად გაშალა თემა-„შეიცვალე ან გარდაიცვალე“. ეს თემა დეტექტორია ჩემი აზრით და ვინც იგი არ/ვერ იგრძნო აუდიტორიაში, მარკეტინგს უნდა შეეშვას;
12. თეონა ბაღდავაძე-ყველაზე „დინამიკა“ გამოსვლა. ერთადერთი ადამიანი, რომელიც თავისი ძალიან ემოციური და საინტერესო პრეზენტაციის ფარგლებში რეალურად გასცდა „სტანდარტული“ ვიდეო/აუდიო/ემოციური/ჩართული პრეზენტაციის ფარგლებს და ცოცხალი პერსონაჟი აიყვანა სცენაზე, იოგას სპეციალისტი, რომელმაც თეონას პრეზეტაციის პარალელურად იოგას 25 „პოზა“ აჩვენა აუდიტორიას;
13. ლევან ლეფსვერიძე-ყველაზე „იმპროვიზაცია“ გამოსვლა. ადამიანი, რომელიც პირადად ვერ გავიცანი, თუმცა მისი საქმიანობა კარგად ვიცი. საკუთარი კომპანიის ფასეულობის სისტემისა და შესრულებული პროექტების წარმოდგენით (ცოტა გინებითაც) ნამდვილად წარმოაჩინა „მაღლა ფრენის ტექნოლოგია“;
14. სოსო გალუმაშვილი – ყველაზე „ლექცია“ გამოსვლა. რწყილი და ჭიანჭველას თემის „გავრცობით“ სოსომ ნამდვილად შეძლო იმის ჩვენება, რომ „ყველა საქმეს ცოდნა უნდა“ და „პური ჯობია მეპურემ გამოაცხოს“;
„ჩხუბი“ სუფრის შემდეგ: გაუმჯობესების არეალი
ეხლა ორიოდ სიტყვით მინუსებსაც შევეხები …
თავის დროზე (დაახლოებით 2 თვის წინ) Spotlight -ის გაჟღერება ჩემთვის სიურპრიზი იყო. იდეა უკვე ნაფიქრი იყო და ჩემი მოსაზრებების შეთავაზება უკვე გვიანი იყო, მაგრამ რომ მქონდა ფაქტია. ქვემოთ, პრინციპით – „სჯობს გვიან ვიდრე არასდროს“, მინდა რამოდენიმე ისეთ დეტალზე გავაკეთო აქცენტი, რაც ვფიქრობ რომ მნიშვნელოვანია. აქვე დავამატებ, რომ 1, 2 და 4-ე ჩემი იდეებია, მესამეს თაობაზე მოსაზრებები ხშირად მესმოდა Spotlight-ის სტუმრებისგან. მჯერა, რომ ამ ნიუანსების გათვალისწინება ქართულ მარკეტინგულ ღონისძიებას უკეთესს გახდის:
1. სახელი – Spotlight
ნეიმინგის ყველა სპეციალისტი დამეთანხმება რომ ეს სახელი მინიმუმ „პრობლემურია“ მაქსიმუმ „შეცდომა“; სიტყვა – spotlight აკრიფეთ Google-ში და უცებ მიხვდებით რასაც ვსაუბრობ. სახელი spotlight არ არის ქართული და ვერ გახდება ქართული, ისევე როგორც სამი მუშკეტერი და რექსი ვერ გახდებიან ქართული (თორნიკე გურულის ფრაზას მოვიშველიებ აქ). ეს „შეყოვნებითი მოქმედების ნაღმია“ და ხელს შეუშლის ქართული მარკეტინგული ღონისძიების მსოფლიო რუკაზე უნიკალურად პოზიცირებას. გარდა ამისა გლობალური მასშტაბით მეტად რთულია ონლაინ სიტყვა „spotlight”-ით ქართული მარკეტინგული ღონისძიების პოზიცირება (100 მილიონზე მეტია კონკურენცია) და SEO;
2. სტუმრების შერჩევის შესახებ
აქ ლევან ბახიას თემას გავავრცობ და ვიტყვი, რომ უკვე აქ რაღაც დოზით ჰქონდა ადგილი მაიოპიას. მარკეტინგული საზოგადოება არ იყო სრულად წარმოდგენილი. მე დამაკლდა მრავალი მოთამაშე, რომელიც ამ სფეროში მუშაობს, ქმნის და უკვეთავს. აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ ვინც საქმეში გამოგიცდია, ვინც უახლოეს წრეშია მათზე უნდა გააკეთო აქცენტი პირველ რიგში და ისინი ჩართო/მოიწვიო, მაგრამ დარგის განვითარების ინტერესიდან გამომდინარე უნდა გავცდეთ ამ რკალს და სხვა მსხვილი მოთამაშეებიც ჩავრთოთ რაიმე ფორმით, თორემ გამოვა ის, რაც არავის არ აწყობს და არავისთვის კარგს არ მოიტანს;
იგივე ეხება სპიკერებსაც. ღონისძიების ფორმატი ნამდვილად იყო მოქნილი, გაამართლა! თუმცა ვფიქრობ უფრო ღია წესი უნდა იყოს სპიკერების შერჩევისას. აჯობებს თავიდანვე იყოს ერთგვარი სამართლიანი პირობა ყველასათვის. არ ვიცი ამას „პრაიმერი“ ერქმევა თუ სხვა რამ, მაგრამ გარკვეული ღია სისტემაა აქ საჭირო;
3. გამოსვლების თემატიკა
რა თემები იყო წარმოდგენილი? საკუთარი კომპანიის წარმოდგენა, მიღწევების წარმოჩენა, საკუთარი პროექტების რეკლამირება, კონკურენტების წაკბენა, ტექნოლოგიები, დიზაინი, რეკლამა, ვიდეო, გრაფიკა, პროფესიული და ცხოვრებისეული გამოცდილება, იოგაც კი; რასაც მოველოდი ის დამხვდა! ცოტა იყო მოტივაცია, ინსპირაცია, შინაარსი და მეტი იყო სანახაობა. მე დამაკლდა უნიკალური შინაარსი, დამაკლდა სტრატეგია, დამაკლდა კვლევა, დამაკლდა განათლება და დამაკლდა მთავარი – თავისუფალი აზროვნება … უნიკალობა – აი რა უნდა ყოფილიყო ყველა გამოსვლის აუცილებელი შემადგენელი. ყველა სპიკერს უნდა საკუთარი ორიგინალური გზავნილი გქონდეს, რომლითაც მსოფლიოს უნდა „გადაწვდე“!
4. საერთაშორისო დაფასება
პირველი მარკეტინგული ღონისძიება მარტო ქართველების მონაწილეობით და ჩართულობით დასაფასებელია, თუმცა თუ გვინდა საერთაშორისო მარკეტინგულ რუკაზე დაფიქსირება, მინიმუმ საერთაშორისო პარტნიორების მოწვევა და მათი ჩართვაა საჭირო.
შეჯამება
ამ სტატიის პირველი ვერსია, როგორც კი დავასრულე, გაშალაშინების შემდეგ ერთ ადამიანს ვაჩვენე. თავისი განსხვავებული განათლების, ხედვის და დამოკიდებულების გამო მას ხშირად მოუცია სასარგებლო რჩევა. ის ჩემი მეუღლეა, ნათია დეისაძე. გთავაზობთ ჩვენს შორის შემდგარ დიალოგს, რომელიც პირდაპირ გადმოვიტანე:
მე: როგორ მოგეწონა?
ის: ძალიან მაგარია (თან სახეზე ეტყობა);
მე: გამომსვლელების დახასიათება როგორ მოგეწონა?
ის: ძალიან პოზიტიურადაა ყველა, ზედმეტად კარგად ხომ არ მოგივიდა?
მე: არა, მასე იყო. რას შეცვლიდი სტატიაში?
ის: ყველაფერი ძალიან მაგარია, მაგრამ ბოლოში აკლია; შეჯამებაში, რამე „ცოცხალი“ ჯობია
მე: როგორი „ცოცხალი“?
ის: ღონისძიებიდან რომ დაბრუნდი სახეზე რომ გქონდა აღბეჭდილი …
მე: რას გულისხმობ?
ის: პოზიტიური განწყობა, მოტივაცია, კმაყოფილება; აი ეს ჯობია ასახო შეჯამებაში
მე: ოკ, გასაგებია
the end.
ავტორი: ტარიელ ზივზივაძე